„მე გავექეცი არა სამართალს, არამედ ტოტალურ უსამართლობას!“ – უვადო პატიმარი თემურ (ბაჩო) შარაშენიძე:
უვადო ტუსაღმა თემურ (ბაჩო) შარაშენიძემ პატიმრობიდან თავის დაღწევა იმ მომენტში სცადა, როცა ბათუმის ციხიდან თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში პროცედურების ჩასატარებლად ჩამოიყვანეს. ბადრაგმა პატიმრის გაქცევის მცდელობა დროულად აღკვეთა. არაფერია გასაოცარი იმაში, რომ უვადო პატიმარმა გაქცევა დააპიროს, მითუფრო, თუ უკურნებელი სენი – შარდის ბუშტის კიბო სჭირს, თუმცა ბაჩოსგან ამის ჩადენას მაინც არავინ ელოდა – მას ხომ, პატიმრობაში ყოფნის 16 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული და მითუმეტეს, არც სისხლის სამართლებრივი დარღვევა არ ჰქონია… და მაინც, რატომ გარბოდა უვადო პატიმარი, ან რას აპირებდა გაქცევის შემდეგ? ამის შესახებ ბაჩომ ვრცელი წერილი მისწერა თავის ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს…
###
ვინ არის თემურ (ბაჩო) შარაშენიძე?
თემურ (ბაჩო) შარაშენიძე პროფესიონალი სამხედროა, უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში და დაჯილდოებულია “მხედრული მამაცობისთვის”. გასული საუკუნის 90-იან წლებში ტრაგიკული ინციდენტი შეემთხვა: მანქანაში ეჯდა მცირეწლოვანი შვილი, რა დროსაც თავს დაესხა ორი შეიარაღებული ადამიანი. იარაღი შუბლზე დაადეს და მოკვლა დაუპირეს, თუმცა, სროლა შარაშენიძემ დაასწრო და თავდამსხმელები ადგილზე დახოცა. მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების საფუძველზეც დადასტურდა, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება. ამის გამო, ბაჩოს მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 10 წლის განმავლობაში ეს საქმე არავის გახსენებია. სამაგიეროდ, სააკაშვილის რეჟიმის დროს გაახსენდათ!
###
ასე იქცა ბაჩო შარაშენიძე პატიმრად
2001 წელს სწორედ ბაჩომ გამოიგონა ლიფტის მოწყობილობა, რომლითაც დღეს უკვე მთელი თბილისი სარგებლობს. ყუთში ჩააგდებთ 10 თეთრიან მონეტას და კაბინა დაიძრება! გამოგონება „საქპატენტშიც“ არის რეგისტრირებული. მან ლიფტების ფირმა “კომპიუტერ ლენდი”ჩამოაყალიბა და დაიწყო საკმაოდ წარმატებული ბიზნესი. იმ პერიოდში მერიაშიც არსებობდა სახელმწიფო ორგანიზაცია “თბილლიფტი”, ასევე არსებობდა კერძო ფირმა “სერვის ლიფტი”, რომლის დირექტორიც იყო დავით ერაძე. მათ რომ დაინახეს, 5- და 10-თეთრიანებით შარაშენიძე დიდ თანხებს შოულობდა და მისი ბიზნესი წარმატებული გახდა, კონკურენტად ჩათვალეს და ხელაღებით იწყეს გამოგონების მითვისება. ერაძემ სააკაშვილის საახლობლობლოში გამნახა საიმედო მოკავშირე, პროკურორი მამუკა გვარამია, რომელიც ერაძეს შეპირდა, რომ „ბაჩოს ცას აღარ დაანახვებდა.“ ბაჩოს 2004 წლის მიწურულს, ცილი დასწამეს, თითქოს მისი გამოგონებით კონკურენტების ქონებას აზიანებდა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 2006 წელს კი, ისევ მამუკა გვარამიას ჩარევით, 12 წლის წინ დახურული ის საქმე გაიხსენეს, როცა ბაჩომ მოგერიების ფარგლებში თავდამსხმელები დახოცა და 11 წელი მიუსაჯეს. ესეც არ აკმარეს… უვადო პატიმრობა ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეზე 2009 წელს შეუფარდეს.
###
არის თუ არა მკვლელი, შარაშენიძე?
განაჩენის დადგომის დღიდან შარაშენიძე თავს უდანაშულოდ მიიჩნევს. ის, რომ თავის დროზე შარაშენიძის საქმის გამოძიება პროკურატურამ გაყალბებებით აწარმოა, ეს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშულის გამოძიების დეპარტამენტმაც დაადგინა. ხელახალი გამოძიების შედეგად დაადასტურა, რომ ბაჩო შარაშენიძეს ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ახალი გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ 2009 წელს მიმდინარე გამოძიების პროცესში ბრალდების მხარე ახორციელებდა ზეწოლას მოწმეებზე და ის ჩვენებები, რომლებიც მაშინ მოწმეებმა თეიმურაზ შარაშენიძის წინაააღმდეგ მისცეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად არის მიღებული. თავად მოწმეებიც აღიარებენ ზეწოლის ფაქტს და აცხადებენ, რომ ჩვენება გაუსაძლისი ძლადობისა და მუქარის გამო მისცეს.
ამასთან ერთად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოკლულის სხეულში აღმოჩენილი ტყვიები შეუძლებელია გასროლილი ყოფილიყო მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებაა. ეს დასკვნა იმას მოწმობს, რომ გამოძება თავის დროზე ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით წარიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა თეიმურაზ შარაშენიძის შემხებლობას ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობასთან.
უცნაურია, რატომ არ მიმართავს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით, მაშინ როდესაც მის მიერვე ჩატარებული ხელახალი გამოძიების პროცესში გამოვლინდა ახალი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებიც ბაჩო შარაშენიძის უდანაშაულობას უსვამს ხაზს. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ის, რომ პროკურატურაში მოცემულ მომენტშიც კი, მაღალ თანამდებობაზე მუშაობს შარაშენიძის საქმის ერთ-ერთი გამყალბებელი პროკურორი, დავით ხიზანაიძე, რომელსაც შარაშენიძის გამართლების შემთხვევაში თავად მოუწევს პასუხისგება. ამას გარდა, შარაშენიძე, როგორც ბიზნესმენი – კვლავ არასასურველ მეტოქედ მიიჩნევა, ამიტომ ნაცების რეჟიმმა მისი ციხეში ამოლპობა გადაწყვიტა, რასაც ახალი ხელისუფლებაც წარმატებით აგრძელებს.
###
რა გახდა გაქცევის საბაბი და რა წერია გაქცევის მცდელობის შემდეგ დაწერილ წერილში?
როგორც ბაჩო შარაშენიძე თავის წერილში წერს, გაქცევის საბაბად იქცა რამდენიმე გარემოება:
1) 2020 წლის 30 ივნისს ბათუმის N -3 დაწესებულების დირექტორმა მას ცილი დასწამა და პირად საქმეში შეტანით საყვედური გამოუცხადა. საკანი, რომელშიც შარაშენიძე ზის – სავსეა ტარაკანებით; სიმსივნიან ავადმყოფ პატიმარს არ ეძლევა საშუალება, ციხის მაღაზიაში შეიძინოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტები. ციხის ადმინისტრაცია იქცევა უსულგულოდ და არ ითვალისწინებს პატიმრების ისეთ პრობლემებს, რომლის გადაწყვეტა კანონის ფარგლებში შესაძლებელია.
2) ჩვენს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით არის ნაცებზე არანაკლებ ბოროტი, მატყუარა და დაუნდობელი მთავრობა, რომელიც მას, სრულიად უდანაშაულო ადამიანს – უვადო პატიმრობით ციხეში ამყოფებს და ციხიდან თავის დაღწევის კანონიერ გზებს უხშობს. კანონში წერია, რომ ადამიანებს უსჯიან უმაღლეს სასჯელს – უვადო პატიმრობას. სინამდვილეში კი, ახორციელებენ „სამუდამო პატიმრობის“ კრიტერიუმებს და როგორ? თუ კაცმა მოიხადა 20 წელი უვადო სასჯელი, მას კანონით აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომ სასამართლომ გაათავისუფლოს პატიმრობიდან და დაუტოვოს 5 ან 10 წელი პირობითი სასჯელი. პრაქტიკაში კი, 20 წლის საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ ან ეუბნებიან უარს, ან უსჯიან ვადიან სასჯელს – 35 (!) წელს! 35 წელის შემდეგ თუ ცოცხალი დარჩა – ვის დასჭირდება?
3) პროკურატურამ წაუყრუა დაცვის მხარის მიერ აღმოჩენილ უტყუარ ახალ მტკიცებულებებს, რომლის მიხედვითაც შარაშენიძის სრული უდანაშაულობა მტკიცდება და არ შეიტანა სასამართლოში შუამდგომლობა, დამდგარიყო ამჯერად, გამამართლებელი განაჩენი.
ნამდვილად არ გაემტყუნება უდანაშაულოდ სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გამწესებულ 53 წლის პატიმარს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე სჭირს, თუ პატიმრობიდან თავის დაღწევას გაქცევით შეეცდება. ან რას წააგებს? მას ხომ სამართლიანობის აღდგენის იმედიც კი მოუკლეს. მაგრამ, რას გააკეთებდა ბაჩო შარაშენიძე, მისი გაქცევის მცდელობა წარმატებით რომ დამთავრებულიყო? ამის შესახებ ის თავის წერილში წერს:
– „ალბათ მკითხავთ – გაქცევის შემდეგ რას ვაპირებდი? 4-5 დღით სადმე მივიმალებოდი. მერე კი, რამენაირად მოვძებნიდი ვინმე ჟურნალისტს, რომელსაც მობილურით ჩავაწერინებდი ჩემს მიმართვას, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, დავიწყებდი ბოდიშის მოხდით საზოგადოების მიმართ, რომ ვაკადრე მათ და გამოვიქეცი საპატიმროდან. ასევე, ბოდიშს მოვუხდიდი ჩემს გამო დასჯილ ბადრაგებს. შემდგომ კი, ვაპირებდი თქმას, რომ მე არ გავექეცი სამართალს! არამედ გავექეცი ტოტალურ უსამართლობას, რაც დაიწყო სააკაშვილის დროს და გაგრძელდა ივანშვილის პერიოდში!
მერე მოკლედ მოვყვებოდი ჩემს ამბავს და დავიფიცებდი, რომ როდესაც „პატრიოტთა ალიანსი“ გაიმარჯვებს არჩევნებში, მე ჩემი ფეხით მივალ და ჩავბარდები სამართალდამცველებს, ვინაიდან, მჯერა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის,“ რომ შეასრულებენ დაპირებას და აღმიდგენენ სამართალს! ხოლო ჩემი საპატიმროდან გაქცევის გამო მოსჯილ სასჯელს მე უკვე სიამოვნებით მოვიხდი!
მოამზადა ზაზა დავითაიამ
წყარო: „ასავალ-დასავალი“
ბაჩო შარაშენიძის წერილი სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე: