მარგარეტ ტეტჩერი: „ზვიად გამსახურდია იყო 21-ე საუკუნის პოლიტიკოსი, ასეთი პრეზიდენტი ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა“

მარგარეტ ტეტჩერი: “ზვიად გამსახურდია 21-ე  საუკუნის პოლიტიკოსი იყო!”

ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის უპირობო როლზე საუბრობენ სსრკ-ს რღვევის საქმეში, მათ გასაგონად კვლავაც გავიმეორებ, საქართველოს ანტი-საბჭოთა, ანტი-კომუნისტურმა და დისიდენტურმა მოძრაობამ, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, უდიდესი როლი შეასრულა საბჭოთა იმპერიის რღვევის საქმეში. ამჟამად ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ერთ ფაქტსაც მოვიყვან, სწორედ ზვიად გამსახურდია აფინანსებდა, კონსტანტინე გამსახურდიას წიგნების გამოცემათა კუთვნილი ჰონორარიდან, ასეულ-ათასი საბჭოთა მანეთით, მაშინდელი 70-იანი წლების თავიანთ დისიდენტურ არალეგალურ გამოცემებს და ჟურნალებს. 70-იანი წლების დისიდენტური მოღვაწეობის უდიდესი შედეგი იყო, სწორედ ის ფაქტიც, რომ 1978წ. დასაწყისში, ამერიკის კონგრესმა საბჭოთა ჰელსინკის ჯგუფი: ზ. გამსახურდია და სხვები, ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის წარადგინეს, საბჭოთა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და თავისი ყველანაირი გავლენა გამოიყენა ნორვეგიის ნობელის კომიტეტზე, რათა საბჭოთა დისიდენტებს ნობელის პრემია არ მიეღოთ. სწორედ ამავე პერიოდში დააპატიმრეს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა.

მეოცე საუკუნის დასავლეთის, ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ქალმა პოლიტიკოსმა მარგარეტ ტეტჩერმა, ე. წ. “რკინის ლედიმ”, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 1979-90წწ., ასე დაახასიათა კრემლის დახმარებით, კრიმინალური ბანდების ამბოხებით და სისხლიანი პუტჩით, ხელისუფლებიდან უკვე ჩამოშორებული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია: “ზვიად გამსახურდია იყო 21 საუკუნის პოლიტიკოსი, ასეთი პრეზიდენტი ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა”.

ვაცლავ ჰაველმა – აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტური მოძრაობის ყველაზე ცნობილმა ლიდერმა და მაშინ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტმა, განუცხადა ზვიად გამდახურდიას, რომ ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ და აგრეთვე 1989წ. 9 აპრილის მოვლენებმა, გადამწყვეტი როლი შეასრულეს, საბჭოთა იმპერიისა და კომუნისტურ-ტოტალიტარული სისტემების დანგრევაში, როგორც სსრკ-ში ისე აღმოსავლეთ ევროპაში.

1978 წელს საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე პეტრე გრიგორენკო ხაზგასმით მიუთითებდა: „მჯერა დადგება დრო, როდესაც ქართველი ხალხი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავის უდიდეს ეროვნულ გმირებად შერაცხავსო“-ო. (ემიგრანტული ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ N: 21 1978წ.).

ცნობილი რუსი უფლებათადამცველი ქალბატონი ნატალია ტელევნაია: “ზვიად გამსახურდია არის ტრაგიკული პიროვნება, იგი საქართველოში მოვიდა მისი ისტორიის, ალბათ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში და მოვიდა ოქროს საუკუნიდან, სადაც მას თეოლოგსა და მოაზროვნეს შესაფერისი ადგილი ეჭირა თამარ მეფის ბრწყინვალე სასახლის ფილოსოფიურ დისპუტებზე. მაგრამ იგი დაიბადა სისხლიან XX საუკუნეში, როცა შინაგანად აფეტქებული დროთა კავშირი დაირღვა…..
ხალხის რჩეული, საქართველოს რჩეული მზად იყო ემსახურა მისთვის, როგორც რაინდს, მაგრამ იგი არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი თანამედროვე გაგებით და პოლიტიკა მას ესმოდა როგორც დისპუტი ჭეშმარიტების დასადგენად. მისი მოწინაარმდეგეები იყვნენ პროფესიონალი ჯალათები…..მისი პრეზიდენტობის გზა ცნობილია – ეს არის გოლგოთისაკენ აღმავალი გზა!
პრეზიდენტი დისიდენტი, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ, იქცა პრეზიდენტ – მოწამედ. საერთოდ მასში იყო რაღაც ქრისტიანი მოწამისა და სხვა დროს რომ ეცხოვრა გახდებოდა რწმენის მოღვაწე და მოწამე…
Телевная Н. М.
Почва и судьбы «Свободная газета» (Москва, 1999).

„იგი კეთილშობილია, ალალი, წმინდა და განასახიერებს სიბრძნეს, მწერლის ნიჭს და სიმტკიცეს ბავშვურად გულუბრყვილო მარტვილისა, იგი მთელი სიცოცხლე ებრძოდა კომუნიზმსა და მისგან ათავისუფლებდა თავის პატარა ქვეყანას. იგი მარად დისიდენტია, რომელმაც გადაიტანა ციხეც, წამებაც და კატორღაც… იგი ალმოდებულ გემზე კაპიტნად რჩება და ურჩევნია ჩაიძიროს, ვიდრე ალამი დაუშვას, ესაა ზვიად გამსახურდია ქართული სიბრძნის და ღირსების სიმბოლო“.
უფლებათადამცველი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია, რუსეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

„ვითარებათა გამო 70-80-იან წლებში მე „ვკურირებდი“ საქართველოს. ჩვენგან გადიოდა საქართველოში ე. შევარდნაძის მდივნობის ჯამს უკანონობისა და რეპრესიების შესახებ ინფორმაციიის დიდი ნაწილი… ინფორმაციის გაფორმებასა და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებში მის გადაცემას მე და ჩემი მოსკოველი კოლეგები მუდამ ზვიად გამსახურდიას დახმარებით ვახერხებდით… ზვიადი იყო ერთადერთი ძაფი, რომელიც გამოფხიზლების გზაზე მდგარ საქართველოსთან გვაკავშირებდა… იგი მუდამ ებრძოდა ე. შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას ეკლესიის ღირსების დასაცავად, საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისათვის…
დილის ლოცვისას მუდამ შევსთხოვ ღვთისმშობელს, რათა სულიერი სიმხნევე არ მოაკლოს ბოროტ ძალთა მიერ თავით ფეხებამდე ცილნაწამებ ჩემს ტანჯულ მეგობარს, მონას ღვთისას ზვიადს, რომელსაც 28 წელია ვიცნობ. მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა. ჩემთვის საქართველო, როგორც ქვეყანა არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“.
ადელა ნადეინოვიჩი, გულაგის ყოფილი პოლიტპატიმარი, რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცავი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი.

Top of Form

Bottom of Form

 

კომენტარები