მართლმადიდებლებო გილოცავთ! 8 ოქტომბერს კათოლიკოსის, წმიდა არსენი დიდის ხსენების დღეა

წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაახლოებით 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის ოჯახში დაიბადა.

აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ, გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. ბერებმა მშობლებს აღუთქვეს, კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტს, გრიგოლს, წარუდგენდნენ ყრმას.

როცა ღირსმა გრიგოლმა თავისი რჩეული ძმები – თეოდორე და ქრისტეფორე მოიძია აფხაზეთში და მათთან ერთად კვლავ კლარჯეთს დაბრუნდა, ყრმა არსენი, მომავალი „კათოლიკოზი ქართლისა და მცხეთის საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი“ და ჭაბუკი ეფრემი, შემდგომ აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, თან გაიყოლა.

წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია.

არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.

წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს და „მხიარულებით მიიწია ქრისტესა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა“.

კომენტარები