მამა მიქაელი (ბრეგვაძე): გადამწყვეტ მომენტში კაცობრიობა სჯულის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყოფა. ანტიქრისტეც მაშინ გამოჩნდება!

მსოფლიოს ისტორიაში მსგავსი მოვლენა არასოდეს მომხდარა – პლანეტა გაუკაცრიელდა, პანდემიამ კაცობრიობა სახლებში გამოკეტა. ამასობაში, 5G ინტერნეტის დასანერგად კოსმოსში თანამგზავრების არმადას უშვებენ და საუბრობენ კანქვეშ ჩიპების ჩანერგვაზე, ფული, საიდენტიფიკაციო და ყველა სხვა საბუთი უნდა ჩაანაცვლოს. მოვლენები აპოკალიფსური სცენარით ვითარდება, თუმცა, 21-ე საუკუნის ეკლესია ტექნოლოგიურ პროგრესს წინააღმდეგობას ვერ უწევს, ამბობს, რომ ჯერ ჟამი არ დამდგარა. და მაინც, რომელ ზღვარზე გვევლინება ცივილიზაცია ანტიქრისტეს ხელში იარაღად? გვესაუბრება დავით მეფსალმუნის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, საპატრიარქოს ციფრული მომსახურების ხელმძღვანელი, მამა მიქაელი (ბრეგვაძე):

– მეორედ მოსვლის შესახებ არსებობს წინასწარმეტყველება. თვით მაცხოვარი ქადაგებდა, რომ ადამიანებს დაერევა სხვადასხვა სენი და ეპიდემია; ალაგ-ალაგ, იქნება ომები და მიწისძვრები, მაგრამ ეს ჯერ არ იქნება აღსასრული, არამედ, – „მშობიარობის ტკივილთა მხოლოდ დასაწყისი.“ აღსასრული კი, მას მერე დადგება, როდესაც სახარება იქადაგება მთელს მსოფლიოს, როდესაც მოვლენები ისეთ გლობალურ ხასიათს მიიღებს რომ ყველა ადამიანს შეეხება.

– კორონავირუსის პანდემია შეიძლება ასეთ გლობალურ განსაცდელად მივიჩნიოთ?

– გლობალური განსაცდელი ჯერ კიდევ არ დასდგომია მსოფლიოს, თუმცა, დიდი ხანია, ეს პროცესი მწიფდება. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „იცით, რომ ანტიქრისტე მოვა… მაგრამ მრავალნი ანტიქრისტენი ამ სოფელში უკვე არიან!“ წინასწარმეტყველების არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ადამიანი სცოდავს, ამას აკეთებს საკუთარი უგუნურებით, რადგან უფლის სახარება ჯერ, ყველგან არ არის გავრცელებული. მაგრამ, როდესაც ადამიანები გაცნობიერებულად, ქრისტეს სჯულის ცოდნის მიუხედავად შესცოდავენ, სწორედ მაშინ იქცევიან ანტიქრისტეს მსხვერპლად. ამჟამად, დედამიწაზე არიან ერები, რომელთაც თავიდანვე მიეცათ სჯულის ცოდნა – ბერძნებს, რომაელებს, ებრაელებს, ეგვიპტელებს… მათ შორის ვართ ქართველებიც. მაგრამ, დადგება და როდესაც ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში იქადაგება. კაცობრიობა გაიყოფა ორ ნაწილად – სჯულის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. აი, სწორედ მაშინ გამოჩნდება მთავარი ანტიქრისტე, რომელიც სათავეში ჩაუდგება სჯულის მოწინააღმდეგეებს. ქრისტეს მეორედ მოსვლა კი, ამ მოვლენის კულმინაციაში იქნება, როცა ღმერთი კეთილსა და ბოროტს ერთმანეთისგან გამიჯნავს და სჯულის მოწინააღმდეგეებს საბოლოო უმკაცრეს განაჩენს გამოუცხადებს. ჯერჯერობით, გაყოფის ჟამი არ დამდგარა. პავლე მოციქული „თესალონიკელთა მიმართ“ ეპისტოლეში ამბობს, რომ „ანტიქრისტე მოვა, რადგან არ მივიღეთ ქრისტე და არ მივიღეთ უხვი ნიჭები, ქრისტეს სახით.“

– ეს რას ნიშნავს?

– სიტყვა „ქრისტე“ – გულისხმობს  მეფეს, ცხებულს, ნიჭით აღვსილს. ყველაფერი რომ მართო და ყოველივეს მეფე იყო, აბსოლუტური მოცულობის და სიუხვის ნიჭი უნდა გქონდეს… ასეთი მხოლოდ ქრისტეა. როდესაც იესოს ეწოდა ქრისტე, უკვე მიანიშნებდა, რომ ის არის განკაცებული ღმერთი, რომელშიც არის მთელი სისავსე მადლისა და ნიჭისა. კაცობრიობამ მადლს აქცია ზურგი, როცა ქრისტე დედამიწაზე მოვიდა და არ მიიღო. ამის მიუხედავად, ადამიანი მაინც ღვთის ხატად რჩება და ქვეცნობიერად მადლისკენ მიილტვის. მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ღვთის სისავსის ნიჭები არ მიიღო, ამ ნიჭთა ძიება სხვაგან დაიწყო. ამიტომ მთელი ეს ტექნოლოგიები, რაც კაცობრიობას გააჩნია, გახლავთ ნამდვილი მადლის ანტიპოდები, სუროგატები, პროთეზები… თავის დროზე, კაცობრიობას ქრისტე რომ მიეღო, ასეთი სუროგატების შექმნა არ დასჭირდებოდა! ეს ტექნოლოგიები უფრო მეტად განვითარდება, რადგან ადამიანი ვერ დაცხრება. მას სწადია კოსმოსში გაჭრა, სურს ჩაწვდეს სამყაროს საიდუმლოებებს, შეიძინოს ცოდნა… ამ დეფიციტის შევსება ადამიანმა დაიწყო არა მადლით, არამედ მადლის სუროგატებით! დადგება დრო, როცა სახარება მთელს დედამიწაზე იქადაგება, ადამიანები დაიყოფიან ქრისტეს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. შემდეგ, მოვა ანტიქრისტე და ქრისტეს მოწინააღმდეგეებს სათავეში ჩაუდგება, ხოლო იმ ტექნოლოგიებს – მადლის სუროგატებს – თავის მიზნებს მოარგებს და ქრისტეს ერთგულთა წინააღმდეგ მიმართავს! ანტიქრისტე გამოაცხადებს, რომ რაც მორწმუნეებს სწამთ, მხოლოდ თეორიაა, რის სანაცვლოდაც, ტექნიკურ პროგრესზე დაფუძნებულ „ხელმოსაკიდ რეალობას“ შესთავაზებს კაცობრიობას!

 – კორონავირუსის საბაბით, პლანეტის მოსახლეობა სახლებში გამოკეტეს. ეს პანდემია მართლაც საფრთხეა თუ სხვა, უარესი საფრთხისგან კაცობრიობის ყურადღების გადატანას ემსახურება? რას იტყვით 5G ინტერნეტზე, რომელზე დაყრდნობითაც, როგორც ამბობენ, უნდა დაიწყოს ადამიანთა სხეულებში მრავალფუნქციური ჩიპების შეყვანა, რამაც ფული და პირადი მონაცემები უნდა ჩაანაცვლოს?

– ადამიანები სცოდავენ და ღვთისგან სასჯელებს იმსახურებენ. ეს ვირუსი თუნდაც ხელოვნურად იყოს შექმნილი, მაინც ღვთისგან არის დაშვებული. ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად, ზოგი განსაცდელს შესანანებლად, რწმენაში გასაძლიერებლად იყენებს, სხვები – უარეს ცოდვას სჩადიან და ამ განსაცდელით საკუთარ ბოროტ გეგმებს ამყარებენ. ანუ, საზოგადოების ერთი ნაწილი განსაცდელის შედეგად ქრისტესკენ მიემართება, მეორე ნაწილი კი, უფრო მეტად ეფლობა ცოდვის ჭაობში.  რაც შეეხება 5G ინტერნეტს, მას შევადარებ დახვეწილ  პროთეზს, მოკვეთილი ფეხის სანაცვლოდ, მაგრამ, საუკეთესო პროთეზიც კი ვერ შეედრება ნამდვილ ფეხს.

