მამა დავითი (ქვლივიძე): ანათემირებული პირი თუ შეუნანებლად გარდაიცვლება, აღმოჩნდება საუკუნო სატანჯველში, სადაც მატლი არ ქრება და ცეცხლი არ ნელდება!

 

თვით ნერონის ეპოქაშიც არ ყოფილა დღევანდელის მსგავსი ღვთისმბრძოლობა. უკვე ტელევიზიების ეთრიდან იღვრება ეკლესიის მიმართ მძაფრი აგრესია. ბოლოსდაბოლოს, ყველაზე ღვარძლიანი ტელეწამყვანის მისამართით სათანადო გაფრთხილება გაისმა – თუ გიორგი გაბუნია კვლავ გააგრძელებს ღვთის მგმობი განცხადებებით გამოსვლას, ის ანათემას გადაეცემა, – აღნიშნა პატრიარქის მდივანმა, მღვდელმა მიქაელ ბოტკოველმა. რას გულისხმობს ანათემა, როდის გამოიყენება ეს რადიკალური მეთოდი? სიცოცხლის განმავლობაში რა ხვედრი ელის ანათემირებულ პიროვნებას? როგორ დაისჯება სული, მკრეხელობის ცოდვის მოუნანიებლად ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში? გვესაუბრება ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, 
დეკანოზი დავით ქვლივიძე:

– ანათემა არ ნიშნავს წყევლას. ის ბერძნული სიტყვაა და ქართულად – მოკვეთას, გამოყოფას ნიშნავს. შეიძლება ბევრმა გაიკვირვოს, მაგრამ ანათემა მხოლოდ სასჯელი არ გახლავთ, არამედ, ეს არის ანათემირებული პირის მიმართ ეკლესიის მხრიდან სიყვარულის გამოხატულება, მისი გადარჩენის მიზნით უკანასკნელი შეგონება. მინდა წარმოიდგინოთ ადამიანი, რომელსაც კიდურზე აქვს განგრენა. ვერაგი სენი ელვის უსწრაფესად ვითარდება და მთელ ორგანიზმს დაღუპვას უქადის. ექიმი თავიდან ცდილობს, დაავადებულ კიდურს მალამოთი უმკურნალოს, მაგრამ როდესაც ზედაპირულ მკურნალობას შედეგი აღარ მოაქვს, იძულებული ხდება, აიღოს დანა და დაავადებული კიდური სხეულიდან მოკვეთოს, რათა სხეული გადარჩეს. სხვა შემთხვევაში, ადამიანმა მეორე ადამიანს ფეხი რომ მოაჭრას, გაასამართლებენ და დიდი ხნით ჩაამწყვდევენ ციხეში, მაგრამ ქირურგს – განგრენიანი ფეხის მოკვეთის გამო მადლობას ეუბნებიან და გასამრჯელოსაც უხდიან!

– მაგრამ, ანათემის დროს, განგრენისგან განსხვავებით, კიდური კი არა, მთლიანად ადამიანი იკვეთება. რამდენად ზუსტია თქვენი შედარება?

– ანათემა იმისთვის არის აუცილებელი, სულიერი განგრენა მთელ სხეულზე რომ არ გავრცელდეს. ადამიანთა კრებული, ეკლესია – ქრისტეს სხეულია. ქრისტე – თავია ეკლესიისა. ანუ, ჩვენ, თითოეული ადამიანი – ამ სხეულის ნაწილები ვართ. როდესაც რომელიმე ადამიანს ეშმაკი უსახლდება და შემოქმედის წინააღმდეგ განაწყობს, ეკლესია ცდილობს, მას შეაგონოს, დაუყვავოს, განუმარტოს, რათა საზოგადოებაში სულიერად გამოჯანმრთელებული დააბრუნოს. როგორც ადამიანს საკუთარი ფეხი არ ემეტება მოსაჭრელად და ბოლომდე იბრძვის მის გადასარჩენად, ზუსტად ამგვარად – ეკლესიაც უკიდურეს მომენტამდე ცდილობს განდგომილი წევრის გონზე მოყვანას და საზოგადოებაში, ეკლესიაში მის შენარჩუნებას. მაგრამ, თუ ეკლესია რწმუნდება, რომ მკრეხელის ღმერთისკენ შემობრუნება შეუძლებელია, რომ პირიქით, მკრეხელმა შეიძლება ეკლესიის სხვა წევრები – უამრავი სხვა ადამიანი აცდუნოს და ღვთისმბრძოლად ისინიც აქციოს, იღებს რადიკალურ ზომას მკრეხელის მოსაკვეთად, რათა დანარჩენი საზოგადოება გააფრთხილოს, დააფიქროს და ჯოჯოხეთისგან გადაარჩინოს. ანათემა – ეს არის ეკლესიის მიღმა, ქრისტეს გარეშე დარჩენა. იესო ქრისტე ხომ ღვთის სიტყვაა, რომლის ძალითაც ღმერთმა სამყარო გააჩინა. აი, სწორედ ამ სამყაროს შემქმნელის გარეშე რჩება ადამიანი, რომელიც ანათემას გადაეცემა. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანი სამყაროს შემქმნელს ეომება, რაც აუცილებლად კატასტროფით დამთავრდება, სწორედ იმგვარად, როგორც დაამთავრეს ნერონმა, იულიანე განდგომილმა, ტრაიანემ, ვლადიმერ ლენინმა და სხვა მრავალმა. ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვთისმბრძოლი შაჰ-აბასი სიკვდილამდე ჭკუიდან შეიშალა. ყველა აღიარებდა, რომ ეს სასჯელი მას ქეთევან დედოფლის წამების პასუხად დაატეხა განგებამ. არც ერთ ღვთისმბრძოლს, მთუფფრო – ანათემაზე გადაცემულს – არასოდეს ექნება მშვიდი სულიერი ცხოვრება.

– რა მოხდება, თუ საზოგადოება წაუყრუებს ერეტიკოსთა აღვირახსნილობას?

– როდესაც ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ლევ ტროცკი მოვიდა ძალაუფლებაში, პირველი, რაც გააკეთა, გახლდათ ვორონეჟში იუდა ისკარიოტელის ძეგლის აღმართვა! ახლა ირკვევა, რომ რევოლუციით შობილი სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ღმერთთან შებრძოლება გახლდათ. ეს იყო პირდაპირ, ღმერთის წინააღმდეგ ამბოხი – ანგრევდნენ ეკლესიებს, ხოცავდნენ მღვდელმსახურებს – დახვრიტეს 50 ათასი მღვდელი, 500 ეპისკოპოსი, 2 მილიონი ადამიანი რელიგიურ ნიადაგზე გამოასალმეს სიცოცხლეს. ნახეთ, რით დამთავრდა ამ მკრეხელების ცხოვრება? სულ რაღაც ოციოდე წელიწადში თავად გახდნენ რეპრესიების მსხვერლნი – ერთმანეთს იჭერდნენ და ხვრეტდნენ! რადგან ამ უგუნურებას ხალხის ნაწილი აყვა, რუსეთის იმპერიას დიდი განსაცდელები დაატყდა – 10 მილიონი ადამიანი სამოქალაქო ომში, 25 მილიონი კი – მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა. 5 წლის განმავლობაში – ზარბაზნების გრიალი, ტანკების გრუხუნი, ბლოკადა, შიმშილი, ციდან ჩამოცვენილი მომაკვდინებელი ბომბები – აი, ღმერთთან ომის შედეგი! ქვეყანა ისჯება, თუ მკრეხელებს საზოგადოება ადგილს არ მიუჩენს. ერთეულ ღვთისმგმობებს თუ დროზე არ გაეცათ პასუხი, მათ გამო შეიძლება მთელი ქვეყანა დაისაჯოს! ეს არის სულიერი ბაცილა, რომელიც ან უნდა განიკურნოს, ან მოიკვეთოს.

– მაგრამ, თქვენ მითხარით, რომ ანათემა – ანათემირებულის მიმართ – სიყვარულის გამოხატულებააო. თუ ადამიანს საზოგადოება თავის რიგებიდან მოიკვეთავს, რანაირად ჩავთვალოთ მის მიმართ სიყვარულის გამოვლენად?

– ზუსტად ასეა. ანათემაზე გადაცემა არის ეკლესიის უკანასკნელი მცდელობა მკრეხელის სულის გადასარჩენად, დაფიქრების, მონანიებისთვის შანსის მიცემა. ვიცით, პავლე მოციქული როგორი მტერი იყო ეკლესიისა, მაგრამ შეინანა და ქრისტეს ერთგულად იქცა. ეკლესია ყველას აძლევს უკან მობრუნების შანსს, ოღონდ, ჯერ ამხელს, რათა ერეტიკოსისთვის კატასტროფით არ დასრულდეს მოვლენები. ანათემის არსი – ეს არის მცდელობა, მკრეხელი სული წარწყმედისგან გადაარჩინოს და სინანულისკენ უბიძგოს, რაც თავისთავად, მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება განაპირობოს. ეკლესიის ისტორიამ უამრავი შემთხვევა შემოინახა, როცა ანათემირებული პირი, რომელიც ეკლესიის მტრად იყო ჩამოყალიბებული, ეკლესიის წიაღში სინანულით დაბრუნდა და შემდეგ, წმინდანადაც კი შეირაცხა. მაგალითად – გერასიმე იორდანელი და ნეტარი ავგუსტინე. ეკლესია ყოველმხრივ ზრუნავს, რათა გადაარჩინოს ერეტიკოსი და მკრეხელი, მაგრამ იმავდროულად ზრუნავს საზოგადოებაზე, რომლის ღვთისგმობის უმძიმეს ცოდვაში ჩათრევას ერეტიკოსი ესწრაფვის.

