მამუკა ბახტაძე: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა

 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას დიდი საფრთხე აარიდა.

ბახტაძის თქმით, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშნები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგვაცილა უმძიმესი სცენარი. აქედან გამომდინარე, მინისტრს და მთელ სამინისტროს პირადად ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათი მხრიდან არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი.

ამასთან ერთად, საზოგადოებას და ჩვენც გვაქვს კითხვები რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცველის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს გამოძიება გამჭირვალობის უმაღლესი ხარისხით, მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ყველაზე მაღალი ხარისხით“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები