მამა შალვა კეკელია: „ვინც ჩვენზე გადაცემა გააკეთა, – ჩემი შესამოსელი „დოლჩე და გაბანას“ შეადარეს – ვინმე თუ დაინტერესდება, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რამდენ ოჯახს ვეხმარებით, რამდენ ბავშვს ვაჭმევთ, რამდენი ოჯახის ქირას ვიხდით“ – მამა შალვა კეკელია

ჟურნალი „სარკე“ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარის, მამა შალვა კეკელიას ინტერვიუს აქვეყნებს.

ამონარიდები ინტერვიუიდან.

მამა შალვა:

-„ღმერთმა შეუნდოთ ეს ყველაფერი, დალოცოს მათი ოჯახები, ისინი გონს მოიყვანოს. რაც შეეხება სამღვდელო შესამოსელს, რასაც ღვთის მსახურებაზე ვიცვამთ, იმით ქუჩაში არ დავდივართ, რადგან ის არის მხოლოდ ღვთისმსახურების შესამოსელი.

ჯერ ერთი, ყველა სამოსი, რაც მსახურებისას მაცვია, მრევლის შემონაწირია, მასში ფული არ გადამიხდია. მეორე, – ძვირი არ ღირს. „დოლჩე და გაბანას“ და „არმანის“ შეადარეს, არადა, აგერ, სამების სამკერვალოშია შეკერილი.

არასოდეს მიყიდია ეს შესამოსელი. მრევლი ყიდულობს ჩემთვის, მთხოვენ, – მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მოვიხსენო… ღვთისმსახურების შესამოსელზე, სიცილი როგორ შეიძლება? ეს ხომ მამა შალვა კეკელიას შესამოსელი არ არის?!

ვინც ჩვენზე გადაცემა გააკეთა, მათ ჩვენზე 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ. ზოგს 10 ათასი აქვს ხელფასი, ზოგს – 15 ათასი, სახლებიც უამრავი. მე მრავალი წელი ჩემი სახლიც არ მქონდა. მეგობარმა გვაჩუქა, ახლა თამამად ვამბობ, თორემ, არავის ვეუბნებოდი,  სხვის სახლში მიწევდა ცხოვრება.

ვინმე თუ დაინტერესდება, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რამდენ ოჯახს ვეხმარებით, რამდენ ბავშვს ვაჭმევთ, რამდენი ოჯახის ქირას ვიხდით. ისეთები გვეუბნებიან, ბავშვს დაეხმარეთ და სიკეთე გააკეთეთო, თავად რომ ცხოვრებაში არავის დახმარებიან. როგორი შესამოსელით ჩავატაროთ წირვა, ჯვალო რომ გადავიცვათ, დამშვიდდებიან?!

წმინდა ბარძიმიდან, საიდანაც მორწმუნე მრევლი ზიარებას ერთი კოვზიდან იღებს, შეუძლებელია, ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადება გავრცელდეს.

სასულიერი პირის შესამოსელს ერთ-ერთმა არხმა სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა – მას ძვირფასი საეკლესიო სამოსი აცვია და მრევლს უქადაგებს, კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ.

მამა შალვა კეკელია აღნიშნავს, – არასდროს უთქვამს, ხალხმა ვაქცინა არ გაიკეთოს.

 

 

 

კომენტარები