– რაღაც, არ მგონია, იგივე გიორგი გაბუნიამ თუნდაც ანათემაზე გადაცემის შემდეგ შეინანოს. არც მხარდამჭერები მოაკლდება. განა მეტი ღვარძლით არ შემოუტევს ეკლესიას?

– თუ არ შეინანებს და, მისი ხვედრი იგივე იქნება, როგორიც მოკვეთილი განგრენიანი ფეხისა, რომელიც პატრონზე ადრე გადაიქცევა მიწად. თანაც, ჯერ ხომ არ გადაუციათ გაბუნია ანათემაზე? ჯერ მხოლოდ აფრთხილებენ ამის შესახებ. ის, რომ მას არ წამს, სულაც არ ნიშნავს, რომ საფრთხეს გადაურჩება. შეიძლება ადამიანს არც რადიაციის არსებობა სჯეროდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, რადიაცია მას მაინც გაანადგურებს. გაბუნია და სხვა ღვთისმგმობები როგორღაც უნდა მიხვდნენ, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიდიან, სამყაროს შემოქმედის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანები მიდიან შემოქმედის მტერთან – ეშმაკთან. გარდაცვალების შემდეგ მათ საუკუნო სასჯელი ელით და შეიძლება, სიცოცხლეშივე თავს ღვთის დიდი რისხვა დაატყდეთ, ღმერთმა ისინი სხვა ადამიანებისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯოს. თუმცა, ქრისტეს არავისი დასჯა არ სურს, პირიქით, სინანულისკენ უბიძგებს ყველა ცოდვილს, ამიტომაც, მკრეხელებს ამდენს უთმენს ეკლესია, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. თუ ანათემირებული პირი შეუნანებლად გარდაიცვლება, ის წავა საუკუნო სატანჯველში, სადაც მატლი არ ქრება და ცეცხლი არ ნელდება. ამ ქვეყანაზე კი, მისთვის არავის არც პანაშვიდის გადახდის, არც საკურთხის გაკეთების, არც ლოცვის ან სანთელის ანთების უფლება არ ექნება, რადგან ასეთი პირი ქრისტეს სხეულისთვის, ეკლესიისთვის – სრულიად უცხო იქნება.

– თანამედროვე მკრეხელები იმედოვნებენ, რომ ეკლესიასთან ომს მოიგებენ.

– ეკლესიასთან ბრძოლა დასაწყისშივე დამარცხებისთვის არის განწირული. ეკლესია არის “ლოდი თავკიდური,” ანუ კუთხის ლოდი. ქრისტე ღაღადებს, რომ ვინც ამ ლოდს დაეცემა – დაილეწება, ხოლო ვისაც ეს ლოდი დაეცემა გასრესს. მორწმუნე საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ეკლესიის მტერი ადრე თუ გვიან აუცილებლად სასტიკად დამარცხდება, ან სინანულით დაუბრუნდება ეკლესიას. ცნობილმა რუსმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ, რომელიც მუდმივად შეურაცხყოფდა ქრისტეს და მართლმადიდებლურ სიწმინდეებს, ანდერძად დაიბარა, ჩემი სულის ცხონებისთვის ლოცვა და ჩემს საფლავზე ჯვრის აღმართვა არავინ გაბედოსო. მართლაც, ტყეში დამარხეს და მისი სამარეც კი შემზარავად გამოიყურება. ან, თუნდაც, როგორი ხვედრი ერგო ვლადიმერ ულიანოვს? 95 წლის წინ გარდაიცვალა და მიწა დღემდე არ ეღირსა!

– თანამედროვე ღვთისმბრძოლები ამ ინტერვიუს უთუოდ წაიკითხავენ. რისკენ მოუწოდებთ მათ?

– ყველა დროის უდიდესმა განდგომილმა, რომის ძლევამოსილმა იმპერატორმა იულიანემ სიკვდილის წინ შესძახა – შენ მე მაჯობე, გალილეველო! თანამედროვე განდგომილებს მინდა მივანიშნო, რომ იულიანეზე მეტნი არაფრით არიან. დაე, გააცნობიერონ, რომ ამ სამყაროში მათ ჭანჭიკის ფასიც არ გააჩნიათ, არადა, სამყაროს შემქმნელს ეომებიან… შეინანეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტესთან ომი არა მხოლოდ თქვენთვის, შესაძლოა, მთელი ქართველი ერისთვის კატასტროფით დასრულდეს! ამ ომის გამო ბოდიში მოუხადეთ მაცხოვარს, რომელიც ყველას ყველაფერს პატიობს და ვინძლო, თქვენც გაპატიოთ, ფიზიკურ და სულიერ დაღუპვას გადაგარჩინოთ და გულშიც ჩაგიკრათ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები