მაშინ დაიწყო დიდი უგუნურობის ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება! – ვალერი კვარაცხელია:

– “როგორც ბებერი ხარი…
დედაჩემი ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული იყო, როდესაც ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
– დაინგრა, დედაჩემო, ეს ქვეყანა.
– ქვეყანა რომ დაინგრა ის კი არ მიკვირს, შვილო, ხალხი რომ ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს ამას, ის უფრო გამკვირვებია.
იმ საუბრის შემდეგ, საიდანაც ეს პატარა ნაწყვეტი მოვიხმე, ათ წელიწადზე მეტი გავიდა. დედაჩემს დიდხანს არ უცოცხლია. მე კი, რაც დრო გადის, მით უფრო მაწუხებს მისი ეს ნათქვამი. ქვეყანა თუ ინგრევა, ამაზე საშინელი რა უნდა იყოს თითქოს, მაგრამ, რომ ვუკვირდები, მართალი იყო დედაჩემი. ქვეყნის ნგრევაზე გაცილებით საშინელი ისაა, ქვეყანა რომ ინგრევა და ხალხი ამას ვერ ხვდება.
არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური ნგრევა არ არის ისეთი საშინელი მოვლენა, როგორიც არის ზნეობრივი და ცნობიერი ნგრევა. ხალხს ცნობიერება და ფსიქიკა თუ ჯანმრთელი აქვს, ტერიტორიების დაბრუნებაც შესაძლებელია, ეკონომიკის აღდგენაც მოხერხდება და დუხჭირი ცხოვრებიდან თავის დაღწევაც, მაგრამ ხალხს უზნეობამ თუ დარია ხელი, საზოგადოებრივი ცნობიერება თუ დაზიანდა და ეროვნული ფსიქიკა მოირყა, ასეთ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.
ოთხი დიდი უბედურება დაგვატყდა თავს: უგუნურება; სიძულვილი; უზნეობა; პროვინციალიზმი.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ საქართველოსთვის შემოსეული ნაძირალები ეროვნულ მოძრაობად როდესაც მოვნათლეთ, მაშინ დაიწყო დიდი უგუნურების ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება.
იქიდანვე იღებს სათავეს ყოვლისმომცველი სიძულვილი, რომლითაც გაივსო და გაიჟღინთა ყველა და ყველაფერი. სიძულვილის იმგვარი აფეთქებისთვის, საქართველოში რომ მოხდა, ანალოგი ძნელი მოსაძებნია. საქართველოში ყველას ყველა სძულს. პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციები სიძულვილის მთესავ მონსტრებად იქცნენ. აღარ არსებობს ერი, საზოგადოება, ხალხი, ეკლესია, სახელმწიფო. ამ ისტორიული და სოციალური ინსტიტუტებისგან ნანგრევებიღა დარჩა. სიძულვილმა დაშალა და გააცამტვერა ყველა კირი და დუღაბი, რომელიც ქვეყანას ერთ სხეულად ჰკრავდა.
სიძულვილი უზნეობის ერთი ფორმაა მხოლოდ. უზნეობა კი მასშტაბური მოვლენაა, რომელიც მეტასტაზებივით მოედო ჩვენი ცნობიერებისა და ყოფიერების ყველა უბანს. ადამიანთა ყველაზე მცირე სოციალური ჯგუფებით დაწყებული და, სახელმწიფოთი დამთავრებული, ყველგან უზნეობა ბატონობს. ყველა ვცრუობთ, ყველა თვალთვმაქცობთ, ყველა დაუმსახურებელს ველტვით, ყველა ცალ-ცალკე და ყველა ერთად მივედით იმ “ჭეშმარიტებამდე”, რომ არაფერს აქვს აზრი, გარდა ფულისა და ქონებისა. ცხოვრების ამ “ფილოსოფიამ” კი იქამდე მიგვიყვანა, რომ გამდიდრდნენ ერთეულნი და გაღატაკდნენ მრავალნი. გარყვნით კი ყველა გაირყვნა – ქალი და კაცი, მაძღარი და მშიერი, ჭკვიანი და სულელი, მოხუცი და ახალგაზრდა, გაირყვნა ერი და ბერი, გაირყვნა ხალხი, მთავრობა, ეკლესია, სახელმწიფო…

პროვინციალიზმი მეტ-ნაკლებად ყველა პროვინციას ახასიათებს, მაგრამ ამ სენმა საქართველოში განსაკუთრებული ძალით იფეთქა. ძირითადად იგი ორ რამეში გამოვლინდა: რუსეთის წრეგადასულ სიძულვილსა და დასავლეთის ასევე წრეგადასულ სიყვარულში. რომ არა ეროვნული პროვინციალიზმი, ათასი ჯურის დამპყრობლის მძიმე უღელქვეშ საუკუნეების განმავლობაში მგმინავ ქართველებს დასავლური პროპაგანდა ასე ადვილად ვერ დაგვაჯერებდა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი ისტორიული მტერი ის რუსეთია, ვისთანაც ფიზიკური გადარჩენა და არნახული ეროვნული (როგორც მატერიალური, ასევე სულიერი) აღმშენებლობაა დაკავშირებული.
