მამუკა მდინარაძე ე.წ. ქურდული გარჩევის შესახებ კანონპროექტზე: მეორე მოსმენის დროს შეიძლება, გარკვეული დაკონკრეტებები იყოს
“ყოველთვის ის ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომელიც, ერთი მხრივ, ადამიანებს “ბულინგისგან”, გარჩევებისგან, უკანონო ზემოქმედებისგან, იძულებისა და მუქარისგან დაიცავს, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს მისცემს საშუალებას, რომ პასუხისმგებლიანი მოქმედება აღსრულდეს”, – ამის შესახებ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ე.წ. ქურდული გარჩევის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევაში რისკები რჩება, რომ რომელიმე გამომძიებელმა, პროკურორმა ან თუნდაც მოსამართლემ მომავალში მუხლი არასწორად არ განმარტოს, ამიტომ მეორე მოსმენის დროს შეიძლება, გარკვეული დაკონკრეტებები იყოს.
„თუ რომელიმე ადამიანი, ოპოზიციიდან იქნება, თუ ნებისმიერი წარმომადგენლობიდან, გამოხატვის თავისუფლებაზე, აქ შესაქმნელ პრობლემებსა და ამ კანონპროექტზე საუბრობს, არასერიოზულზე არასერიოზულია. იმაზე თუ ვსაუბრობთ, რომ ადამიანები გარკვეული უკანონო გარჩევებისა და “ბულინგისგან” დაცულები უნდა იყვნენ და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ეს მუხლი ამისთვისაა შექმნილი. თუმცა მე თავად ვთქვი, რომ გარკვეული ინტერპელაციის შემთხვევაში რისკები და რაღაც სივრცეები რჩება, რომ რომელიმე გამომძიებელმა, პროკურორმა ან თუნდაც მოსამართლემ მომავალში მუხლი არასწორად არ განმარტოს. ამიტომ, მეორე მოსმენის დროს შეიძლება, გარკვეული დაკონკრეტებები იყოს. ამაზე მომხსენებელიც დაგვეთანხმა და ასეთი რისკები ყოველთვის უნდა გამოირიცხოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ე.წ. ქურდული გარჩევის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.