მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა.

-„ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია,- უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, შევამციროთ მეწყრის მასა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა.

უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, ეს მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება. ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება.

ეს სამუშაოები პირობითად შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველის მიზანია მეწყრის გადაადგილების შეჩერება,  მეორე ეტაპზე იქნება გენერალური გადაწყვეტები,  ამ ადგილის გამაგრება რომ მოხდეს, ამ სამუშაოების შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე ყველა სახის შეზღუდვა იქნება მოხსნილი.

სამუშაოები დღემდე ხორციელდებოდა, სამუშაო ჯგუფში ჩართული ექსპერტების და გერმანელი სპეციალისტების კონსულტაციით და თანხმობით მომავალშიც გაგრძელდება. ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, – არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არც ერთ ოჯახს და არც ერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, არსებობს ევაკუაციის გეგმა, ამის რეალური საჭიროება თუ იქნება, მერწმუნეთ, -პირველ რიგში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. 

მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ ფერდს შორის გადის GWP-ის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური წყალსადენები. ეს მილები ამარაგებს ქალაქის გარკვეულ ნაწილს, შესაბამისად, ის დაწყებული სამუშაოების ერთ-ერთი ამოცანა, რაც აქ მიმდინარეობს, არის ისიც, არ შეექმნას ამ მილსადენებს პრობლემა, რათა ქალაქის წყალმომარაგებაც მაქსიმალურად დაცული იყოს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარები