„მარტივად ვაფასებ ვითარებას – le figaro premium-ის ჟურნალისტის, იზაბელა ლასერის სტატია დაკვეთილია და დაფინანსებულია ჩემი პოლიტიკური მტრების მიერ“

პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელში წერს:

„მარტივად ვაფასებ ვითარებას – le figaro premium-ის ჟურნალისტის, იზაბელა ლასერის სტატია დაკვეთილია და დაფინანსებულია ჩემი პოლიტიკური მტრების მიერ.

გავეცანი ჩემს შესახებ le figaro premium-ის სტატიას. შთაბეჭდილება იმდენად მძიმეა და იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ საჭირო ვთვლი, როგორც ამ პოსტის გამოქვეყნებას, ისე გამოცემის რედაქციისთვის სპეციალური წერილის მიწერას.

პროფესიით ტელე-რადიო ჟურნალისტი ვარ. სწორედ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მრავალ ევროპულ, თუ ამერიკულ მედიასაშუალებასთან მქონია კოლეგიალური ურთიერთობა და როგორც მახსოვს, პატიოსან ჟურნალისტიკად ითვლებოდა და ითვლება არა რესპონდენტისადმი ზიზღის გამოხატვა, არამედ მისი ქმედებების, მოსაზრებების საღი კრიტიკა. თქვენი დროის ხარჯვად არ ღირს დისკუსია იმაზე, რომ ეს სტატია სრულიად ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტს. მე სულ სხვა ასპექტზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება.

ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოურ გამოცემაში ან დაფინანსებული კომენტარის, ან თითქოსდა სარედაქციო სტატიის სახით, ჩემზე აბსოლუტურად მცდარი, ცილისმწამებლური სტატიები დაიბეჭდა.

პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კამპანიას აფინანსებს როგორც სამყაროზე გაბოროტებული სააკაშვილი, ისე ვითომ მასთან დაპირისპირებული ბოკერია.

მარტივად ვაფასებ ვითარებას: le figaro premium-ის ჟურნალისტის იზაბელა ლასერის სტატია დაკვეთილია და დაფინანსებულია ჩემი პოლიტიკური მტრების მიერ:

1) გაავრცელა ტყუილი, თითქოსდა შევიჭერი კონფერენციაზე;

2) გაავრცელა ტყუილი, თითქოსდა კონფერენციაზე მივედი პარტიის აქტივთან ერთად; ყველამ იცის, მარტო მივედი;

3) მაყენებს პირად შეურაცხყოფას; ესაა უმდაბლესი პოზიცია ჟურნალისტიკაში.

ცხადია, მივწერ გამოცემის რედაქციას და ცხადია, ვიმოქმედებ ამ კუთხით, მაგრამ სტატიის ქართველ დამკვეთებს – სააკაშვილსა და ბოკერიას ვეუბნები: მაგარი საცოდავები ხართ. ჩემს წინააღმდეგ დასავლეთში ფულის ხარჯვა დაიწყეთ, ე.ი. გეშინიათ. სწორად გეშინიათ.

p.s. ისე, როცა ჟურნალისტი ხარ (ფრანგი ხარ თუ იაპონელი, სულ ერთია) დაგიკვეთეს სტატია, გადაგიხადეს ფული და წერ, რომ ესა და ეს პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა, სარკეში ყოველი შემთხვევისთვის მაინც უნდა ჩაიხედო“, – წერს ირმა ინაშვილი.

ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა წერილი –  “საქართველო სუსტდება ევროპა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებით”.

იზაბელ ლასერი სექტემბერში თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს:

“ბაბა იაგას ჰგავს, რუსული თქმულებების პერსონაჟს, რომელიც ბავშვებს აშინებს. მთლიანად შავებში ჩაცმული, აალებული თვალებით, მჭახე ხმით, ირმა ინაშვილი რაკეტასავით შეიჭრა სექტემბრის შუაში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ბოყინით, მიწოლით, უხეში ბიძგებით, რამდენიმე თანაშემწის თანხლებით პატრიოტთა ალიანსიდან, ქართული პრორუსული პარტიიდან, მას სურდა რუსეთთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის ჩაშლა”.

კომენტარები