“მაღალი ალბათობით, ხვალ, პარტნიორთა კრებაზე, ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება”- ექსპერტი

ხვალ, „რუსთავი 2-ის“ პარტნიორთა კრებაზე, ტელეკომპანიის ფინანსურ საკითხებზე იმსჯელებენ. „რ2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ სხვა პარტნიორებისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავაზე უარს იტყვის, თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ.

აღნიშნულ საკითხს, ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ნინო ნიჟარაძის ბრალდებები, ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება. მისი თქმით, ხვალ, პარტნიორთა კრებაზე, შესაძლოა ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს.

“როგორც შევიტყე, ხვალ, 25 მაისს, „რუსთავი 2-ის“ პარტნიორთა კრებაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება. არსებული კანონმდებლობით კი, ეს  ჩადენილი დანაშაული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ასევე, ცნობილია, რომ თუ ასეთ საქმეზე გენდირექტორს დაემუქრა ციხე, დღის წესრიგში დგება კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც.

მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება. შესაძლოა, ტელეკომპანიის მფლობელები მას გაემიჯნონ. ანუ დადგება შეკითხვა: განეშორები გვარამიასა? პასუხად, სავარაუდოდ – განვეშორები! და სამჯერ თანდაყოლილი „ფუი ეშმაკს!“
ექსპროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის, რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე, თუკი ბრალდება დამტკიცდა.
რატომ ჩაიდინა ეს? მიზეზი მარტივია – ამოცანაა, ფინანსებისგან დაცლილი ტელეკომპანია, ადრე თუ გვიან, დახვდეს ქიბარ ხალვაშს…
დაველოდოთ ხვალინდელ სავარაუდო „განვეშორების“ შეძახილს „ერორის“ პარტნიორთა კრებაზე…“, – წერს გია აბაშიძე“.

კომენტარები