მამა მიქაელი (ბრეგვაძე): კურნება აღესრულება, თუ ადამიანი ცნობიერების კონცენტრაციით ილოცებს!

 

გაზეთ “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა ინტერვიუ იღუმენ მიქაელ ბრეგვაძესთან, რომელიც ლოცვის ძალით ავადმყოფი ადამიანების განკურნების მეცნიერულ მექანიზმზე მსჯელობს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს:

სნეული და დავრდომილი ადამიანები როდესაც მოძღვრებს თავიანთი ავადმყოფობის გამო შესჩივიან, ისინი პასუხობენ – ილოცე! ლოცვის ძალით შენი სენი გაივლის! – იშვიათად, ავადმყოფობა კიდეც მარცხდება, მაგრამ სნეულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მარტოდენ ლოცვას მათი დაავადების მოშთობა არ შეუძლია, იშვიათ წარმატებებს კი, შემთხვევითობად მიიჩნევენ. და მაინც, რა მექანიზმით შეიძლება ლოცვის შედეგად ადამიანი განიკურნოს? გვესაუბრება საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დავით მეფსალმუნის მონასტრის მღვდელმსახური, იღუმენი მიქაელი (ბრეგვაძე):

– ღმერთმა ადამიანი შექმნა მოაზროვნე, მეტყველ არსებად, რომელმაც ყველა სხვა არსებაზე  უკეთ იცის სიტყვის ფასი. სიტყვის ძალით შეიძლება გაახარო, ანუგეშო, ან დაადარდიანო და მოკლა კიდეც ადამიანი. პრაგმატული მნიშვნელობით, სიტყვას უზარმაზარი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქიკაზე. ქრისტიანული გაგებით კი, ღმერთმა ადამიანი საკუთარ ხატად შექმნა. ეს ხატება იმას გულისხმობს, რომ სამყაროს ყველა ქმნილებათა შორის ადამიანი ყველაზე უკეთ გამოხატავს ღვთის სახეს და რაობას, ამიტომ, ადამიანის ყველა დაავადება თუ ტკივილი – ღმერთის ხატებიდან დაშორებით არის გამოწვეული. ლოცვის დროს კი, ადამიანი ღმერთის ხატებას კვლავ უახლოვდება.

– უფალი ყველას კურნავს, რომელიც მისკენ ისწრაფვის?

– სახარებაში არის მაგალითი, როცა წარმართი ქალი ქრისტეს თავისი ასულის განკურნებას ევედრება, მაგრამ უფალი არ შეისმენს ვედრებას. როდესაც მოციქულები მიზეზს ეკითხებიან, ქრისტე პასუხობს, რომ მას ჯერ შვილები ჰყავს დასაპურებელი, რომ მიუღებელია, შვილებს პური ააცალოს და იმით ძაღლები დააპუროს. ამაში დიდი არსია ჩადებული – ის ქალი ქრისტეს არ ცნობდა ღმერთად, მის ხატებად თავს არ აღიარებდა. მაგრამ რაღაც მომენტში ქალი მაცხოვარს პასუხობს – ძაღლებიც იკვებებიან თავიანთი ბატონების ნამცეცებით, რომლებიც მათი სუფრიდან ცვივაო – აი, ზუსტად აქ ჩნდება მისგან უფლის აღიარება, რის გამოც მადლს იღებს და მისი ქალიშვილიც განიკურნება! ანუ, თუ ადამიანი თავის მდგომარეობას სწორად აცნობიერებს და სწორად ლოცულობს, ასეთი ლოცვა პირდაპირ უფალთან აკავშირებს. უფალმა მოციქულებს კურნების მადლი მისცა, მაგრამ სახარებიდან ცნობილია ერთი პასაჟი, როდესაც მოციქულები თავიანთი მცირე რწმენის გამო ერთ-ერთ ეშმაკეულს ვერ კურნავენ, ხოლო სნეულის მამა ქრისტეს ეუბნება – შენს მოწაფეებს ხელი მოეცარათ და იქნებ, თავად უშველოო. მაცხოვარი  პასუხობს – შენს შვილს ისეთი სენი სჭირს, რომელიც მხოლოდ ლოცვით იკურნება, ოღონდ, უნდა გწამდეს, რომ მე ამას ლოცვით შევძლებო. ამაზე, მამა მიუგებს – უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებასო – ამით ამბობს, რომ ბოლომდე არ სწამს, თუმცა განიცდის ამას და სჯერა, რომ რწმენის შემთხვევაში ეშველება. სურვილი, რომ უფალი მის ურწმუნოებას შეეწიოს – იმდენად მართლზომიერია, რომ მაცხოვარი მის შვილს განკურნავს. დიახ, ღვთის წინაშე რწმენით წარმოთქმული ლოცვა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვის მიმართაც ჭრის. ადამიანის სიტყვა და სწორად ლოცვა – კარია დედამიწაზე ცათა სასუფევლის მადლისა. ცათა სასუფეველში არ არსებობს დაავადებები, ცათა სასუფეველის მოახლოვებაში იგულისხმება, რომ ადამიანების კურნებისთვის კარები იღება. კურნება მაშინვე აღესრულება, როგორც კი ადამიანი ცნობიერების კონცენტრაციით ილოცებს!

– ვიცით, რომ წამალი, სხვადასხვა ნივთიერება – კონკრეტულ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ლოცვა რა მექანიზმით არჩენს კონკრეტულ დაავადებებს?   

– ცოდვა და ტკივილი სულზე ორგანიზმის, ხორცის საშუალებით გადადის. იაკობ მოციქული ამბობს, რომ ყველა დაავადების წამალი არსებობს, თუმცა ადამიანის ენას ვერაფერი ვერ კურნავს… ზირაქი ბიბლიაში ერთ ადგილზე ამბობს, რომ მიწა-მიწას კურნავს. ყველა ნივთიერება და ბალახეული წამალი – მიწაა და თუ ორგანიზმს, რომელიც ასევე მიწაა – სწორად მივუსადაგეთ, იგი განიკურნება! მაგრამ ქრისტიანობა საკითხს სხვა კუთხით უცქერს. მან გახსნა ცათა სასუფევლის საიდუმლო და თქვა, რომ ყველაფერი ამქვეყნად – ღვთის დიდებას, ღვთიურ ენერგიას ატარებს. მათ შორის, ბალახიც, რომლისგანაც მედიკამენტი მზადდება. წამლის საშუალებით გარკვეულწილად, კურნება შესაძლებელია, მაგრამ თუ ადამიანი პირდაპირ იმ მადლთან დაამყარებს კონტაქტს, ვინც ბალახში ეს ენერგია ჩადო – გაცილებით უსწრაფესად განიკურნება. ღმერთი არის ბუნების მეფე, რომელსაც შეუძლია ბუნების კანონებიც კი შეცვალოს, თუ მისი ქმნილება ადამიანი – ლოცვის სწორად წარმოთქმით ამას ითხოვს.

და მაინც – რამდენად რეალურია, რომ ადამიანი ლოცვით განიკურნოს?

– მედიცინა აღიარებს, რომ აქამდე ცნობილ ნებისმიერ დაავადებაში ნერვული სისტემა მონაწილეობს. იგი ყველა ორგანოში, ყველა უჯრედში აღწევს და სათანადო გავლენას განაპირობებს. მედიცინა იცნობს “პლაცებოს ეფექტს,” როდესაც შეიძლება ადამიანს ტკივილი დაუამდეს იმ განწყობის შედეგად, რომ ექიმისგან ძლიერი გამაყუჩებელი მიიღო, არადა, ეს აბი მხოლოდ ბუტაფორია იყოს და სულაც არ შეიცავდეს ტკივილის დამაამებელ ნივთიერებებს. რწმენით წარმოთქმული ლოცვა ნერვულ სისტემას ორგანიზმზე სათანადო გავლენის მოსახდენად განაწყობს, რის შედეგადაც უმჯობესდება ორგანიზმში დაავადებასთან ბრძოლის ყველა რესურსი, ძლიერდება იმუნიტეტი და სენი მარცხდება. ადამიანი ხომ მიწისგან არის შექმნილი, თუმცა, მასში არის სულიც. მიწა, ანუ ხორცი – სულის გარეშე – მკვდარია. ადამიანი დაუძლურდება, სენი ერევა მაშინ, როდესაც სულიერი ძალები აკლდება. ამიტომ ქრისტიანობა ადამიანს ლოცვის შედეგად მხოლოდ “პლაცებოს ეფექტს” კი არა,  უფლის ხატების დაბრუნებას და სენის ამგვარად დამარცხებას სთავაზობს.

შეგიძლიათ, მაგალითები დაგვისახელოთ, როცა ლოცვის ძალას მძიმედ სნეული ადამიანი განუკურნავს?

