მარინა ჯანაშია: „ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა“

-„ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. გერმანიის კლინიკაში ვიწექი. ჩემთან თვეების განმავლობაში ვაჟიშვილი თემიკო იყო. მას მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. ძირითადად გათიშული ვიყავი. რაღაც პერიოდებში, როცა გონს მოვეგებოდი, ვფიქრობდი თეატრზე, სპექტაკლზე და მაყურებელზე.

მახსოვდა, რომ „ბებერ ჯამბაზებზე” ბილეთები გაყიდული იყო. ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე, ამ ბილეთებს ხომ არ დააბრუნებენ, სირცხვილია, მაყურებელი რომ გავაწბილოთ-მეთქი. პროფესორს მუდმივად ვეკითხებოდი, როდის ავდგები, სპექტაკლი მაქვს დანიშნული-მეთქი. მიყურებდა გაოცებული, ნამდვილად გიჟად მთვლიდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ეს კიდევ რას ფიქრობსო.

ერთ დღესაც ბურუსიდან ახალ თავდაღწეულს ნაცნობი ფიგურა მომელანდა. მხედველობა დავძაბე და ვხედავ – კახი კავსაძე. ზამთარი იყო, ეცვა პალტო, ეხურა ქუდი და ხელში ეჭირა პარკი, ქართული ხილით სავსე. გვერდით ჰყავდა თარჯიმანი. დაინახა ჩემი პროფესორი და ეძახის თავისებურად, გამოკვეთით: „ბიჭო, მოდი შენ აქ!“. თარჯიმანს უთხრა: „უთარგმნე, ეს ბოვშვი როდის ადგება, სპექტაკლი აქვს სათამაშო“. აი, მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა გერმანელი პროფესორი, რომ საქართველოში გიჟები ვცხოვრობდით!

თემიკოს როცა გადაწყვეტილად უთხრეს, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი, თავს ვერ მოერია და ტირილი დაიწყო. შვილის ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, დავიფიცე, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, რომ ჩემს ოჯახს, შვილებს ამ ტკივილისთვის არ გავიმეტებდი. ეს გავიფიქრე და ისევ გავითიშე. თურმე გათიშული ფეხის თითებს, ტერფებს ვამოძრავებდი და ერთგვარ ვარჯიშებს ვაკეთებდი. მთელი მედპერსონალი ჩემს საწოლთან შეკრებილა და ამბობდნენ, რომ ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის.

თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე, როგორც ბავშვმა. სულ ვფიქრობდი, რომ გადავრჩებოდი, ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი. ოდნავ რომ მოვმჯობინდი, ჩემებს ვუთხარი, წამიყვანეთ სოფელში, იქ მშობლიური გარემო არის ჩემი მკურნალი-მეთქი. ჩემი დედულეთია საჩხერის რაიონის სოფელი სხვიტორი. ეშინოდათ, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის გარეშე როგორ უნდა იყოო. ჩემი გავიტანე და წამიყვანეს.

ზაფხულისპირი იყო. ხელით გადამიყვანეს მანქანიდან. მეორე დღეს კი უკვე ჩემით, მარტო გამოვედი ეზოში. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ყოველი დღე სიცოცხლეს წვეთწვეთობით მჩუქნიდა, მერე იქვე აუზზეც დავიწყე სიარული, ვცურავდი, ვსეირნობდი და ცხოვრებას ვუბრუნდებოდი.

მერე დავბრუნდი თბილისში და უკვე ჩემი ოცნების ახდენის ჟამი დადგა. დაინიშნა სპექტაკლი. ვისაც უნახავს, იცის, რომ მე და მარინა კახიანი პირველი მოქმედების დასასრულს შპაგატში ვსხდებით. ერთი რეპეტიცია გავიარეთ, ყველანი თავს დამფოფინებდნენ, მიფრთხილდებოდნენ. გადაწყვიტეს, რომ ეს სცენა შეეცვალათ. მარინა ჩაჯდებოდა შპაგატში, მე კი რაღაც მარტივ მოძრაობას გავაკეთებდი.

სპექტკალზე სრულიად შევიცვალე, არც სისუსტეს ვგრძნობდი და აღარც ავადმყოფობა მახსოვდა. ეტყობა, სხეულს თავისი მეხსიერება აქვს და ვხვდებოდი, რომ უკვე შემეძლო ამ რთული ტრიუკის შესრულება. მარინა კახიანი, ეს საოცრად ნიჭიერი მსახიობი, წამებში მიხვდა, რასაც ვაკეთებდი და ადგილი გამითავისუფლა. ისე თავისუფლად ჩავჯექი შპაგატში, თავადაც არ მჯეროდა. არასდროს დამავიწყდება ის წუთები და ოვაციებით ფეხზე მდგარი მაყურებელი.

დიდი მადლობა უპირველესად ქართველ ექიმებს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს და დღემდე ყურადღებას არ მაკლებენ. სულ ვგრძნობდი საზოგადოების სიყვარულს, ეს სიყვარული მაძლიერებს“, – ამობობს მარინა ჯანაშია.

მარინა ჯანაშიას სიმსივნის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, გაუსაძლისი ტკივილების გამო მორფზე იმყოფებოდა. ორ წელიწადში მან 14 ოპერაცია გაიკეთა და სიკვდილი დაამარცხა. მსახიობი ახლა თავს კარგად გრძნობს.

წყარო: „სარკე“

კომენტარები