„მე არ მექნება პუტინთან დიალოგი, მე მას უბრალოდ შევახსენებ, რომ დაარღვია ყველა ვალდებულება“- სალომე ზურაბიშვილი
„მე არ მექნება პუტინთან დიალოგი, მე მას უბრალოდ შევახსენებ, რომ დაარღვია ყველა ვალდებულება“, – ამის შესახებ განცახდება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ეტყოდა ის ვლადიმერ პუტინს, სალომე ზურაბიშვილი კითხვით პასუხობს: „საინტერესოა, თავად პუტინი რას მიპასუხებს!“
„რას მიპასუხებს თავად ვლადიმერ პუტინი, ესაა საინტერესო. სწორედ მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. დღეს ყველა ევროპულ ქვეყანას რუსეთთან პრობლემა, თავად რუსეთის ცუდი საქციელის გამო აქვს.
ცუდი ქცევა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არაა მიმართული, ის ცუდად იქცევა საზოგადოების წევრებთან, პატივს არ სცემს არაფერს. ეს ეხება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ის ზოგადად ასე იქცევა. ასე რომ, რა ტიპის დიალოგი უნდა იყოს ასეთ პირობებში? მე არ მექნება დიალოგი პუტინთან, მე მხოლოდ შევახსენებ მას, რომ მან დაარღვია ყველა ვალდებულება“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, ესტონელი ჟურნალისტი რუსეთ-საქართველოს გაყინული კონფლიქტის თემითაც დაინტერესდა.
თავად პრეზიდენტი კი განმარტავს, რომ არსებულ მდგომარეობას, არ შეიძლება გაყინული კონფლიქტი ვუწოდეთ, ეს დაკარგული და ოკუპირებული ტერიტორიებია.
„ეს გაყინული კონფლიქტი არაა, ეს ოკუპირებული ტერიტორიებია. ჩვენ გაყინული კონფლიქტი ადრე გვქონდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიახ, ეს გახლავთ სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემა ჩვენ ყოველდღიურად გვეხება. ეს პრობლემა ეხება ერთნაირად, როგორც ჩვენს მხარეს დარჩენილებს, ასევე საუკუპაციო ხაზს მიღმა მყოფებსაც. ეს დიდი პრობლემაა ასევე, სამასი ათასი ლტოლვილისთვის, რომელიც ჩვენ გვყავს და ხელისუფლებისთვის, რომელსაც უწევს ყოველდღიური შეხება პრობლემასთან, როდესაც ხდება ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს გადაყვანა და ჩვენ არ ვიცით, როდის და როგორ დააბრუნებენ ამ ადამიანს; საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რაც საკმაოდ სტრესულია და ყოველდღიური სხვადასხვა სახის პროვოკაციები“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემები საქართველოს აღებულ ევროპულ კურსს ვერ შეაცვლევინებს.