მარინა ეზუგბაია: „რაც უფრო მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, – ნაკლებია გავრცელების საშიშროება“

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„რაც მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, მით უფრო ნაკლებია დაავადების გავრცელების საშიშროება.

ახლა გვაქვს გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი, ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანების იზოლაცია ხდება, რის შედეგადაც გავრცელების მაქსიმალურ პრევენციას ვახდენთ.

158 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: 87 გახლავთ აჭარიდან, 28 – სამეგრელო, 19 – იმერეთი, 6 – გურია, 18 კი თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს.

ამ რიცხვმა, 158-მა არ უნდა შეგვაშინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ უნდა დავიცვათ. პირიქით, თვითრეგულაცია უნდა გავამკაცროთ, მაღალი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, შევინარჩუნოთ დისტანცია, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჰიგიენის წესები.

მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განახორციელეს, ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი მყისიერი გამოკვლევა. ბათუმში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ და ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ისევე როგორც ცაგერი. ტარდება აქტიური ზომები იმერეთსა და სამეგრელოში. მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა, და ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ სწორედ ამას მივყავართ დაავადების ლოკალიზაციისკენ. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამედიცინო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის და, შესაბამისად, დროული რეაგირების შედეგად სიტუაცია ისეთივე მართვადი გახდება, როგორიც აქამდე იყო“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები