„მეშინოდა, დედას არ დავმსგავსებოდი… ვერიკო ანჯაფარიძე ისეთი მკაფიო ინდივიდუალურობაა“

“მეშინოდა, დედას არ დავმსგავსებოდი… ვერიკო ანჯაფარიძე ისეთი მკაფიო ინდივიდუალურობაა, რომლის გამეორება არ შეიძლება. ესეც არ იყოს, ხელოვნებაში საკუთარი სახის პოვნაა მთავარი.

დედასთან მსგავსების შიშით, ზოგჯერ, მეორე უკიდურესობაში ვვარდებოდი. როლზე მუშაობისას რაღაცას მივაგნებდი, ვიცოდი, რომ ის ნამდვილად ჩემი იყო. მაგრამ მაინც უარს ვამბობდი, რადგან მეჩვენებოდა, რომ რაღაცით ვერიკოსეულს ჰგავდა.

გვიან მივხვდი, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო. გენეტიკას ვერსად გაექცევი. დედა რომ გარდაიცვალა, ალისა ფრეინდლიხმა მითხრა: ახლა ყოველდღე აღმოაჩენ შენში რაღაც ვერიკოსეულსო. მართლაც ასეა.

დედა სულ მსაყვედურობდა, რომ თეატრში ბოლომდე არ ვიხარჯებოდი, რომ ჩვეულებრივი ადამიანის სისხლსავსე ყოველდღიურობით ვცხოვრობდი და არა მისნაირი ფანატიკოსის ცხოვრებით.

დედა ძალიან მკაცრი იყო ჩემ მიმართ, სიტყვაძუნწი. ახალი როლის თამაშის შემდეგ ყველაზე მეტად მისი მეშინოდა, მას ხომ ვერაფერს გამოაპარებდი. თითქოს საგანგებო ინტერესს არც იჩენდა ჩემი შემოქმედების მიმართ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.
მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ვიპოვე რამდენიმე საქაღალდე, სადაც, თურმე, ჩემს შესახებ გამოქვეყნებულ რეცენზიებსა და სტატიებს ინახავდა. მაშინ, ცოტა არ იყოს, შემრცხვა… ” – სოფიკო ჭიაურელი

 

კომენტარები