მხოლოდ უკიდურესი ეროვნული პროვინციალიზმით აიხსნება ის “ხბოს აღტაცება” და ვნებიანი ჟრუანტელიც, დასავლეთის ხსენებაზე თუ გახსენებაზე ქართველებს რომ ეწყებათ და მთელ სხეულში უვლით. ისედაც მცირერიცხოვანი და პატარა ქვეყანა ამგვარმა უკიდეგანო პროვინციალიზმმა უფრო დაგვამცრო და დაგვაპატარავა, ეროვნული ღირსება დაგვაკარგინა.
საერთოდ, წრესგადასულობა და უკიდურესობა პროვინციალიზმის უპირველესი ნიშანია. პატრიოტიზმშიც პროვინციულობა მოგვეძალა. არა – დინჯი და ბრძნული, შორსგამხედვარე და დარბაისლური სიყვარული და მოწიწება სამშობლოს მიმართ, არამედ მყვირალა და ნაციონალიზმით გაჟღენთილი, არაფრისმომტანი და ცარიელ სიტყვებად გადმოფრქვეული, სამუელ ჯონსონისა არ იყოს, რეგვენთა თავშესაფრად ქცეული პატრიოტიზმი.
მიმტევებლობა, დიდსულოვნება და ტოლერანტობა მთავარი ეროვნული მახასიათებლები იყო ქართველობისა. დღეს შარვალგამორღვეული პედერასტების აღლუმია ქვეყანაში, რომლებიც გამომწვევად გვიშვერენ უკანალს და დაკლაკნილ ენებს გვიყოფენ, გვაღიზიანებენ, ჩვენი თმენის გამოცდა განუზრახავთ.
– იყავით ტოლერანტულნი, – მოგვიწოდებენ ისინი, – იყავით ტოლერანტულნი და თქვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, თქვენს ღირსებასა და სულიერებას, თქვენს მეცნიერებასა და ხელოვნებას, თქვენს ცხოვრების წესსა და გმირულ ისტორიას ჩვენი შიშველი უკანალით დაგიბინძურებთ. ან გაიძულებთ, უარი თქვათ მიმტევებლობასა და შემწყნარებლობაზე, ან თქვენს სულგრძელობას თქვენსავე დამანგრეველ თვისებად შემოგიბრუნებთ, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ შიშველი გენიტალიებით ვირბინოთ თქვენი საამაყო მოაზროვნისა და ჰუმანისტის სახელობის პროსპექტზე და დემონსტრაციულად წავბილწოთ ყველაფერი, რისი წაბილწვაც შესაძლებელია.
– რატომ? – ერთიან, შეკრულ გმინვად აღმოხდება შეკითხვა ქართველ ხალხს, – რატომ, ვის სჭირდება ეს?
