„მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ სივრცეში პირდაპირ სიყვითლით შემოვიდა“
პოლიტიკოსმა და კრიზის მენეჯერმა, სოფო ხორგუანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა:
„მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ სივრცეში პირდაპირ სიყვითლით შემოვიდა.
დაახლოებით, იცით, როგორ არის?! აი, ახლა რომ ვიღაც ტელევიზორში გვიყურებს და იტყვის, ასე ხომ მეც ვილაპარაკებო. ალბათ, მამუკა ხაზარაძემაც ჩათვალა, რომ თუ ესენი არიან დეპუტატები და პოლიტიკოსები, მეც შევძლებო და ასე, პირდაპირ სიყვითლით შემოვარდა. იმედი მაქვს, საზღვარგარეთ იპოვის გამოცდილ პოლიტტექნოლოგებს, არ იძუნწებს, დაიქირავებს და თავისი ადგილის დამკვიდრებას სხვანაირი პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს.
ნულპროცენტიანი ბარიერი ქართული პოლიტიკისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს ძალიან კარგია. ბევრ ადამიანს მიეცა შანსი და მომავალში, ორპოლუსიანი ტოქსიკური გარემო აღარ იქნება.
შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის პიროვნული შუღლიც იყოს, მაგრამ ძირითადად, ყველაფერი, რასაც უახლოეს მომავალში ვნახავთ, რა განცხადებებიც გაკეთდება და რა პოზიციებსაც მოვისმენთ, ეს ყველაფერი ამ ახალი რეალობით იქნება განპირობებული.
შესაძლოა, უახლოეს მომავალში კიდევ ბევრი გადაჯგუფება-გადმოჯგუფება და ახალი აღიარებითი ჩვენებები ვნახოთ. ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი პოლიტიკური ატმოსფერო მთლიანად ნულპროცენტიანი პროპორციული არჩევნებითაა გაჯერებული“.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია რწმენის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება, სოფო ხორგუანმა განაცხადა:
„პირადად ჩემთვის ასეთი თემებით პოლიტიკური დივიდენდების მოგროვება აბსოლუტურად მიუღებელია“.