მარნეულში „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება

მარნეულში, ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის წინ „ქართული ოცნების“ წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევას აპროტესტებდნენ.

თვითმხილველების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ცესკოში შეჭრა სცადეს, ინციდენტი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. რამდენიმე ადამიანი პოლიციაში, გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

-„აქციაზე მმართველ გუნდსა და მის წარმომადგენლებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ.

ამის შემდეგ ლაშა ქველაძე შენობაში შეჭრას აპირებდა, იყო კამათი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთ წარმომადგენელს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა პერანგი შემოახია. საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას ვაწვდიდით, როგორი ტაქტიკა შეიძლება ჰქონოდა რადიკალურ ოპოზიციას და მათი მხრიდან პროვოკაციების მატება მოსალოდნელი ოქტომბრისთვის იყო და ამას ყველა ვხედავთ. ასეთი პროვოკაციები რამდენიმე ოლქში მომატებულია, მათ შორის, ქვემო ქართლში და თბილისში, კონკრეტულ რაიონში.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მმართველი გუნდის მთავარი ამოცანაა,  31 ოქტომბრამდე სამართლიანი და მშვიდობიანი პროცესით მივიდეთ და ამომრჩეველმა თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთოს“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მანამდე ინციდენტი ნახიდურში 27 სექტემბერს მოხდა. 16 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სოფელში დაძაბული ვითარება დილიდან იყო, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატებს აკრავდნენ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ. „ოცნების“ აქტივისტები ამ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ.

საღამოს ხელკეტებით შეიარაღებული „ნაცმოძრაობის“ 30-მდე აქტივისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, მოხდა დაპირისპირება. დაშავებულია მმართველი გუნდის რამდენიმე აქტივისტი, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ კრიმინალურ რეჟიმში მოქმედებს. მათიკაშვილი სამართალდამცავი ორგანოებისგან ფაქტზე უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები