მამუკა ხაზარაძე – ქვეყანას სჭირდება საქმე, ოცნებების დრო წავიდა

ქვეყანას და ქალაქს სჭირდება საქმე, ოცნებების დრო წავიდა, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, პარტიის მიერ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს გადატვირთვა და აღორძინება სჭირდება, რაშიც „ლელო“ მოწინავეა.

„ჩვენ ქვეყანასა და ქალაქს სჭირდება საქმე, ოცნებების დრო წავიდა. ახლა მთავარია მთელი სულით და გულით, ასეთი გუნდით, ახალგაზრდებით და ახალი სახეებით, ადამიანებით, რომლებმაც იციან საქმე, არიან პროფესიონალები, განათლებულები, სუფთა წარსულით, სწორედ ასეთი გუნდი ქმნის განსხვავებას, სწორედ ასეთ გუნდს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ებრძოლონ მახინჯ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე დადგა. ჩვენ თბილისის ახალი გააზრება და ხედვა გვაქვს, ვიცით როგორი უნდა იყოს ქალაქი. ქალაქი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის იქნება და დაიბრუნებს თავის ბუნებრივ-ისტორიულ ფუნქციას, რომ იყოს კულტურის, საფესტივალო, საქმიანი ქალაქი, ინვესტიციებისთვის საინტერესო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ქალაქი. გვჭირდება თბილისი, სადაც ბავშვები არ იშიმშილებენ, ეს არის „ლელოს“ ერთ-ერთი პირველი ამოცანა და ჩვენ ამას შევასრულებთ. გვინდა ქალაქი, სადაც მოხუცები იქნებიან უზრუნველყოფილები და ამას საჯარო და კერძო პროექტებით გავაკეთებთ. თბილისი იქნება ქალაქი, სადაც ყველა ბიზნესმენი და საქმიანი ადამიანი შეუერთდება იმ წამოწყებას, რომ ეს ქალაქი იყოს ბედნიერებით სავსე ქალაქი. სწორედ ასეთ ქალაქს გპირდებით ჩვენ. გინდათ განსხვავება? – მაშინ მხარი დაუჭირეთ საქმეს.

„ლელო“ აგრძელებს თავისი არაჩვეულებრივი ლიდერების წარდგენას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, აღორძინება და „ლელო“ ამის ავანგარდშია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები