მამუკა ჟღენტი – სააკაშვილისთვის ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო გამოიღებდა შედეგს, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა

სააკაშვილისთვის ტრეფიკინგის ან ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო ახლო იქნებოდა და შედეგსაც უფრო გამოიღებდა, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ, – ამის შესახებ საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) დამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია დაბრალების თვალსაზრისით. ჩვენი ხელისუფლების რიტორიკას რთულად მივყვებით, ლოგიკა არაფერში არსებობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი საქმეა და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, რეალურად ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ვერავის ბრალი ვერ დადასტურდება. სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისების სკითხზე მისი ბრალეულობა პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აბსურდული და შტერული გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ეს საკითხი არის მიუღებელი, ასევე საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, თან მიმდინარეობს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. როდესაც ეს ომიც დასრულდება და არჩევნებიც დასრულდება, აზერბაიჯანთან უნდა გავაგრძელოთ საზღვრის დელიმიტაცია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული და რატომ აკეთებენ ამას – ჭკუის ნაკლებობის გამო თუ უნდათ, რომ ვღაცასთან გამოიჩინონ თავი და აი, კიდევ ერთი არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ – ეს ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ჩვენს წინააღმდეგ ამ საქმის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანთან ამ კომისიას თავისი ფუნქციონირების წესები აქვს და ამ მოლაპარაკებებზე სისხლის სამართლებრივი საქმით ზეგავლენის მოხდენა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არც ერთ შემთხვევაში შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა ჟღენტმა.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები