მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი აუქციონზე გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის პირველი ქალის, პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები პირველად აუქციონზე მისი გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს გაიყიდა. ახლა კი კოლექციონერმა მათი ბაზარზე დაბრუნება გადაწყვიტა და მათ 30 ათას გირვანქად აფასებს.
ტეტჩერის ნივთებს შორისაა ბიბლია, რომელიც მას 1995 წელს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რაინდული ორდენით დაჯილდოებისას აჩუქეს. მისი სავარაუდო ფასი 10 ათასი გირვანქაა.
აუქციონზე ასევე გაიყიდება ტეტჩერის ტანსაცმელი, მათ შორის Francois Neckar Couture of London-ის მარკის ლურჯი ფერის კოსტუმი, რომელიც აბრეშუმის პერანგისა და შალის ქვედაბოლოსაგან შედგება. ამ კოსტუმს ტეტჩერი 1980-იან წლებში ატარებდა. აუქციონზე მისი სავარაუდო ფასი 2,4 ათასი გირვანქაა.
აუქციონზე გასატან სხვა ნივთებს შორისაა ზამთრის პალტო, წყალშეუღწევადი ჩექმა, სავარძელი მისი სახლიდან, საფულე და ფაიფურის სერვიზი.
მარგარეტ ტეტჩერი დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტს 1979-1990 წლებში იკავებდა და ისტორიაში „რკინის ლედის“ სახელით შევიდა.

კომენტარები