მამა დავითი (ქვლივიძე): უზნეობის მხილების იოანე ნათლისმცემლისეული მისია საქართველოში აღესრულება!

მამა დავითი: ყველა მმართველი დაემხობა, რომელიც უზნეოდ ცხოვრობს!

 

11 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს, თუმცა ბევრმა არც კი იცის, რა სიმბოლოები დევს ამ მოვლენაში. რატომ მოჰკვეთეს თავი მაცხოვრის ნათლიას? როგორ წარიმართა მათი ბედი, ვინც ეს ზოგადსაკაცობრიო დანაშაული ჩაიდინა? რა მოელის ქვეყანას, რომელსაც გარყვნილი მეფე,გარყვნილი მმართველი ჰყავს? გთავაზობთ ინტერვიუს აწ განსვენებულ ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ დავით ქვლივიძესთან:
— იმ პერიოდში, როცა იოანე ნათლისმცემელი მოღვაწეობდა, იუდეას მართავდა რომის იმპერიის მიერ დანიშნული მმართველი ჰეროდე. მას ადრე ცილი დასწამეს, რომის იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა დააბრალეს და რომში, კეისართან გამოიძახეს. ამ დროს დიქტატურა მძვინვარებს — იმ ადამიანის თანადგომა, ვისაც იმპერატორის მოწინააღმდეგის დამღა ადევს, სიცოცხლისთვის არის საშიში, რამეთუ თანამდგომნიც ხელისუფლების სამიზნეები ხდებიან! სწორედ ასეთ ვითარებაში ჩადის რომში ჰეროდე, სადაც მისი ძმა ფილიპე ცხოვრობს.
საფრთხის მიუხედავად, ფილიპე სიყვარულით ეგებება ძმას, ხელგაშლილად მასპინძლობს და სამსჯავროზეც მიჰყვება მხარდასაჭერად. თუ კეისრის სამსჯავროზე ჰეროდეს გაამტყუნებენ, სიკვდილით დასჯიან. ანალოგიური სასჯელი ემუქრება ფილიპესაც, თუმცა, ძმის გამო იგი საფრთხეს არ ეპუება!
მოხდა იშვიათი მოვლენა — ჰეროდე სამსჯავროზე გამართლდა, უდანაშაულობის დამტკიცება შეძლო და ძმები სიკვდილს გადარჩნენ, მაგრამ თავგანწირვის სამაგიერო ჰეროდემ ფილიპეს იმით გადაუხადა, რომ მის ცოლთან ჰეროდეასთან მისსავე ოჯახში გააბა რომანი! ფილიპეს ოჯახი ენგრევა. ცოლი ჰეროდეა და ქალიშვილი სალომეა სახლიდან გარბიან და ჰეროდეს პალესტინაში მიჰყვებიან.
— რა კავშირშია ეს ისტორია იოანე ნათლისმცემელთან?
— იოანე ნათლისმცემელი თავის მოღვაწეობას იწყებს სწორედ მაშინ, როცა ჰეროდეს და ჰეროდეას სამარცხვინო რომანი ვითარდება. იოანე იუწყება მესიის მოსვლის შესახებ და ადამიანებს ზნეობრივი ცხოვრებისკენ მოუწოდებს. იგი დაუნდობლად ამხელს იუდეის მმართველს გარყვნილების მორევში ყოფნის გამო და ჰეროდეასთან მრუშობის შეწყვეტას მოითხოვს. ჰეროდე მხილებით გაბოროტებულია და იოანეს მოკვლით ემუქრება, თუმცა, გადამწყვეტ ნაბიჯებს ვერ დგამს, რადგან საზოგადოებაში იოანეს გავლენა დღითი დღე იზრდება და, შესაძლოა, მისმა დასჯამ აჯანყებაც კი გამოიწვიოს.
— მაგრამ, ამის მიუხედავად, იოანე ნათლისმცემელს მაინც არ ასცდა სიკვდილი.

— დიახ. ერთხელ, როცა დაბადების დღეს ზეიმობდა, შეზარხოშებული საპატიო სტუმრების თანდასწრებით, სალომეამ ჰეროდეს წინაშე ვნებიანად იცეკვა და ისე მოხიბლა ბიძა, რომ მმართველი ძმისშვილს საჯაროდ ერთი სურვილის ასრულებას დაჰპირდა.

