მამა ვიტალი ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა

მამა ვიტალი ძალზე მკაცრი იყო მათ მიმართ, ვინც სასულიერო პირებს განიკითხავდა: როცა მღვდელი მსახურებას აღავლენს, ის ცეცხლის ალს ჰგავს. საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, ამხელა პატივისა თავადვე შეეშინდებოდა; იმ ადგილს უნდა ეამბოროთ, სადაც მღვდელი იდგა მსახურებისას, რადგან მადლით არისო განწმენდილი, იტყოდა ხოლმე.
საოცარი გახლდათ მასთან ცოდვების აღსარება. დაფარულთმცნობელობის გამო მისთვის არაფერი იყო დამალული. დიდ ეპიტიმიას არ ადებდა მათ, ვინც ვერ აღასრულებდა; სამაგიეროდ, მივიდოდა მამა ანდრონიკესთან და სთხოვდა: „ეპიტიმია დამადე – აბორტი გავიკეთეო“. „გგონიათ, ადვილია, იყო დაფარულისმხილველი? როცა ხედავ, ადამიანი იღუპება, იცი, როგორ დაეხმარო და ისიც იცი, რომ ამ დახმარებას არ მიიღებს, გული დიდი მწუხარებით გევსებაო“, – უთქვამს ერთხელ.
„დადგა მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამიც. ცამეტი წლის წინ წყლულის გამო კუჭის ორი მესამედი ამოჰკვეთეს. მაშინ ხუთი დღე რეანიმაციაში იწვა. სული მისი, ზეცად აღტაცებული, ღვთისმშობელმა დააბრუნა უკან: „დაბრუნდი მიწაზე, იქ ცრემლებით დასველდა ყველაფერიო“. 1992 წელს კი წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა, სიყვარულის მოციქულმა, მოაბრუნა, ისიც – მხოლოდ ორი კვირით, რათა ნუგეში ეცა ხალხისთვის, უფროის კი პატრიარქისთვის, რომელიც იმხანად ხშირად ნახულობდა მას.
სულიერ შვილებს დაუბარა, მუდამ უწმინდესის გვერდით მდგარიყვნენ. 1992 წლის 1 დეკემბერს კი მისი მართალი სული წარდგა უფლის წინაშე და მისთვის გამზადებული ადგილი დაიმკვიდრა. მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როცა მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ მომუჭა (სწორედ ისე, წმინდა სერაფიმე საროველისთვის წესის აგების დროს რომ მოხდა). „მონაზონთა ცრემლების გამო კუბოდან ხელს გამოვიწვდიო“, – გაახსენდათ დედებს მამა ვიტალის ნათქვამი. კიდევ ერთი ნუგეშის სიტყვა დაუტოვებია: „მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო“, – ამიტომაც არის, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, საკურთხევლის წინ, მის საფლავზე არასოდეს წყდება მლოცველთა დენა. ისიც მრავალს შეეწევა, მრავალსაც გამოცხადებია და ნუგეში უცია. ერთ ეპისკოპოსს ეჭვი შეჰპარვია, ნუთუ მართლა ასეთი მოღვაწეაო, და ზეცაში, იოანე ნათლისმცემელსა და სერაფიმე საროველთან ერთად უფლის ტრაპეზის წინ მომსახურე უხილავს.
„წმინდანო ღმრთისანო, გამხსენით ყოველთა საკრველთაგან და მიმაჯაჭვეთ ზეცას“ – შეჰღაღადებს ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი. ჩვენც მივიდეთ მამა ვიტალის საფლავთან, ვესაუბროთ მას, როგორც ცოცხალს, სული მოვიბრუნოთ მის საფლავთან მომდინარე მადლით, – ეგებ გაგვეხსნას სულიერ თუ ხორციელ სნეულებათა საკრველნი და მცირე ხნით მაინც „მივეჯაჭვოთ ზეცას“.
კომენტარები