– ეს ჩვენ გვჭირდება, მსოფლიოს დემოკრატიულ და ლიბერალურ ძალებს. ჩვენ უნდა დავანგრიოთ თქვენი წარმოდგენები ჩვენთვის მიუწვდომელ მაღალ იდეალებზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე, საზოგადოებასა და რელიგიაზე, რომელსაც არცერთი ჩვეგანისთვის არაფერი მოაქვს, ბორკილების გარდა. ჩვენ თავისუფლება გვწყურია, თქვენ კი, ეკლესიებში დაჩოქილნი, სანთლით ხელში გალობთ და ჩურჩულებთ, – არა კაც ჰკლა! არა იმრუშო! მიგვიფურთხებია მაგ თქვენი სულელური დოგმებისთვის. ჩვენ დაგინგრევთ მაგ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, ჩვენ წაგიბილწავთ მაგ ჯვრებსა და ხატებს და გაიძულებთ შიშველ უკანალებზე გვეამბოროთ, რამეთუ, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ უკვე ვეზიარეთ იმ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანს ცნობიერება კი არა, ინსტინქტები მართავს და, არაფერია ადამიანისთვის უფრო სანუკვარი, ვიდრე ინსტინქტების თავისუფლება. რაო, შეცნობილი აუცილებლობაო? თქვენ მოგიკვდით, რა სულელები და გულუბრყვილოები ხართ, შეცნობილი კი არა ზეშეცნობილი, თავისუფლება ისაა, რაც გვსურს და რისთვისაც ხელი მიგვიწვდება. თავისუფლება სწორედ ისაა, რასაც თქვენ გარყვნილებას უწოდებთ. ამიტომ, როდესაც თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ გრყვნით, სინამდვილეში ჩვენ განთავისუფლებთ იმ დაწყევლილ ტაბუსგან, რასაც ქრისტეს მოძღვრება ჰქვია, რომელიც ორი ათასი წელიწადია უსაშინლეს ბორკილად მოგყვებათ.
რა სასაცილოები ხართ, როდესაც გვებრძვით, რადგან წარმოდგენაც კი არა გაქვთ იმ ძალაზე, ჩვენს უკან რომ დგას. როდესაც თქვენი ცალტვინა ლიდერები ჩვენს საწინააღმდეგო კონტრაქციებს გეგმავენ, მსოფლიოს უძლიერეს ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ ლაბორატორიებში დასაქმებული პროფესორები საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების ისეთ რთულ მექანიზმს ამუშავებენ, რომელიც ჩვენთან დაპირისპირებულ ძალებსაც კი ჩვენს სამსახურში აყენებს. ჩვენი მოძრაობის გასამარჯვებლად კი იმდენი თანხაა გამოყოფილი, მთელ მსოფლიოში შიმშილსა და ავადმყოფობებს ერთხელ კი არა, ასჯერ რომ აღმოფხვრიდა. ამიტომ, შედეგი ყველა შემთხვევაში ერთი იქნება. თუ არ დაგვიპირისპირდებით, მთელ ერს ამ ჩვენს შიშველ უკანალებს ჩამოგაცმევთ თავზე, ხოლო, თუ დაგვიპირისპირდებით, ამ ჩვენს შიშველ უკანალებსაც ჩამოგაცმევთ თავზე და თქვენი მომავალი თაობების ტვინსა და ცნობიერებაში მაცხოვრის გამოსახულების ნაცვლად ჩვენს აღგზნებულ და მოზეიმე გენიტალიებს აღვბეჭდავთ ერთხელ და სამუდამოდ.
ჩვენ შორის ერთი დიდი განსხვავებაა, თქვენში მრავლად არიან ჰუმანისტები, რომლებსაც ვეცოდებით და ჩვენს მიმართ იმდენი თანაგრძნობით იმსჭვალებიან, რომ კრიტიკულ მომენტში ნაბიჯს ჩვენს დასაცავად გადმოდგამენ, ჩვენ კი არცერთ შემთხვევაში არ შეგვეცოდებით და არასოდეს დადგება მომენტი, როდესაც თქვენს მიმართ შესაძლებელი გახდება, რომ დაუნდობლები არ ვიყოთ, ვინაიდან ასე გაგვზარდეს და ჩამოგვაყალიბეს. თქვენ გულჩვილნი ხართ, ჩვენ გულქვები ვართ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიყვარული, ჩვენ კი მხოლოდ სიძულვილი შეგვიძლია. თქვენი სიყვარული თქვენი სისუსტეა, ჩვენი სიძულვილი კი უძლეველი ძალაა. თქვენ თქვენთვის მიუღებელი მამათმავლები და დედათმავლებიც კი ვერ შეიძულეთ ბოლომდე, ჩვენ კი, ჭირის დღესავით გვძულს ყველა გეი და ლესბოსელი, მაგრამ ვიცავთ მათ იმიტომ, რომ თქვენთან ბრძოლის იარაღად ვიყენებთ. გასკდით გულზე, ეს ბრძოლა უკვე პირწმინდად წაგებული გაქვთ, რადგან თქვენ ოცდაათი წლის წინ დაანგრიეთ ის ციტადელი, რომელიც ჩვენთვის აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. მას კომუნისტური სისტემა ერქვა. მას შემდეგ, რაც დასავლური დემოკრატია აღიარეთ, ჩვენთვის თქვენი ყველა კარი ღიაა. ჩვენ ათასი ხვრელით ვაღწევთ თქვენს სულსა და გულში, თქვენს ტვინსა და ცნობიერებაში: ჩვენ გვემორჩილება ხელისუფლება, რომელსაც თქვენ ჩვენი გადაწყვეტილებით ირჩევთ; ჩვენ გვემორჩილება მედია, რომელსაც თქვენ ემორჩილებით; ჩვენ ვაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სატანის მოციქულებივით დაგეშილნი დარბიან თქვენს ირგვლივ და სიცოცხლეს გიმწარებენ იმით, რომ თქვენს ყურს ათასგვარ სისაძაგლეს აჩვევენ; ჩვენი მსტოვრები ევროკავშირიდან და ნატოდან ყოველდღიურად ჩამოდიან თქვენთან და ცრუდაპირებებით გაბრუებენ.
გატყდებით, სხვა რა გზა გაქვთ.
არ გატყდებით და უფრო მოგიჭერთ მარწუხებს. ყველა ოჯახში სათითაოდ შემოვალთ. როგორ? მარტივად. თქვენს შვილებს ავიყოლიებთ, ზოგს დავარწმუნებთ, ზოგს შევაშინებთ, ზოგს მოვისყიდით. ისინი ჩვენზე დაუნდობელნი იქნებიან თქვენს მიმართ, ისინი ჩვენზე მწარედ დაგსჯიან თქვენი რეტროგრადული წარმოდგენებისა და მიდრეკილებების გამო. კიდევ არ გატყდებით? ჩვენ რძლებად და სიძეებად მოგივლენთ გეებსა და ლესბოსელებს, რომლებიც თქვენსავე სარეცლებში გამართავენ ვნებიან ორგიებს. ჯერ სადა ხართ…
ასე და ამაზე უარესად მსჯელობენ ისინი. ასე და ამაზე უარესად იმოქმედებენ ისინი, რადგან ჩვენი ეროვნული ცნობიერება ოცდაათი წლის წინ დანებდა და აჰყვა სატანას. ჯერ არ გვიფიქრია გამოსავალზე, ჯერ ვფართხალებთ მხოლოდ, თუმცა შველას მაინც იქიდან ველოდებით, საიდანაც გარყვნა და ნგრევა მოდის, ანუ ქვეყანა დაინგრა, მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ დაინგრა…
არა მგონია, ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული ჰქონოდა დედაჩემს, რომელმაც ოთხმოცდაათი წლის ასაკში ჩემთვის დღემდე გამოცანადქცეული სასწაული დამიბარა, – ის კი არ მიკვირს, ქვეყანა რომ დაინგრა, ხალხი რომ ვერ ხედავს ამას, ის მიკვირსო.
ალბათ ნაგრძნობი უფრო ჰქონდა, ვიდრე გონებაში გადახარშული და ჩამოყალიბებული. ადამიანი ასეა მოწყობილი, უფრო გრძნობს, ვიდრე ხედავს და ესმის…
შენ ნათელში იყავი დედაჩემო, მე კი, შენი არ იყოს, ის კი არ მიკვირს ეს ხალხი ქვეყნის ნგრევას რომ ვერ ხედავს, ის უფრო მიკვირს, რომ ვერც იგრძნო ვერაფერი, რის გამოც, ყოველგვარი ცუდი წინათგრძნობის გარეშე, როგორც ბებერი ხარი, პირუტყვული მორჩილებით, წყლიანი თვალებით, გაუცნობიერებელი ხვაშიადით, დაღლილობის მთქნარებითა და ავისმომასწავებელი ზმორებით მიემართება სასაკლაოსკენ…”

ვალერი კვარაცხელია
2 ივლისი, 2021 წ

კომენტარები