„მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსლიმებსაც ეხმარება, – როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით… “ – ილია მეორე

-„როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით…
წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე, მშობელი, მოწყალე მამა. ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის მოწყალება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აღესრულებინოს წმინდა ნიკოლოზს თხოვნა, მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსლიმებსაც ეხმარება.
მახსენდება უწმინდესისა და უნეტარესი ეფრემის მონაყოლი, წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა განსაკუთრებით. ბათუმში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ხატია წმინდა ნიკოლოზისა. მივიდა მიტროპილიტი ეფრემი და ეუბნება ხატს: „შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, გეხვეწები, სთხოვე პატრიარქს, მოწყალება მოიღოს ჩემ მიმართო”. სულ შეიცვალა მის მიმართ დამოკიდებულება და შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ეფრემ მეორე.
საოცრად მოწყალეა წმინდა ნიკოლოზი. არ არის შემთხვევა, რომ ადამიანმა სთხოვოს და მან არ მიიღოს თხოვნა. მინდა, გავისხსენო ჩემი შემთხვევა. აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემთან სწავლობდა არქიდიაკონი ხარიტონი, რომელიც დასავლეთიდან იყო. ბათუმში ჩამოვიდა ოთხშაბათ დღეს და მითხრა, – მიჭირს და დამეხმარეო. მე ვუთხარი, რომ ყოველ ოთხშაბათს ვასრულებთ პარაკლისს წმინდა ნიკოლოზისა, სთხოვე წმინდა ნიკოლოზს და დაგეხმარება-მეთქი. იმ დღეებში ვხედავ სიზმარს – წმინდა ნიკოლოზი შემოსილია, ტახტზე ბრძანდება დაწოლილი, ხელი აქვს გამოწვდილი, მეფერება თავზე და მე მიხარია. ვეკითხები, – ხარიტონი-მეთქი? წმინდა ნიკოლოზი მპასუხობს: „ხარიტონი ამოვიყვანე ორმოდან და მეტი რაღა გინდაო?“
უწმინდესმა ეფრემ მეორემ გაიღო მოწყალება და ის მიიღო ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, მღვდელ-მონაზონი იყო. თანდათან დაიმსახურა და გახდა არქიმანდრიტი. მთელი წლები წმინდა ნიკოლოზი სწყალობდა. დიდება და მადლობა უფალს! მე ვუთხარი მას, რომ წმინდა ნიკოლოზმა ამოიყვანა ორმოდან. იმის შემდეგ სულ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს. გარდაიცვალა, დაასაფლავეს ეკლესიის ეზოში.
როცა გაგიჭირდებათ, სთოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით. ახლაც, ამ რთულ დროს, მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ მოიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.

ჩვენთან არს ღმერთი!“

სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარი. 22 მაისი, 2020 წელი

კომენტარები