მამა დავითი (ქვლივიძე): სიმხდალიდან ქრისტეს უარყოფამდე ერთი ნაბიჯია!

როგორ განმარტავენ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სიმხდალეს და რატომ მიიჩნევა ეს ცოდვა სხვა, ერთი შეხედვით, ბევრად უფრო მძიმე და მომაკვდინებელ ცოდვებზე უპირატესად? როგორ უნდა დაძლიოს შიშის შეგრძნება მართლმადიდებელმა და სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ადამიანმა, რა განსაცდელები და რამდენი სახის სიკვდილი ელით მხდალებს? ვესაუბრებით ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ქვლივიძეს:
 წმიდა წერილში, სადაც სამყაროს აღსასრულზე, ახალი ცის და ახალი მიწის დაბადებაზეა წინასწარმეტყველება, მოციქული იოანე ღაღადებს: “მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი!” (იოანეს გამოცხადება, 21.8)
ნათქვამიდან გამომდინარე, ცეცხლით და გოგირდით მოგიზგიზე ტბაში ურწმუნოებზე, ბილწებზე, მკვლელებზე, მეძავებზე, გრძნეულებზე, კერპთაყვანისმცემლებზე და ცრუებზე უწინ სწორედ მხდალები დაინთქმებიან…

მამა დავითი:

– აპოკალიფსი რთულად აღსაქმელია და განმარტებების გარეშე მისი განხილვა არ შეიძლება, თუმცა, სახარებისეულ სხვა ეპიზოდებშიც ვაწყდებით შეგონებას, რომ სიმხდალე ღვთისათვის მიუღებელია, რადგან მხდალი და მშიშარა ადამიანი პოტენციურად, ნებისმიერ მომენტში შეიძლება აღმოჩნდეს ღმერთის, სამშობლოს და ზნეობის უარმყოფელი. შიშის გამო ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერი მომაკვდინებელი ცოდვა!
– ნუთუ, არ შეიძლება მართლმორწმუნე ადამიანი ბუნებით ან ცხოვრების მიერ დასმული დამღის შედეგად იყოს მშიშარა?
– რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად მამაცი არ არის და სიმხდალეც ფარდობითია. შეიძლება ადამიანი კიდეც იყოს ბუნებით მშიშარა, მაგრამ თავის ნაკლს ჭვრეტდეს და ღმერთს მუდმივად ევედრებოდეს შიშის დაძლევას, შემართების და სასოების მოსაპოვებლად იღწვოდეს. ასეთებს ღმერთი ყოველთვის მოუვლენს წყალობას და შემწეობას! ღმერთს ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. ისიც ძალუძს, ერთ დროს მშიშარა ადამიანი სარწმუნოებისთვის და სამშობლოსთვის თავგანწირულ ქრისტეს მხედრად გარდაქმნას! მაგრამ როცა მშიშარა ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ ძალებს არის მინდობილი და ღმერთისგან შორს არის, მას დიდი განსაცდელები ელის.. ძველი აღთქმის თანახმად, ებრაელებს გარკვეული სახის ცხოველთა, მაგალითად, ღორის, აქლემის და კურდღლის ხორცის ჭამა ეკრძალებოდათ. ეკლესის წმინდა მამების განმარტებათა მიხედვით, კონკრეტულად კურდღლის ხორცის ჭამა იმიტომ იყო აკრძალული, ადამიანში ამ ცხოველის დამახასიათებელი მხდალი ბუნება არ გადმოსულიყო. სარწმუნოებაში თავდადება ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიიჩნევა, რაც არამხდალთა, რწმენაში ძლიერთა ნიჭია!
– სიმამაცე პიროვნული ღირსებაა თუ ღვთისგან განსაზღვრული ნიჭი?
– ვინც შემართებას და ღვთისადმი ერთგულებას საკუთარ დამსახურებად ჩათვლის, მაშინვე დაეცემა! ჯვარცმის წინ უფალი მოწაფეებს ეუბნება – დიდი განსაცდელი მოდის თქვენზე და ვლოცულობ, რომ გაუძლოთო.. პეტრე მოციქული ძალიან ფიცხი და თავდაჯერებული იყო. მაცხოვარმა სწორედ ამიტომ უწოდა მას კეფა, ანუ კლდე, მაგრამ ისიც კი დაეცა, რადგან ქრისტეს განუცხადა – ყველამ რომ მიგატოვოს, მე მაინც გიერთგულებო. პეტრემ გამოამჟღავნა, რომ სიმამაცეს საკუთარ თავს მიაწერდა. ასეთი შეგრძნება მას მერე განუმტკიცდა, რაც წყალზე გაიარა, რაც მღვდელმთავრის მონას, მალქოზს, რომელიც ქრისტეს შესაპყრობად მოვიდა – მახვილით ყური მოკვეთა! საკუთარი ძლიერება დაიჯერა, მაგრამ ქრისტემ უწინასწარმეტყველა, სწორედ შენ, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო! ადამიანებს თუ რაიმე ღირსება, შემართება ან თავდადება გააჩნიათ, მხოლოდ ღმერთისგან აქვთ და არ უნდა გაყოყოჩნდნენ, ხიბლში არ ჩავარდნენ, თორემ აუცილებლად შესაბამისად მიეგებათ! წმიდა იოანე დამასკელი წერს, რომ პეტრემ ქრისტე იარაღიანი ჯარისკაცების კი არა, ქალების წინაშე უარყო, რომლებმაც ამოიცნეს და მისძახოდნენ – შენც ქრისტესთან ერთად იყავიო. დიახ, უფალს მინდობილმა პეტრემ წყალზე გაიარა, საკუთარ თავში დარწმუნებულს კი, ქალებისაც შეეშინდა! საკუთარ ძლიერებაში ყოველ თვითდარწმუნებულს იგივე ელის, ხოლო მშიშარას, რომელიც ღმერთს ამ ნაკლის დაძლევას ევედრება, უფალი გააძლიერებს! ასეთები იყვნენ წმიდა ქალწულები: ბარბარე, რომელმაც აუტანელ ტანჯვას გაუძლო; მარინე – რომელიც ჩანგლებით დაგლიჯეს! მსგავსი მაგალითები საქართველოს ისტორიაშიც მრავლად მოიპოვება, თუნდაც წამებული ქეთევან დედოფლის სახით.. ხორციელი ადამიანი შიშის გარეშე არ არსებობს, მაგრამ როცა ადამიანს შიში ეუფლება, ღმერთს უნდა ევედროს, რათა შიში განუქარვოს და შემართება მისცეს! საინტერესო მომენტია მარკოზის სახარებაში – იესო ქრისტე ჯვარცმის წინ შიშის გამო ყველამ მიატოვა! ამ ეპიზოდის აღწერას სხვა მახარებლები მოერიდნენ, მხოლოდ მარკოზი საკუთარ თავზე წერს, რომ როდესაც ქრისტეს შესაპყრობად მოვიდნენ, ერთი მომხდური წაეტანა, მან კი მოძალადეს ტანსაცმელი შეატოვა და გაიქცა! კაცებს შეეშინდათ, მაგრამ მაცხოვართან ბოლომდე შემართებით დარჩნენ მენელსაცხებლე დედები! ჯვარცმის მომენტშიც ისინი იდგნენ – ღვთისმშობელი მარიამი, მარიამ კლეოპა, მარიამ მაგდალინელი, იოანა, სალომეა, სუსანა, ლაზარეს დები – მართა და მარიამი.. ქრისტეს გარემომცველი მამაკაცებიდან კი, მხოლოდ იოანე მოციქული დარჩა! ჯვარცის მომდევნო დღეს, სიკვდილით დასჯის პერსპექტივის მიუხედავად, ისევ და ისევ ქალები წავიდნენ, რათა მიცვალებულისთვის პატივი მიეგოთ! კაცებს ისევ შეეშინდათ!
– როგორ წარიმართა ამ უშიშარი მორწმუნეების ბედი?
– ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი! ყველა იმ ადამიანმა, ვინც მაშინ სიცოცხლის რისკით დაძლია შიში, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა, ხოლო ისინი, რომლებიც მაშინ შეშინდნენ – მოწამეობრივი ხვედრი ერგოთ – თითოეული საზარელი ტანჯვით გარდაიცვალა, სისხლით და წამებით მოუწიათ ქრისტეს ერთგულების დამტკიცება! პეტრე მოციქული სიკვდილამდე განიცდიდა მაშინდელ სულმოკლეობას და მტანჯველებს ევდრებოდა, ჯვარზე თავდაყირა გაეკრათ, რადგან თავს მაცხოვარის მსგავსი სიკვდილის ღირსად არ თვლიდა. ის მართლაც თავდაყირა გააკრეს ჯვარზე და ამგვარად აღესრულა. მართლმორწმუნე ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ქრისტეს გამო სიკვდილის, რადგან სიმხდალიდან ქრისტეს უარყოფამდე ერთი ნაბიჯია!
– თანამედროვე საერო ცხოვრებიდან თუ გვაქვს მსგავსი მაგალითები?
– ახლახან ქართველმა ერმა სასტიკი რეჟიმი გადაიტანა, როცა ადამიანებს წამების თუ სხვა ზემოქმედების შიშით აიძულებდნენ, სხვა ადამიანებისთვის ცილი დაეწამებინათ. ბევრმა განსაცდელს ვერ გაუძლო, თუმცა მრავალი მათგანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რეჟიმს საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად არ შეეპუენ და უღირსი ნაბიჯი არ გადადგეს! ადამიანი, რომელიც შიშის გამო შეცდა, თუ გულწრფელად არ მოინანიებს, ამ ცოდვას აუცილებლად გაიმეორებს და ღმერთის უარყოფის ჩათვლით უარესსაც ჩაიდენს! ისევ პეტრეს მაგალითით გეტყვით – მან შეინანა თავისი სიმხდალე და მოციქულთა თავი გახდა, სიმამაცეც დაუბრუნდა და ტანჯვით სიკვდილს უშიშრად შეეგება!
– რას ნიშნავს პირველი და მეორე სიკვდილი? მხდალები და სხვა ცოდვილები როცა გოგირდის ტბაში დაინთქმებიან, რატომ იქნება მათთვის ეს მეორე სიკვდილი?
– ქრისტიანულად, პირველ სიკვდილად მიიჩნევა, როდესაც ადამიანი გარდაცვალების და ღვთის სამსაჯავროს შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდება. მაგრამ ისეც ხდება, რომ მონათლული და მართლმორწმუნე ადამიანი გარემოების გამო ცოდვაში ეხვევა და მოუნანიებლად გარდაცვლილი ხვდება ჯოჯოხეთში. თუ ეკლესია და ჭირისუფლები მისთვის ლოცულობდნენ, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, როცა ყველა მიცვალებული მკვდრეთით აღდგება და საშინელი სამსჯავრო გაიმართება, რჩება შანსი, ასეთი სული გამართლდეს და სასუფეველში გადაინაცვლოს, ანდა, სამუდამოდ ჯოჯოხეთში, ცეცხლით და გოგირდით მოგიზგიზე ტბაში დაინთქას. იქ სხვა მძიმე ცოდვის ჩამდენ ადამიანთა შორის სიმხდალის გამო ღმერთის უარმყოფელებიც აღმოჩნდებიან და როგორც მოციქული იოანე აღნიშნავს, ეს უკვე მათი მეორე, სამარადჟამო სიკვდილი იქნება!
– თანამედროვე სიტუაციაში, პირველი და მეორე სიკვდილის ასარიდებლად რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა?
მსოფლიო და ჩვენი ქვეყანაც, დღეს კრიტიკულ მიჯნაზე იმყოფება, როცა ზნეობრივ ღირებულებათა გადაფასება მიმდინარეობს. ვაჟკაცობის და თავდადების ნაცვლად, პრიორიტეტული ხდება სულმოკლეობა, დაბეზღება, უზნეობა.. პირველ რიგში გულწრფელი სინანული გვმართებს, რამაც შეიძლება ღვთის სასჯელის ვადა იმგვარად გადასწიოს, როგორც ეს ნინევიელების სინანულის დროს მოხდა. ცოდვათა მხილების მიზნით ადამიანებს აქტიური პოზიციის გამოვლენა მართებთ, რადგან დუმილი და საკუთარი მდგომარეობის, თუნდაც სიცოცხლის არგაწირვა მაშინ, როცა მოყვასი იჩაგრება, როცა ხდება მამათმავლობის პროპაგანდა და ეკლესიის შეურაცხყოფა – სიმხდალეში ითვლება და ცოდვაში თანამონაწილეობის ტოლფასია. მაცხოვრის ჯვარცმის წინ ბრბოს ნაწილი ჯვარცმას მოითხოვდა, სხვები კი სდუმდნენ, ეგონათ, სიცოცხლე გადაირჩინეს, თუმცა ამგვარი სიმხდალით პირიქით, საკუთარი თავი ორჯერ სიკვდილისთვის გაწირეს! მართლმადიდებლობა – ეს არის აქტიური მდგომარეობა მოყვასის, სარწმუნოების და სამშობლოს საქომაგოდ. უფალი ღაღადებს, რომ მრავალი ცოდვა ეპატიება მას, ვინც მოყვასისთვის სულს დათმობს. თუ საზოგადოება აქტიური იქნება, ისეთი კანონმდებლობაც შეიქმნება, რომელიც სიმხდალის გამო ცოდვასთან შერიგებას კი არა, ზნეობას და თავდადებას წაახალისებს!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”
კომენტარები