მედიკო მებურიშვილმა პირველმა შეიღება წითლად თმა თბილისში…

”მედიკო მებურიშვილმა პირველმა შეიღება წითლად თმა თბილისში. მედიკო, ძირითადად, შარვალს იცვამდა, რაც დიდი იშვიათობა იყო. მეგობრებთან ერთად ეწეოდა სიგარეტს. მედიკო უყვარდა თბილისის ყველა ცნობილ ბიჭს ცნობილი ოჯახებიდან.

✍🏻 “- წარმოგიდგენიათ, რუსთაველზე ცხენით რომ გაიაროთ? ჯირითობდა, კარგად ცურავდა კიდეც, გიტარაზე, როილაზეც უკრავდა განსაკუთრებით იმ პერიოდის თანამედროვე კომპოზიციებს. დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა, საოცარი. მედიკო იყო, ვინც პირველად ჩაიცვა ჯინსები, თმა შეიჭრა და შეიღება ფოლადისფრად, ძალიან უხდებოდა. მერე, უზომოდ დიდი სიყვარული შეეძლო. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მეგობრულ სიყვარულს. მისი და მერაბ გიგინეიშვილის სიყვარულზე ცალკე ლეგენდები დადიოდა. მერაბი მისი სახლის ფანჯრებთან ღამეებს ათევდა. ასეთი წყვილი არ დადიოდა.” – ვახტანგ კობაიძე

👸🏻 ის 20 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ქალაქში ხმა დაირხა, მედიკო მებურიშვილი თერთმეტსართულიანის ლიფტში გადაჭარბებული დოზით გარდაცვლილი იპოვესო. ექსპერტიზაზე კი მის ახლობლებს ჩუმად უთხრეს: „ამ საქმეს მიხედეთ, თავში აქვს ჩარტყმული”.

🌹 წინა დღეებში მეგობრებს ცოტა დაბნეული და შეშინებული ეჩვენათ. გარეთ გასვლა არ უნდოდა. თუ გავიდოდა, მხოლოდ მეგობრების თანხლებით. იმ დღეს მედიკო სახლიდან ერთმა ქალმა გამოიყვანა. ორი ვაჟი ქუჩაში ელოდა. სინამდვილეში რა მოხდა, დღემდე არავინ იცის.

👁 მისი თანაკლასელი და უახლოესი მეგობარი, ვახტანგ კობაიძე იხსენებს: “- მედიკო მოკლეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ახალი შემოსულია პლანი და მსგავსი რაღაცეები. მაშინ ყველა მაიმუნობდა, „მი ბალოვალის,” გესმით? მე არ ვამბობ იმას, რომ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვიყავით, მაგრამ ეს არ იყო ნარკომანობა. პროზექტურაში გვითხრეს, რომ თავში ჰქონდა ჩარტყმული. როგორც ჩანს, ჯერ თავში ჩაარტყეს და მერე გაუკეთეს. მედიკო ნარკომანი არ ყოფილა.”

👨🏻‍⚖️ სასამართლო პროცესზე მხოლოდ ის ქალბატონი, მანანა მგელაძე გაასამართლეს, რომელმაც მედიკო შინიდან გაიყვანა. ის ორი ვაჟი არ გამოცხადებულა. მანანას ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, ორ წელიწადში გამოუშვეს და იმავე წელს მაღაზია „ციცინათელაში” დაიწყო მუშაობა. ახლობლები კიდევ მეტად დააეჭვა ამ ამბავმა. „ციცინათელა” ვალუტის მაღაზია იყო, სადაც უცხოელებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის საუკეთესო უცხოური საქონელი იყიდებოდა. ასეთი მაღაზია საბჭოთა საქართველოში უშიშროების სამსახურის გარეშე ვერ იარსებებდა.

👛 გამოძიების სწორად წარმართვა მეგობრებისა და ოჯახის ძალებს აღემატებოდა. მედიკოს, როგორც ქალაქში ულამაზეს გოგონას, სამთავრობო დელეგაციებს ხშირად აეროპორტში ახვედრებდნენ. იქნებ რამეს შეესწრო და არასასურველ ინფორმაციას ფლობდა? ეს არავინ იცის. დღემდე საიდუმლოდ დარჩა. თეთრ კუბოში ჩასვენებულ, თეთრი კაბით შემოსილ, მარმარილოსავით პირთეთრ გოგონას, უკანასკნელ გზაზე მთელი თბილისი მიაცილებდა. ის 1968 წლის 10 აპრილს დაკრძალეს, 14 აპრილს კი 21 წელი უნდა შესრულებოდა.

წყარო: Tbilisi CÌty Blogger

კომენტარები