მამა ლევანი მეუფე პეტრეს (ცაავა) მიმართავს – „აქამდე პატრიარქი გვიცავდა – ეხლა ჩვენ დავიცავთ!“

-„მეუფე პეტრეს (ცაავა)
მართალია მე უბრალო მღვდელი ვარ და თქვენ უმაღლესი იერარქი, მაგრამ დღეს უკვე თავს უფლებას მივცემ ვთქვა ჩემი სათქმელი, იმიტომ კი არა რომ განგიკითხოთ, არა, ხალხის თვალებში შეხედვის რომ არ შემრცხვეს იმისთვის, წეღან ჩემი ტაძრის მსახურებს შეკრება უნდოდათ, ერთად ვივახშმებთო, დიდი მარხვის გამო უარი ვუთხარი და გაითვალისწინეს. მთელი მარხვა ერთ ჭიქა სასმელს არ სვავენ. ერის ადამიანებს რამდენი რამისგან თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ და მიტროპოლიტი საპატრიარქოსთან მიტინგს მართავ. პატრიარქს ამხელ: რომ 1977 წელს, მის აღსაყდრებას, არაკანონიკურად ესწრებოდა რუსეთის პატრიარქი პიმენი. 1983 წელს დახვრეტისგან არ დაიცავა უდანაშაულო მღვდელი. 1989 წელს, 9 აპრილს შეეძლო და არ გადაარჩინა ხალხი. 1990 წლებში მოუწოდებდნენ, რომ გაენთავისუფლებინა ეკლესია მამათმავლებისგან და არ შეისმინა, აკურთხა მამათმავლი მღვდელმთავრები და თვითონაც მონაწილეობდა ამ ცოდვაში. თქვენ ხომ საქართველოში ცხოვრობდით, იყავით ჯავხიშვილის სტუდენტი, პოლიტიკურად აქტიური, ეს ყველაფერო თუ მართალია ხო იცოდით, 1997 მის დაარსებულ სემინარიში რაღატო ჩააბარეთ? რა გინდოდათ ესეთ ხალხთან. მისი კურთხევით 2000 წელს ან ბერად რატომ აღიკვეცეთ? ან დიაკვნობა და მღვდლობა რატო მიიღეთ? დაგაძალეს? პატრიარქის მხარეში მსახურებისთვის სიხარულით რატო წახვედით? 2002 წელს რატო მიიღეთ მისგან ეპისკოპოსობა? პატრიარქს საყვედურობთ 2004 წელს, გიორგობას, ვარდების რევოლუციის წლისთავზე აკურთხე სამების ტაძარიო, რითაც შიში აჩვენეო. როგორც ჩანს თქვენთვის რევოლუცია და აქციები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე გიორგობა, თორე ეს სხვას არავის მოგვსლია აზრად, იმიტომ რომ გიორგობა ქართველებისთვის ყველაფერია. საყვედურობთ 2005 წელს, მამათმავლობაში მხილებული ზურაბ ჟვანია სამებიდან გაასვენეო? და ამავე პატრიარქისგან 2 წელიწადში მთავარეპისკოპოსის და კიდევ 3 წელიწადში მიტროპოლიტის ტიტულს რატო იღებთ? რათ გინდოდათ. თქვენს თვალწინ ხო ჩადიოდა ამ ,,საშინელებებს”, რატომ არ თქვით უარი ჭყონდიდლობაზე? რატომ აქებდით 2017 წლამდე უწმინდეს? მერე მოხდა ეს ყველაფერი? რატომ ჩადიოდით სინოდის წევრებთან სტუმრად, ან თქვენთან რატომ იწვევდით, სიყვარულზე და ძმობაზე რატო ელაპარაკობდით, თუ ისეთი ცუდები არიან როგორც ეხლა ამბობთ? გამოგიშვეს სინოდიდან და მერე გახდა ცუდი ეკლესია? განა ფანატიკოსი ქრისტიანი ვარ და იმას ვამბობ რომ გამორიცხულია ვინმესგან რამე ცოდვა, უბრალოდ მანამდე გეთქვათ, მანამდე წამოსულიყავით. ამდენი რამე მოგცათ კაცმა და სიბერე გაუმწარეთ, ჩვენ კიდე გული ჩაგვიკალით. ღმერთმა დამიფაროს, მე რომ ეკლესიაში რამე ცუდში გარევის წინაშე დავდგე, მართალია დიდი ოჯახი მყავს სარჩენი მარა წამოვალ, საიჟინრო მაქვს დამთავრებული, პაპებმა მიწები დამიტოვეს და ვნახავ რამე გზას. უცოლშვილო კაცი ვერ გაიტანდით თავს? კაცს, მღვდელმთავარს ეს არ შვენის რა. მაგალითად პოლიტიკოსისგან ყველას გვინახავს, წლები რომელიმე პარტიაშია, აქებს თავის პარტიას, გამოდის სიტყვით და უცებ… ვთქვათ დილით გამოუშვეს პარტიიდან, საღამოს უკვე აგინებს თავის გუნდს, ეგ ქურდები, ეგ ესეთები, ეგ ისეთები, ვინმე უჯერებს? ისევე ვერ დაგიჯერებთ თქვენც. აქამდე პატრიარქი გვიცავდა – ეხლა ჩვენ დავიცავთ!“
მამა ლევანი
კომენტარები