მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს- რატომ აღვნიშნავთ, მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი 25 დეკემბერს?

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

. ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: -„ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ქრისტიანულ სამყაროში შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია.  საქართველო ამ დღეს ჯერ კიდევ იულიუსის კალენდრის შესაბამისად, 7 იანვარს აღნიშნავს. მსოფლიო ქრისტიანთა დიდი უმრავლესობა კი, 25 დეკემბერს გრიგოლიანული კალენდრის მიხედვით.

შობის ქართულ რიტუალებში აშკარაა, რომ ცოცხლდება ისტორია, განკაცებული მაცხოვრის დაბადების თქმულების შესახებ საგალობლებით, შესაწირავითა და ქრისტეშობის მახარობლებით. ხალხურმა კულტურულმა არქეტიპებმა ანტიკური ხანის ზოგიერთი ქართული წეს-ჩვეულება ამ დრომდე შემოინახა და ქრისტიანულ წესებს შეერწყა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში უნიკალური საშობაო რიტუალები სრულდება. მართალია, ზოგიერთი მათგანი უკვე დავიწყებას მიეცა და დრომ შთანთქა, მაგრამ უძველესი ქვეყნის კუთხურ თავისებურებებზე ცნობები მაინც არსებობს.

„24 დეკემბერი დახუნძლული იყო ხალხური რიტუალებით. რომელიც მრავალფეროვანი იყო, რადგან ჩვენი ქვეყანა შედგება მრავალეთნოგრაფიული მხარისაგან  და ამ ისტორიულ მხარეებს თავიანთი ლოკალური ტრადიციები წარმოადგენს. სულიერად ემზადებოდნენ. ამ დღეს ახლდა სამზადისი შობის ხალხური რიტუალებისათვის.

ქრისტიანობამდელი მესაქონლეობასთან დაკავშირებული რწმენა – წარმოდგენები იყო შემორჩენილი. კვერების ცხობის ტრადიცია დიდი რაოდენობით გვხვდება საშობაო სამზადისში. სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, საქონლის, ყურძნის, ბეღელის. ასე ასულიერებდნენ უსულო სამყაროს ჩვენი წინაპრები.“

ხორბალი და ღვინო უხსოვარი დროიდან საღვთო შესაწირავს წარმოადგენდა გაქრისტიანებამდე. ძველი ქართველები პურსა და ღვინოს ნაყოფიერების, ამინდის, მოსავლისა და პირუტყვის მფრაველ ღვთაებებს წირავდნენ. ახლა, ეკლესიაში ზიარების საიდუმლოს აღსრულების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.

„ქართლსა და სვანეთში იყო რიტუალი კორკოტობა, იმართებოდა ლოცვები, დედა ღვთისმშობელს ავედრებდნენ სამშობლოს. ეს იყო ზედაშე, წმინდად შენახული ღვინო, შესაწირავი პური, ეს ანტიკური ხანიდან მოდიოდა და სეფისკვერიც ამის ვარიაციაა. თუშეთში დიდი კორკოტობა მზადდებოდა. მწუხრის ჟამს მიმდინარეობდა საოჯახო ლოცვა, ესეც ქრისტიანულ წესთან, საღამოს ლოცვასთანაა დაკავშირებული, რომელიც იმეორებს ხალხურ წეს-ჩვეულებას. “

შობის შესაწირი დამოკიდებული იყო, იმაზე, თუ რომელი კულტურა იყო გავრცელებული ამ თუ იმ რეგიონში. წირავდნენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასი იყო მათთვის. მარცვლეული თუ პირუტყვი, ღვინო თუ ცხოველური ნაწარმი, ქადა თუ კვერი.

ალილოს ტრადიციად შემონახული უძველესი საშობაო რიტუალი ის გამონაკლისია, რომელიც შორეული ისტორიიდან ახლაც ცოცხლდება. ადრე, ალილოს ასრულებდა მამაკაცთა გუნდი, შემდეგ ბავშვებით შეიცვალა. ამ რიტუალს აღმოსავლეთ საქართველოში ჭონაობას ეძახიან, დასავლეთში კი – ალილოს. ამ წეს – ჩვეულებაში მოგვების განსახიერება ხდება, ისინი ქრისტეშობის მახარობლის როლს ირგებენ და მსვლელობისას ულოცავენ ყველას.
საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს. უკვე საუკუნეებია, ქართველები ალილოობის მონაწილეებს და მიმლოცველებს სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებიან: „ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა, რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა.ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

„ბიბლიის“ მიხედვით, ისრაელი იმ დროისათვის რომის იმპერატორს ემორჩილებოდა. ერთხელაც, იმპერატორმა ბრძანება გამოსცა, ყველა ჩემი ქვეშევდრომი იმ ქალაქში ჩაეწეროს, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენო. იოსების და მარიამის მშობლიური ქალაქი ბეთლემი იყო. ისინი გაემგზავრნენ ბეთლემისკენ და როცა ქალაქში მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ხალხის ჩამოსვლის გამო, ბეთლემი გადავსებული იყო. ამიტომ რადგან ბინა ვერ იშოვეს, ქალაქის განაპირას, მწყემსების გამოქვაბულს შეაფარეს თავი. სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო. შვა ვაჟი – ძე ღვთისა. მწყემსებმა, რომელნიც ქალაქის სიახლოვეს ცხვარს აძოვებდნენ, ცაში დაინახეს ნათება და ბრწყინვალე ანგელოზი, რომელმაც ხალხს მაცხოვრის დაბადება ახარა…

საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და ჩვენი ეკლესია მას დღემდე იცავს.

ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

გადმოცემის მიხედვით, ბეთლემში ყრმა იესოს მოგვები ადიდებდნენ და უგალობდნენ. ქართული კულტურა საკმაოდ მდიდარია კუთხური, მრავალფეროვანი ხალხური საშობაო სიმღერებითა და საგალობლებით. შობა ქართული მრავალხმოვანების გარეშე, წარმოუდგენელია. თითოეულ სოფელში სრულდება საგალობლები, ტკბილი ჰანგებით ულოცავენ ერთმანეთს ქრისტეს დაბადებას. ერთობით ადიდებენ და თაყვანს ცემენ უფალს ფერხულით. უფლის მარადიულობის  სიმბოლოდ წრეში დგებიან და  ასრულებენ სარიტუალო ცეკვებს.

შობის ღირსშესანიშნაობისთვის მიძღვნილი ქართული უნიკალური საზეიმო წარმოდგენაა ბერიკაობაა – ყეენობა. ძველად ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას, ბოლო წლებში კი, ბერიკებს შორის გოგონებიც გამოჩნდნენ. მასკარადის ტიპის საზეიმო რიტუალი მხოლოდ ქართველი ქრისტიანებისთვის არაა დამახასიათებელი. მას ევროპაშიც ასრულებენ.

ბერიკაობა – ყეენობა არ არის ერთადერთი სარიტუალო მსგავსება ევროპული შობის ტრადიციებთან. აღმოსავლეთ საქართველოში, მთიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობენ ქადებს. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. საახალწლოდ ქადებს მესხეთ – ჯავახეთშიც აცხობენ, კარაქ წასმული ცომით. თითქმის ანალოგიურ ქადას ვხვდებით ევროპაში, სადაც ერთ-ერთ საშობაო ნამცხვარს სწორედ შტრეიზელი წარმოადგენს, რომელსაც ჩვენებური ქადის გულით ცხვება.

მაშინ, როცა საქართველოში საბჭოთა ეპოქა დადგა, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა და რიტუალების შესრულება გარკვეულ წილად მივიწყებას მიეცა შიშის გამო. ათეისტურ საბჭოეთში შობის დღესასწაულის მასშტაბურობა საერო ზეიმმა, ახალმა წელმა შეითვისა. თითქმის საუკუნოვანმა ათეისტურმა მმართველობამ ბევრი რელიგიური რიტუალი დროს გაატანა, ისტორიაში ჩაკარგა, ხალხური მეხსიერებიდან მაინც ვერ ამოშალა. ძველად სახლებში, აღმოსავლეთ სარკმელში სანთელს ანთებდნენ, ლოცვას აღავლენდნენ.  ასე ახდენდნენ ქართველები იმის აფიშირებას, რომ კონკრეტულ სახლში ქრისტიანები ცხოვრობდნენ და ქრისტეს შობას ზეიმობდნენ.

ბოლო რამდენიმე წელია რაც, სარკმლებში სანთლის ანთების ტრადიცია აღდგა. ახლა, თითოეული ქრისტიანის სარკმელში ანთებული სანთელი საკრალურ იერს აძლევს ქუჩებს, უბნებს, ქალაქებს, სოფლებსა და მთლიანად საქართველოს.

„სარკმელში სანთლის ანთების ტრადიცია ძველი ხალხური რიტუალია, რომელიც სრულდებოდა საუკუნეების განმავლობაში. პატრიარქი მთიელია და იცის, ხალხური წეს – ჩვეულეები და საკმაოდ პატივისცემით აპყრობა მათ. სწორედ ამ ტრადიციით აღდგენაა ამის გამოხატულება.“

საშობაო მსახურებას  ილია მეორე აღასრულებ – „ალილოს“ მსვლელობა სახეცვლილად ჩატარდება

რატომ აღვნიშნავთ, მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი 25 დეკემბერს?

კომენტარები