ასევე, ვერანაირი 5G ინტერნეტი ვერ ჩაანაცვლებს იმ სიბრძნეს, რასაც სამყაროს შესაცნობად ქრისტე გვთავაზობს. ყველაფერი იქეთ მიდის, ადამიანებს შესთავაზონ რაც შეიძლება დახვეწილი პროთეზი, რომელიც ქრისტეს ნიჭს და მადლს ჩაანაცვლებს. გლობალიზაციის პირობებში ტექნოლოგიურ პროგრესს ვერც ეკლესია დაემალება, ოღონდ, თუ მას სულიერი პროგრესი არ ახლავს და ადამიანი სულიწმიდის მადლის ძიებას შეწყვეტს, ტექნოლოგიური პროგრესი ისევ და ისევ ადამიანის წინააღმდეგ დამიზნებულ იარაღად დარჩება. რაიმე ჩიპი შესაძლოა, ადამიანის ცხოვრებას ამარტივებდეს, წყვეტდეს,

წყვეტდეს  მრავალ პრობლემას და მას ვიყენებდეთ, მაგრამ ოდესმე დედამიწაზე გამეფდება ანტიქრისტე, რომელიც ადამიანების საკუთარი ნიშნით აღბეჭდვას დაიწყებს და ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს.

 – მიგვანიშნებთ, რომ სწორედ ჩიპი იქნება აპოკალიფსური მხეცის ნიშანი?

– როდესაც მოციქულმა იოანემ აპოკალიფსური მოვლენები იწინასწარმეტყველა, რომ „მხეცის ნიშანის გარეშე არავის შეეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ფულს ელექტრონული ბარათი ჩაანაცვლებდა. მოციქულმა განჭვრიტა შორეული მომავალი და აღქმული ინფორმაცია მაშინდელი კაცობრიობისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცა, თუმცა ყოველივე მაინც, ბუნდოვანი იყო. თანამედროვე პირობებში კი, როცა ყველაფერი ციფრულ სისტემაზეა გადასული, გაცილებით ადვილია გააზრება, რომ გარკვეული კოდის გარეშე ადამიანები ფინანსურ ოპერაციებს ვერ ჩაატარებენ. მოციქული იოანე იქვე ამბობს, რომ მხეცის ნიშანის ამოცნობა შეიძლება, ვინაიდან ეს არის კონკრეტული რიცხვი, ექვსასსამოცდექვსი. ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში, პრინციპულია და მრევლს მოუწოდებს, თუნდაც ფიზიკური სიცოცხლე გაწირონ, მაგრამ თავი აარიდონ ისეთი ალგორითმით აღბეჭდვას, რომელიც სამ ექვსიანთან იქნება დაკავშირებული.

 – მანამდე? როგორ მოვიქცეთ, მივესალმოთ ტექნოლოგიებს, რომელზე დაყრდნობითაც ყოველი ადამიანის გაკონტროლება ხდება შესაძლებელი?

– ტექნოლოგიური პროგრესი მართლაც მიდის იმ მიმართულებით, რომ კაცობრიობის ყველა მიღწევას თავი ერთად მოუყაროს. მავანი, შეიძლება უკვე იღწვის, რათა ამ მონაპოვარს დაეუფლოს და თავი ღმერთს გაუტოლოს… ჩიპები თანდათან იხვეწება, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ მხეცის სახელის რიცხვს გამოსახავს. მაგრამ როდესაც იგი რაღაცნაირად დაუკავშირდება სოლომონისეულ სიბრძნის ალოგორითმს, ექვსასსამოცდაექვსს და როცა ამ რიცხვით საყოველთაო აღბეჭდვას დაიწყება, მაშინ კი, ნებისმიერ ადამიანს ამ პროცესის მიმართ დაუმორჩილებლობა მართებს!

პირდაპირ ჩვენს თვალწინ სამყარო ახალ ფაზაში გადადის. რაც ადრე იკრძალებოდა, თანდათან, დაშვებული ხდება. გვინდა თუ არ გვინდა, კაცობრიობა ერთიანდება და იმავდროულად, შიშვლდება. ყველაფერი მაინც, იქეთ მიდის, რომ გადამწყვეტ მომენტში კაცობრიობა ქრისტიანებად და ანტიქრისტიანებად გაიყოფა. ანტიქრისტიანები მიიღებენ მხეცის ალგორითმს და კაცობრიობის ყველა მიღწევას, ანუ „პროთეზს“ – ქრისტეს ერთგულთა დასაძლევად გამოიყენებენ, ამ უკანასკნელებს კი, ვინც მხეცის ნიშანს არ მიიღებს, იმედად რწმენა და ნამდვილი მადლი დარჩებათ, რაც ყოველგვარ სუროგატს აღემატება და სულიერი გადარჩენის საწინდარია.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო „ასავალ-დასავალი“

კომენტარები