– პირადად ვიცნობ ქალბატონს, რომელსაც ექიმმა ანომალური ბავშვის დაბადება უწინასწარმეტყველა და სასწრაფოდ აბორტის გაკეთება ურჩია. ქალბატონმა ექიმის რჩევა არ შეასრულა, არამედ, ეკლესიური ცხოვრება და აღსარებების ჩაბარება დაიწყო. გარკვეული დროის განმავლობაში რწმენით ლოცულობდა. გასაკვირი შედეგი დადგა – სრულიად ჯანსაღი ბავშვი გააჩინა! ისეთი შემთხვევაც ვიცი, როდესაც ოთხი შვილის ახალგაზრდა დედას ერთდროულად ორი სხვადასხვა სიმსივნე აღმოაჩნდა. ექიმებმა მას მაქსიმუმ, 6 თვის სიცოცხლე განუსაზღვრეს, თან განუმარტეს, რომ მედიკამენტებში ფულის დახარჯვა შედეგს არ მისცემდა. დაღონებული გოგონა ყოველდღე დაიარებოდა ეკლესიაში, უფალს ევედრებოდა, მისი მცირეწლოვანი შვილები უდედოდ არ დაეტოვებინა. გავიდა ნახევარი წელი და როდესაც კვლავ მივიდა ექიმთან, ის სახტად დარჩა – სრულიად განკურნებულიყო სიმსივნისგან მისი ორგანიზმი! ვიმეორებ – ორივე ამბავი ჩემს თვალწინ მოხდა, თუმცა შეგნებულად არ ვასახელებ ამ ქალბატონების ვინაობას.

თუ ყოველი კურნება უფლისგან ხდება, რას მივაწეროთ, რომ არცთუ იშვიათად, ექიმი აღწევს საუკეთესო შედეგს და სრულად კურნავს პაციენტს?

– მეორედ მოსვლის ჟამს, როდესაც საშინელი სამსჯავრო დაიწყება, მრავალი სასულიერო პირიც უმკაცრესად განიკითხება. სახარებაში ქრისტე ამბობს: “მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო!”  არსებობს კურნების ნიჭი, რომელიც ლოცვასთან ერთად ადამიანს ბოლომდე განკურნავს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება პაციენტი ღირსეული ქრისტიანი არც იყოს. ეს შეიძლება არც იყოს დაკავშირებული მკურნალის (ექიმის) პიროვნულ ღირსებებთან. ღმერთმა როდესაც სამყარო შექმნა, სამყაროში თავისი ძალები და ენერგიები ჩააქსოვა. მკურნალები ის ადამიანები არიან, რომლებმაც იციან, ორგანიზმში რა ხდება და რომელი წამალი თუ ნივთიერება – რა პროცესს განაპირობებს. ისინი ამ ცოდნით აკონტროლებენ ორგანიზმს, მაგრამ ხშირად ამას ვერც ახერხებენ, რადგან არ იცნობენ სულის თვისებებს. ამიტომ, ყველაზე საუკეთესო მიდგომა იქნება, თუ ადამიანი ერთდროულად იზრუნებს ხორცის და სულის ჯანმრთელობაზე, რადგან სულის ჯანმრთელობას, ცოდვისგან დისტანცირებას – ავტომატურად, ხორცის სიჯანსაღეც მოყვება. უნდა გვახსოვდეს -სამოთხეში არავინ ავად არ იყო! და არც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ექნებათ ადამიანებს დაავდების და სიკვდილის შიში.

– რისთვის დაუშვა ღმერთმა დაავდების არსებობა?

–  საქმეც იმაშია, რომ ადამიანები ახალ სხეულში აღდგებიან, რომელსაც სიკვდილი ვერ დაემუქრება. სულიერად ბოროტი ადამიანიც კი ახალ, უკვდავ სხეულში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, ის სიკეთის და მადლისგან განშორების შედეგად საუკუნოდ შეიკვრება და დატუსაღდება, მაგრამ სიკვდილს ვერ ეღირსება. ზოგადად, ხორციელი დაავადება სულიერი სენის სენსორია, რომელიც ადამიანს დაავდების და ტკივილის წარმოშობის არსზე აფიქრებს. ამ პროცესის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ადამიანში სული გადარჩეს. ადამიანმა საკუთარი სული დათმენით უნდა მოიპოვოს. დაავადება ადამიანს ხორციელად ამცირებს, მაგრამ სულს აკეთილშობილებს. ამიტომ, ყოველი სნეულება, როცა ადამიანს წამალი აღარ შველის და ღვთის ანაბარად რჩება – მისი სულის კურნებისთვის გზის მითითებას ემსახურება. ქრისტიანობა დაავადებებს მუდამ იმ  ბერკეტად განიხილავდა, რომლის საშუალებით ღმერთი ადამიანებს მწყემსავს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები