მარინა ეზუგბაია: „დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება, ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება“

-„ჯერ ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, – ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ, დღეს ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა, ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა, ალბათ,  იქ,  დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები