მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ

 თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 32-ე ქვეითი ბატალიონის გამგზავრების მორიგი ეტაპი განხორციელდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილა.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

კომენტარები