მამუკა ბახტაძე: დასრულდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი სან ფრანცისკოში, მიღწევების შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ სან ფრანცისკოში მისი ვიზიტი კონკრეტული მიღწევებით დასრულდა.

„დასრულდა ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი სან ფრანცისკოში. გვქონდა მრავალი მაღალი დონის შეხვედრა მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. თითოეულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე და საქართველოს, როგორც ინოვაციების რეგიონულ ცენტრად ქცევის პერსპექტივებზე. „სილიკონ ველის“ უმსხვილესი კომპანიები გვეთანხმებიან, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში მიაღწიოს და გახდეს რეგიონული ცენტრი. სიტყვით გამოვედი Commonwealth Club-ში, სადაც დამსწრე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ღირებულებების, წინსვლისა და გამოწვევების შესახებ.

ასევე, ფეისბუქის მთავარ ოფისში შევხვდით კომპანიის მენეჯმენტს.

ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში სულ უფრო და უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მუშაობს. უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები და თბილისში კონკრეტული მიღწევების შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას“, – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები