მამუკა ბახტაძე: „წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი – კობი-გუდაურის ჩქაროსნული“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

„ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ათვისება; მეორე – შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო; მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის ეფექტიანი საშუალება, რომ ვებრძოლოთ სიღარიბეს. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის.

ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ პროექტების დასრულების შემდეგ, ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს საშუალება, შექმნას მეტი დოვლათი, მეტი სამუშაო ადგილები და გახადონ თავიანთი ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი. ჩვენ ამისთვის გვჭირდება მასშტაბური ინვესტიციები. საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ჩვენ დავასრულებთ 2022 წლის ჩათვლით და ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი საუბრისას ასევე შეეხო  რიკოთის უღელტეხილის და კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს:

„პროექტი, ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე –  ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა. მასში ძალიან ბევრი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და აუცილებლად გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში. დღეს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, ზაფხულის პერიოდია და უწევთ გადაადგილება აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში, ყველას შეუძლია, თავისუფლად დაინახოს, როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი.

რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი – კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში“.

 

კომენტარები