საოლომეას ცეკვა. გუსტავ მორო, 1876 წ.

სალომეა მყისვე დედას ეახლა რჩევისთვის. დედამისი ასევე გაბოროტებული იყო იოანეს მხილებით და ჰეროდესგან განსხვავებით, არც დიპლომატიური ვალდებულებებით იყო შეზღუდული, ამიტომ შვილს ურჩია, იოანეს თავი ეთხოვა. ჰეროდე თხოვნამ შეაცბუნა, მაგრამ საჯაროდ დადებული პირობის დარღვევას ისევ იოანე ნათლისმცემლის გაწირვა არჩია და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა!

 საეკლესიო გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როცა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი მოიტანეს, თავმა ხმა გამოსცა და სტუმრების წინაშე ჰეროდე და ჰეროდეა მრუშობაში კვლავ ამხილა! ცოდვისგან გაგიჟებულმა ჰეროდეამ იოანეს თავს ენა დაუჩხვლიტა, თან ისტერიულად უყვიროდა — აბა, ახლაც ილაპარაკე ჩემზეო! 
— ასეთი თავგამოდებით რატომ ამხელდა იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეს და ჰეროდეას?
— ბიბლია, ისრაელის მთელი ისტორია ღაღადებს, რომ როდესაც მეფე ღმერთს ემსახურება და ზნეობრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მისი სახელმწიფო ყველა მიმართულებით წარმატებით ვითარდება. ხოლო იმ ქვეყანას, რომელსაც გარყვნილი და უსჯულო მეფე მართავს, თავს ატყდება გაჭირვება, მტრის შემოსევები, სისხლისღვრა, შიდა არეულობა და ღვთისგან მოვლენილი სხვა უამრავი სასჯელი. ეს იცოდა იოანე ნათლისმცემელმა, ამიტომ გაწირა სიცოცხლე და ამხელდა ჰეროდეს მრუშობას.
ასეთი კანონზომიერება მარტო ისრაელში კი არა, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც ვრცელდება. საქართველოს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ზნეკეთილი და სარწმუნოების ერთგული მეფის პირობებში ერი ბედნიერად ცხოვრობდა. ხოლო როცა მეფე რჯულს ღალატობდა, გარყვნილებაში ეფლობოდა და ირხეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“ — საქართველოც, შესაბამისად, სუსტდებოდა.
ვახტანგ გორგასლის მოწოდება იყო — „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!“ — მან, ტომით სპარსელმა, თუმცა, მართლმადიდებლობის ერთგულმა — გააერთიანა საქართველო და წმინდანთა დასს შეუერთდა! ანალოგიური რამ მოხდა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მმართველობისას. თითქმის არ არსებობს ისტორიაში მაგალითი, რომ ქრისტიანობის მიმდევრობის 1500 წლის განმავლობაში საქართველოში უზნეო მეფის პირობებში ქვეყანას გაეხაროს! ქვეყანა ვერ დაალაგეს ვერც ვახტანგ მეხუთემ (შაჰნავაზმა), ვერც ერეკლე პირველმა, ვერც გიორგი მეთერთმეტემ. იყო პრეცედენტები, როცა ზოგი მეფე რჯულს იცვლიდა იმ მოტივით, რომ ქვეყანას ასე უფრო წაადგებოდა, მაგრამ სწორედ ასეთ დროს საქართველოს მძიმე განსაცდელები ატყდებოდა თავს.
— რას ემყარება ასეთი კანონზომიერება?
— საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია. როცა მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის რომელ მხარეში უნდა ექადაგა ქრისტეს სარწმუნოება, ღვთისმშობელს წილად ივერია ხვდა. ეს არის უდიდესი მადლი ჩვენთვის, რასაც შესაბამისად უნდა დაფასება და ღვთისგან სანაცვლოდ დიდ სიკეთეს მივიღებთ! მაგრამ ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება და ამ მადლის უგულებელყოფის შემთხვევაში სასჯელიც სხვებზე მეტი მოგველის!
ღვთისმშობელმა კარგად იცის იგავი „ტალანტების“ შესახებ — რომ რაც მას უფალმა წილად არგუნა, მეორედ მოსვლის ჟამს ნამატით უნდა დაუბრუნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა გადარჩენილი, გამთლიანებული, გაბრწყინებული ივერია უნდა ჩაიბაროს. ამიტომ ღვთისმშობელი არ დაუშვებს, მის წილხვედრ მხარეში ურჯულო და უზნეო მეფემ იბოგინოს, ხოლო ხალხმა უზნეო მეფეს გუნდრუკი უკმიოს და უზნეობა გამრავლდეს.
— მენიშნა, რომ აქცენტი თანამედროვე საქართველოზე გადმოგაქვთ.
— რა თქმა უნდა! ნახეთ, რამხელა ძალაუფლება ჰქონდა სააკაშვილს! რამდენი ფული გამოუყვეს უცხოელმა პატრონებმა, რათა საქართველო ემართა! მაგრამ როგორც კი ეკლესიას დაუპირისპირდა, მაშინვე დაემხო! არადა, იმხელა ზურგი ჰქონდა, რომ პატრონებმა ახლა სხვა ქვეყანა ჩააბარეს სამართავად, თუმცა, საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა და ვერც მოიკიდებს!
ჩამოგითვლით მიზეზებს, თუ რის გამო დაკარგა სააკაშვილმა საქართველოში ძალაუფლება: იგი ჩამოყალიბდა ეკლესიის მტრად; სკოლებში გარყვნილების დანერგვა დააპირა; როგორც ჰეროდე, სააკაშვილიც უზნეოდ ცხოვრობდა და დღემდე იმავეს აგრძელებს; ჰეროდეს მსგავსად, ისიც მეძავთა ინტერესებს აყენებდა სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯზე ახდენდა!
მთელმა საქართველომ იცოდა, რომ სააკაშვილი ღალატობდა ოჯახს, ეტანებოდა ნარკოტიკებს, აწყობდა ორგიებს და მისი ცხოვრების წესი ნელ-ნელა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისაბაძი ხდებოდა! განა შეიძლება, ცოლის მოღალატე მამაკაცს სახელმწიფოს მართვა ებაროს? ასეთი საკითხები ამერიკაშიც კი უმკაცრესად კონტროლდება და ღალატში შემჩნეული პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოშორების პრეცედენტიც არცთუ შორეულ წარსულში მოხდა!
გგონიათ, სააკაშვილი ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაცილა? არა! სააკაშვილმა ძალაუფლება უზნეოდ ცხოვრების გამო დაკარგა! ეკლესია და სასულიერო პირები ლოცულობდნენ, რომ ღმერთს იგი ქვეყნის მმართველის პოსტიდან მოეცილებინა და უფალმა ერისა და ბერის ლოცვა ისმინა! ვინც ეკლესიას და ზნეობას დაუპირისპირდება, ყველა მმართველს ეს მოელის და იგივე ითქმის დღევანდელ პრეზიდენტზეც, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლობირებს, უზნეობის მიმდევრობით და მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით საჯაროდ ტრაბახობს! იგივე ელის მათ, ვინც „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ იღებს! ღვთისმშობელი თავის წილხვედრ ქვეყანაში ასეთ უზნეო მმართველებს არ დაუშვებს!
— მავანი უზნეო კვლავ ემზადება საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად… ნუთუ შეიძლება, უზნეო მმართველი დაბრუნდეს?
— არაფერია გამორიცხული. უფალი ანტიქრისტეს გამეფებასაც კი დაუშვებს, როცა კაცობრიობა გარყვნილების ჭაობაში ჩაეფლობა. ვიდრე ქართველ საზოგადოებაში არსებობს ზნეობის, სარწმუნოებისა და ტრადიციების ერთგული უმრავლესობა, უზნეო მმართველი ამ საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს! ამიტომ საზოგადოებას პირველ რიგში, კეთილისა და ბოროტის გარჩევა უნდა შეეძლოს, რათა უზნეო მმართველი არ დაისვას თავზე და ამის გამო უფლის სასჯელი არ დაიმსახუროს!
მშობლებისთვის ბავშვების ჩამორთმევის კანონის, ასევე, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღება უკვე ახალი ხელისუფლების კისერზეა და ამის გამო, შესაძლოა ისევ ქართველი ხალხი დაისაჯოს, რომელმაც ხელისუფლების უზნეობას წაუყრუა! მადლობა უფალს, რომ უზნეობასა და გარყვნილებას საქართველოში მუდმივად ამხელენ ერისკაცებიც და მღვდელმსახურებიც, რომლებიც იოანე ნათლისმცემლის ფუნქციას ასრულებენ.
— მოდით, ისევ იოანე ნათლისმცემელს დავუბრუნდეთ. სად არის დაკრძალული მისი ნეშტი?
— იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი დამასკოშია დაკრძალული. ახლა იმ ადგილზე მეჩეთია აშენებული, ადრე კი ტაძარი ყოფილა და როცა მტერი შემოესიათ, ქრისტიანებმა იოანე ნათლისმცემლის თავი ჭაში გადამალეს, ზედ კი ლოდები დაალაგეს. სამარხიდან თავის ამოტანა რამდენჯერმე უცდიათ, მაგრამ, თურმე, როცა ქვები ამოალაგეს, სისხლი ამოჰყვა და შეშინებულმა ხალხმა თხრას თავი მიანება. იოანეს ტანი, სხვა შემთხვევების მსგავსად, პირველმა ქრისტიანებმა დაანაწევრეს და სხვადასხვა ქვეყანაში გადაიტანეს, როგორც წმინდა ნაწილები. მისი მარჯვენა ხელი ათონის მთაზე მდებარე დიონისეს მონასტერშია დასვენებული. საგულისხმოა, რომ იოანე ნათლისმცემლის თითის ერთი ფრაგმენტი — ბეთანიის, მეორე ნაწილი კი ქვათახევის მონასტრებში ინახება. საქართველოში არის თავის ქალის მცირე ფრაგმენტიც.
— რა ბედი ეწიათ ჰეროდეს, ჰეროდეას და სალომეას?
— ჰეროდე, რომელიც ერთხელ გადაურჩა ცილისმწამებლურ ბრალდებას, მეორედ ისევ აღმოჩნდა კეისრის სამსჯავროზე. მას პატივი აჰყარეს და გალიაში (საფრანგეთში) გადაასახლეს, ჰეროდეასა და სალომეასთან ერთად. ყოფილმა ძლევამოსილმა მმართველმა იქ სიღატაკეში დალია სული!
შემზარავი იყო სალომეას აღსასრული: ერთხელ, გაზაფხულზე, როცა მდინარეზე ყინული დნებოდა და იძვრებოდა, სალომეას მეორე ნაპირზე გადასვლისას ფეხქვეშ საყრდენი ჩაუტყდა და დაძრულმა ყინულმა მას თავი მოჰკვეთა! საეკლესიო წიგნები მოგვითხრობენ, რომ თავმოკვეთილი სალომეა ამაოდ ცდილობდა ფეხის მოკიდებას და სხმარტალებდა, თითქოს როკავსო, ზუსტად იმგვარად, როგორც იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დროს როკავდა!
— რაიმე სასწაული თუ ხდება თანამედროვე ცხოვრებაში, რაც იოანე ნათლისმცემლის სახელს უკავშირდება?
— სამცხე-ჯავახეთში, ვარძიის სიახლოვეს, მდებარეობს თავკვეთულას მონასტერი, იქ რომ მლოცველი მოხვდეს, მტკვრის მეორე ნაპირზე უნდა გადავიდეს. ყოველ წელიწადს, 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, წყალუხვი მტკვრის დონე დაბლა იწევს და ფონი ჩნდება ისე, რომ სალოცავად მონასტერში მიმავალი ადამიანები ნავების გარეშე ახერხებენ მდინარის გადალახვას.                         
ფონი, თურმე, შუადღემდე, წირვის დასრულებამდე რჩება და როგორც კი მომლოცველები უკან გადმოვლენ, მდინარე საწყის დონეს უბრუნდება! აი, ასეთი სასწაულით მიგვანიშნებს უფალი, რომ ვიდრე უზნეობის მხილების იოანე ნათლისმცემლისეული მისია საქართველოში აღესრულება, ზნეობრივ და ღვთის მცნებების ერთგულ საზოგადოებას მისი მფარველობა არ მოაკლდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი,” 2016 წლის 5-11 სექტემბერი, N-36 (1139)
კომენტარები