მამა დავითი (ქვლივიძე): იოანე ნათლისმცემლის მკვლელობის ყველა დამკვეთი საზარელი სიკვდილით დაიღუპა!

11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ვინ იყო იოანე ნათლისმცემელი, რისთვის აითვალწუნეს და სიცოცხლე რატომ მოუსწრაფეს,  რას გვასწავლის უფალი მისი მაგალითზე? რა შემთხვევაში დაისჯება  სამაგალითოდ უზნეო ხელისუფალი და რა არ ეპატიება ხალხს, უზნეო ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში? გვესაუბრება ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ქვლივიძე):

– იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს მომნათლავი გახლდათ, რომელმაც მაცხოვარი იორდანეს წყალში მონათლა. იესო ქრისტე მასზე ამბობდა – იოანე ნათლისმცემლის მსგავსი ჯერ არავინ დაბადებულა მიწაზე, ის გახლავთ კაცთა შორის უდიდესიო. იოანე ნათლისმცემელზე წერენ, რომ ის არის “ანგელოზი – მიწისა და კაცი – ზეცისა,” ამიტომაც, მას ფრესკებზე და ხატებზე ხშირად, როგორც ზეციურ ანგელოზს – ფრთებით გამოსახავენ.

იოანე ნათლისმცემლის ბიოგრაფია თუ არის ცნობილი?

– მისი მამა, ზაქარია – მღვდელმსახური ბრძანდებოდა. იოანე ადრე დაობლდა და მთელი ბავშვობა უდაბნოში, თანამედროვე ბერ-მონაზონთა მსგავს საზოგადოებაში – ესეველთა შორის გაატარა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბალახეულს (მკალს) და ველურ თაფლს ჭამდა, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების განმავლობაში მარხულობდა. იოანე მთელს მაშინდელ მსოფლიოს მესიასთან – ქრისტესთან შესახვედრად ამზადებდა. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ზოგს თავად იოანე მიაჩნდა ქრისტედ, მაგრამ ის ამბობდა: ჩემს შემდეგ მოდის ის, ვისი ხამლის (ქალამნის) თასმის გახსნის ღირსიც არ ვარ მეო. ყველგან ხმამაღლა მოუწოდებდა ხალხს, შეენანებინათ ცოდვები, რამეთუ მოახლოვებული იყო ცათა სასუფეველი.

– ამის გამო  აითვალწუნეს?

–  არა. მას თავად ჰეროდე – რომაელი კოლონიზატორების მიერ გამწესებული  პალესტინის მმართველი დაუპირისპირდა. ფართო საზოგადოებამ ნაკლებად იცის ეს ისტორია: ჰეროდე  ერთხელ, რომაელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილეს და რომში დაიბარეს. ეს სასიკვდილო განაჩენს უდრიდა, რადგან ასეთი ბრალდების მქონენი უკან ცოცხლები ვერ ბრუნდებოდნენ. უფრო მეტიც – რომაელები დაუნდობლად სჯიდნენ ყველას, ვინც შეთქმულებაში ბრალდებულს თანადგომას გაუწევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრალდებულს მაშინდელი საზოგადოება თავისი რიგებიდან რიყავდა! იმ პერიოდში, ჰეროდეს ძმა, ფილიპე – რომაულ ელიტაში დაწინაურებული პირი გახლდათ. ფილიპე არც გავლენის დაკარგვას და არც სასჯელს არ შეუშინდა, რომში ჩასული ძმა სახლში ისტუმრა და დიდი პატივით უმასპინძლა. არც სამსაჯავროზე მიუტოვებია. მოხდა სასწაული – ჰეროდემ, იმის მიუხედავად, რომ დანაშაული მართლაც ჰქონდა ჩადენილი, თავის გამართლება მოახერხა, მაგრამ ძმას სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ მის ცოლს გაუარშიყდა, ფაქტობრივად, ძმას ცოლ-შვილი წაჰგვარა და საყვარელთან და გერთან ერთად პალესტინაში წამოვიდა. პალესტინის ძლევამოსილ მმართველს  დაუნდობლად ამხელდა იოანე ნათლისმცემელი – ძმის მიმართ ღალატს და ურჯულოებას მუდმივად ახსენებდა და პალესტინის ხალხის წინაშე, ყველგან – გზებსა თუ ქალაქების მოედნებზე არცხვენდა. იოანეს მიაჩნდა, რომ თუ მეფე გარყვნილია, მისი უზნეობა ჯერ სამეფო კარს გადაედება, იქიდან კი, მთელს სამეფოში გავრცელდება, რასაც ღვთის გარდაუვალი სასჯელი მოყვება…  ამიტომ, ჰეროდეს სინანულისკენ მოუწოდებდა და ისიც, ხალხის შიშით ვერაფერს უბედავდა, ვინაიდან ხალხი იოანეს პატივს სცემდა. მხილების გამო მრისხანებდა ჰეროდეს საყვარელიც – ჰეროდია. ბოლოს, ჰეროდემ იოანე დილეგში ჩააგდო, მაგრამ ჰეროდია მაინც არ ისვენებდა, შანსს ეძებდა, რათა იოანე ფიზიკურად მოეცილებინა თავიდან.

– ეს მან კიდეც მოახერხა…

– ერთხელ ჰეროდე თავის დღეობას ზეიმობდა. რომის და პალესტინის ელიტა მის სასახლეში ილხენდა. ჰეროდეს წინაშე გამომწვევად იცეკვა სალომეამ და  შეზარხოშებულმა, ვნებას აყოლილმა მმართველმა გერს დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვა მისცა, რომ ნებისმიერ ერთ სურვილს აუსრულებდა. გოგონა დედას მოეთათბირა და მისი რჩევით, მამინაცვალს იოანე ნათლისმცემლის თავი მოთხოვა. ჰეროდე შეცბუნდა, მაგრამ სიტყვას ვეღარ გადავიდა და იოანეს თავისკვეთის ბრძანება გასცა.

საეკლესიო გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ლანგარზე დადებულმა მოჭრილმა თავმა მოულოდნელად, დაილაპარაკა და ჰეროდე მაინც ამხილა გარყვნილებაში, რის გამოც, წონასწორობადაკარგულმა ჰეროდეამ თავს ენა ნემსით დაუჩხვლიტა.

როგორ წარიმართა  ჰეროდეს და მისი ოჯახის ბედი?

– იოანეს თავისკვეთიდან მალევე ჰეროდეს ბედმა უმუხთლა. პირველად თუ მართლა მიუძღოდა წვლილი შეთქმულებაში, მეორედ უკვე ცილი დასწამეს. ბრალდება ამჯერად ვეღარ აირიდა და ოჯახთან ერთად გალიის (ახლანდელი საფრანგეთის) ჩრდილოეთში გადაასახლეს. იქ მრუში წყვილი სიღატაკეში ცხოვრობდა. ამასობაში, სალომეას ეწვია საზარელი სიკვდილი: გაზაფხულის პირზე გაყინულ მდინარეზე გადადიოდა, როცა ყინული ფეხქვეშ ჩაუტყდა. ამაოდ ასხმარტალებდა ფეხებს, დასაყრდენის ძებნაში. მდინარე ყინულის ზორბა ნამსხვრევებს მოაცურებდა. ერთმა  ბასრმა ნამსხვრევმა მას თავი წააცალა! საგალობელში ეკლესია იოანე ნათლისმცემელს ასე მიმართავს: როდესაც შენ თავს გჭრიდნენ, მაშინ სალომეა ფეხებს იქნევდა და როკავდა… ის მაშინაც ფეხებს იქნევდა, როცა თავად მოეკვეთა თავიო…  არანაკლები საზარელი სიკვდილით დაიღუპნენ ჰეროდე და მისი ხასა ჰეროდია: მიწისძვრის დროს მეწყერი გაჩნდა. მიწამ პირი დააღო და მრუში წყვილი ცოცხლად დაიმარხა მის წიაღში.

 – ჩვენს დროში ნუთუ ქვეყნებს ჰეროდეზე ნაკლებად გარყვნილი მმართველები მართავენ?

