მართლმადიდებელი სამყარო 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს – წმინდა ანდრია პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა

მართლმადიდებელი სამყარო 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვტისმშობლის დავალებით გამოემართა. უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, საბერძნეთის ქალაქი პატრა იყო, სადაც წმინდანის ლოცვით უამრავი ადამიანი მოექცა, თუმცა ქალაქის თავის ეგაეტის ბრძანებით, წმინდა მოციქული ჯვარს აცვეს. 2002 წლის 15 აგვისტოს ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა საჩუქრად. ქართველთა პირველი განმანათლებელი წმინდანის ხსენების დღე 12 მაისსაც აღინიშნება.

წმინდა ანდრია პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა.  მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული – ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. წმიდა მოციქული ანდრია ებრაელი მეთევზე, იყო წმინდა პეტრე მოციქულის ძმა. სანამ ქრისტეს მოწაფე გახდებოდა, წმიდა ანდრია იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. როცა იოანემ მისკენ მომავალი ქრისტე შენიშნა, წმიდა ანდრიას უთხრა, თუ ვინ მოდიოდა მათკენ. წმიდა ანდრიამ იხილა რა ქრისტეს ღმრთიურობის განცხადება მისი ნათლისღების დროს, იმ დროიდან აღარ მოშორებია მაცხოვარს. იგი პირველია, ვინც დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომ ეწოდა ანდრია პირველწოდებული.

წმიდა ანდრია პირველწოდებულმა, სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ, ქრისტიანობის ქადაგებით მოიარა მრავალი ქვეყანა. მან შემოიარა საბერძნეთი, მცირე აზია, საქართველო  და კიევამდე მივიდა.

წმიდა ანდრია იყო პირველი, რომელმაც ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში. წილისყრის დროს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, საქართველო, ანუ იბერია, ღმრთისმშობელს ხვდა წილად გასაქრისტიანებლად, მან კი მაცხოვრის კურთხევით თავის მაგივრად გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული და თან გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი. წმიდა ანდრია ამ ხატით და უფლის ნებით უამრავ სასწაულს ახდენდა. მან თავისი თავდაბლობითა და მხურვალე ქადაგებებით შეაყვარა თავი ხალხს, რომელიც ეუბნებოდა ანდრიას: „ჭეშმარიტად შენ კეთილი და მოწყალე ღმერთის მოწაფე ხარ, რომელიც ჩვენ შენი ბაგეებით გვესაუბრება“.

წმიდა ანდრიას დიდ აჭარაში დაუარსებია პირველი ეკლესია ღმრთისმშობლის სახელზე, პირველი მღვდლებიც და დიაკვნებიც აჭარაში დაუდგენია. დიდ აჭარიდან აწყურში (ძვ. სოსანაგეთში) ჩამოსულა, სადაც დაუარსებია საქართველოში პირველი საეპისკოპოსო.

ამ დროს წმიდა ანდრიასთან ერთად ყოფილან წმიდა სვიმონ კანანელი და წმიდა მატათაც. მოციქულებმა აწყურში დატოვეს ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რის გამოც ამ ხატს „აწყურისა“ეწოდა.

წმ. მოციქულებმა აჭარის, ტაო–კლარჯეთისა და სამცხის გარდა იმოგზაურეს სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში. მეფე ადერკს, რომელიც მეფობდა მოციქულების საქართველოში შემოსვლისას, არ გამოჰპარვია ქართველების გაქრისტიანება და სასტიკი დევნა დაუწყო მათ. მისი ბრძანებით წმიდა სვიმონ კანანელი და წმიდა მატათა მოაკვდინეს, წმიდა ანდრიამ კი კლარჯეთის ერისთავის წყალობით მშვიდობით დააღწია თავი ადერკს.

შემდეგ წმიდა ანდრიამ შემოიარა საბერძნეთი. ქ. პატრში მან მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნა ქალაქის უფროსის – ეპარქის ცოლი და ეპარქის ძმაც – ფილოსოფოსი სტრატოკლე, რომლებიც ქალაქის სხვა მცხოვრებლებთან ერთად დაუყოვნებლივ მოიქცნენ ქრისტეს რჯულზე. თვითონ ეპარქი ამ დროს რომში იყო წასული. დაბრუნების შემდეგ წმიდა ანდრიას მოსთხოვა უარი ეთქვა თავის მრწამსზე. ის, რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა ეპარქს და ამიტომ ეპარქმა წმიდა ანდრია საპყრობილეში მოათავსა, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა იქსისებურ ჯვარზე.

სამ დღესა და ღამეს იყო იქსისებურ ჯვარზე გაკრული წმიდა ანდრია მოციქული. ქრისტიანებმა აიძულეს ეგეატი თვითონ მისულიყო მის ჩამოსახსნელად, წმიდა მოციქულმა კი მაცხოვარს შესთხოვა, არ მიეცა უფლება წარმატებისათვის, რათა ჩამოეხსნათ იგი. ქრისტემ შეიწყნარა მისი ერთგული მოწაფის უკანასკნელი სათხოვარი და ჯვარზე აღესრულა 62 წ. ახალი სტილით 13 დეკემბერს (30 ნოემბერს ძველი სტილით). მისი ხსენება საქართველოში წელიწადში სამჯერაა: 13 დეკემბერს, 12 მაისს და 13 ივლისს.

 

კომენტარები