– ბოლო ჟამის მთავარი ნიშანი ღმერთისგან განდგომა და გარყვნილების მოძალებაა. ვიდრე დიდი გარყვნილება არ დაისადგურებს, მანამდე ანტიქრისტე ვერ მოვა. თითოეული ზნეობრივი ადამიანი ანტიქრისტეს მოსვლის შემაკავებელია, თუმცა, უზნეობის თანამედროვე მსახურები ყველაფერს ღონობენ მტარვალის გამეფების დასაჩქარებლად. გარყვნილება გაცილებით სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც პირველი პირია უზნეო. მისასლმებელია, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში, რუსეთში და ამერიკის ზოგიერთ შტატში ისეთ გარყვნილებას, როგორიც მამათმავლობაა – თავად ხალხი ეწინააღმდეგება.  ისტორიაში უამრავი მაგალითია შემორჩენილი, როცა უზნეო და ღვთისმბრძოლ ხელისუფალს ტრაგიკულად დაუსრულებია ცხოვრება. აი, მაგალითად, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ “წითელი ტერორი” დამყარდა. 1917-1937 წლებში დაანგრიეს ეკლესიები, 500 ეპისკოპოსი დახვრიტეს! 50 ათასამდე მღვდელმსახური და ბერ-მონაზონი, მთლიანად კი, 2 მილიონამდე ადამიანი სარწმუნოების გამო დახოცეს. რევოლუციის ბელადი, ლენინი სიკვდილამდე ჯერ სამარცხვინო სენმა,  სიფილისმა – ერთიანად დაალპო და ჭკუიდან შეშალა.

რევოლუციის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელი ტროცკი, რომელმაც ვორონეჟში იუდა ისკარიოტელს ძეგლი დაუდგა – თავში წერაქვის ჩარტყმით გამოასალმეს სიცოცხლეს.

ღვთისმბრძოლთა კავშირების შემქმნელებიც, განგებამ სასტიკად დასაჯა – ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, ერთმანეთი აბეზღეს და რევოლუციური “ტროიკების” განაჩენებით სიკვდილით დასაჯეს.  მერე ფაშიზმთან ომის დროს, ცეცხლი და ყუმბარები აწვიმდათ თავს, თუმცა, მათი ცოდვების გამო უბრალო ადამიანებიც დაისაჯნენ, ვინც ბელადებს გუნდრუკს უკმევდა და ემონებოდა, ვინც ღმერთი საბჭოთა კერპებით ჩაანაცვლა. თითქმის ყველა სოფელშია სხვადასხვა მაგალითი, როგორი საზარელი აღსასრულით დასაჯა ღმერთმა ეკლესიის მნგრეველები და ღვთის მგმობელები. ზოგიერთი ჯილაგიანად ამოწყდა.

–  უზნეობის თანამედროვე პროპაგანდისტებს რა ბედი ელით?

– ყველას უკლებლივ მიეზღვება უფლისგან! თუ უზნეო არასმთავრობოების წევრებმა და საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა გარყვნილმა ჩინოსნებმა არ შეინანეს, არა მარტო მათ, არამედ ქართველ ხალხსაც მოეთხოვება პასუხი იმის გამო, რომ უზნეობას წინ არ აღუდგა, რომ უზნეო ხელისუფლება აირჩია, მამათმავლობას და სხვა გარყვნილებებს  გაპარპაშების საშუალება მისცა! უზნეობის მიმართ წაყრუების გამო მარტო ცალკეული გარყვნილები კი არა, მთელი ერი ზღავს! ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, უარს ეტყვის თუ არა ამომრჩეველი 2020 წლის დამდეგ არჩევნებში უზნეო და გარყვნილ კანდიდატებს!

– მსმენია, რომ იოანე ნათლისმცემელი საქართველოში ყოველ წელს ახდენს სასწაულს…

– მართლაც ასეა. ვარძიის მახლობლად, ერთ გამოქვაბულში იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული მონასტერი მდებარეობს, რომელსაც თავკვეთულას უწოდებენ. იქ რომ მიხვიდეთ, მტკვარი უნდა გადალახოთ. ხილული სასწაული ყოველი წლის 11 სექტემბერს ხდება, როცა მრევლი თავკვეთულას მონასტერში მოსალოცად მიემართება: მტკვრის დონე მოულოდნელად, ისე იკლებს, რომ ბავშვიც კი მარტივად გადის გაღმა.

ფონი ზუსტად იმდენ ხანს რჩება, რაც წირვის ჩატარებას სჭირდება. წირვის დამთავრებისთანავე უკან თუ არ გამობრუნდებით, მალე მტკვრის დონე იმატებს და გადმოლახვა შეუძლებელი გახდება. აი, ასე მიგვანიშნებს იოანე ნათლისმცმელი უფლისკენ მიმავალ გზას და გვმოძღვრავს, რომ ვინც ამ გზას შეუდგება, მის წინაშე ყველა წინააღმდეგობა დაიძლევა, გიჟმაჟი მდინარეც კი დაცხრება, რათა უფალთან მისასვლელად ფონი მისცეს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

კომენტარები