მე ისევ ის ვარ, ერთი უბრალო მარიამი, რომელსაც სჯერა სიკეთისა და სიყვარულის! – მარიამ ბოლქვაძე:

ვიწყებთ რუბრიკას “ემიგრანტის დღიურები,” რომელშიც წაიკითხავთ ინტერვიუებს, უცხოეთში გახიზნულ ჩვენს თანამემამულე ემიგრანტებთან. აუცილებელი არ არის, რესპონდენტი იყოს საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი. თითოეული მათგანი ძვირფასია თავისი სამეგობროსთვის და სანათესაოსთვის, მრავალი მათგანი კი, იმსახურებს, რომ ფართო საზოგადოებაც იცნობდეს! რუბრიკის ავტორია ემიგრაციაშია პორტალ “თვალსაზრისის” პარტნიორი, ჟურნალისტი სოფია რაჭველი (ბასილაშვილი)

გთავაზობთ რუბრიკის პირველ ინტერვიუს, ქართველ ემიგრანტ გოგონასთან, ულამაზეს მარიამ ბოლქვაძესთან:

–  როგორი ბავშვობა გქონდა, მარიამ?
-ბავშვობის წლები ერთადერთია, სადაც ჩემი თავი ლაღი და სრულყოფილად ბედნიერი მახსენდება. თავიდანვე ვიყავი ემოციური და ზედმეტად მიჯაჭული საყვარელ ადამიანებზე. მახსოვს, 7 წლის ვიყავი ექიმთან, რომ მიმიყვანა ბებიაჩემმა და დედაჩემმა , იმის გამო, რომ სულ ვტიროდი , თვალს რომ მოეფარებოდნენ-ხოლმე. მეშინოდა მათი დაკარგვის! ჩემი ბავშვობის გმირი, ჩემი ერთადერთი ძმაა. არ მეგულება სამყაროში იმაზე დიდი და ფერადი ხურჯინი, რომელიც ბავშვობაში მოვიკიდე მხრებზე და დღემდე დავატარებ.
– რა არის თქვენთვის მეგობრობა?
– ყველაფერი. მყავს ბავშვობის მეგობარი, რომელიც საუკეთესოა ჩემთვის,თავისი სპეტაკი და კეთილი გულით. “კარაქიანი პურის და ხაჭაპურის” მეგობრები ვართ, დრომ ვერაფერი დაგვაკლო. ჯანსაღი ურთიერთობების მომხრე ვარ. ბევრი მეგობარი ნამდვილად არ მყავს, თუმცა ვინც მყავს სამაგალითო და საამაყოა ჩემთვის!
– რას თვლით თქვენს მინუსად?
– მე ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, სულ მინუსებს ვითვლი, არასდროს მგონია, რომ სადღაც ბოლომდე მართალი ვარ. ვერ ვგებულობ ეს თვისება კარგია, თუ პირიქით ცუდი, თუმცა პატიების ამოუწურავი მარაგი მაქვს. თუ ადამიანისგან მცირედი სიხარული მიგვრძნია, თავზე გადავყვები და არ მივატოვებ. რისი გეშინია ყველაზე მეტად? რისი არ მეშინია ალბად ასე რომ გეკითხათ, უფრო მართებული ინებოდა.მეშინია ყველაფრის.. მეშინია ცუდათ არავის მოვექცე. სულ ვცდილობ წავიდე დათმობებზე და ზოგჯერ ბოდიშიც მოვიხადო. მეშინია სიკვდილის. რომ ვერ მოვასწრო იმ სიყვარულის ბოლომდე გაცემა რაც მაქვს. მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის. უსამართლობის..
– როგორია თქვენი ცხოვრება და ემიგრანტობა?
 – 18 წლის ვიყავი, პასუხისმგებლობა , რომ ავიღე ჩემ თავზე და გავხდი დედა. იყო ბევრი პრობლემები, ფინანსური, მორალური, ფსიქოლოგიური. თუმცა სულ ვგრძნობდი ძალას, რომელიც უფლისგან მოდიოდა. ფაქტიურად მივატოვე უნივერსიტეტი, რომელიც 1.50ლ არ ქონის გამო ვერ დავამთავრე… 19 წლის ვიყავი ემიგრანტი, რომ გავხდი. იყო ქუჩაში გათეული ღამეები, ჩემ პატარა შვილთან ერთად. ბევრი ნერვიულობა. უძილო ღამეები. შიმშილის საათები. ჩვენს ტყავში არავინ ეხვეოდა. თუმცა როგორც ყველა კეთილი ამბის ბოლოს სიკეთემ გაიმარჯვა. დღესდღეობით სამაგალითო და სიყვარულით დახუნძლული ოჯახი მაქვს. ასევე université Toulouse Jean Jaurès სტუდენტი ვარ. ფარხმალს არასდროს ვყრი. პატარა ასაკიდან ვმუშაობ ფიზიკურად და დღემდე ასე გრძელდება. ლანგარზე მორთმეული არაფერი მქონია არასდროს და იმუნიტეტი გამომიმუშავდა საკუთარი შესაძლებლობების. 14 წლის ვიყავი როცა თურქეთში ვმუშაობდი. ეხლაც სივებს სახლის დალაგებასა და მოხუცის მოვლის პოზიციაზე ვტოვებ. ყველაფერი მინდა ჩემით გამოვიყვანო. პატარა ნაბიჯებით , დიდ გამარჯვებამდე. თუ ზოგჯერ ვამბობ, რომ დრო არ მაქვს, ვაბრალებ სწავლას ,არა და რეალურად ზიკიკური გადატვირთვის ზენიტში ვარ.
–  ვინ არის თქვენთ იდეალი და მისაბაძი ადამიანი?
 – ასეთი ორი ადამიანი მეგულება… ქ. მზია წულუკიძე და შორენა ჯაგიევი. ქ. მზიამ მასწავლა ბევრი რამე და ზუსტად ვიცი, რომ მისგან კიდევ ბევრ კარგს ვისწავლი. მე არ მომეპოვება სიტყვები, რომელიც შემეშველება მისი პიროვნული ღირებულებების დასახასიათებლად. კეთილი , მამაცი, მებრძოლი. ყველას იმედი და ნუგეში. ქალი-მზე. შორენა არის ჩემი იდეალი. ჩემი სარკე. ადამიანი,რომელთანაც ბოლომდე ის ვარ, ვინც რეალურად ვარ. არ არსებობს არ ესმოდეს , ვერ გაგიგოს, ვერ გითანაგრძოს. ღმერთის ხელი ურევია მის ადამიანობაში. ბედნიერებაა, როცა გყავს ასეთი ადამიანები.
 – რა არის შენთვის მთავარი?
 – ჩემთვის ნდობა ყველაფერია!
 – რას უსურვებდი ემიგრანტებს?
 – რომ შემეძლოს ყველა ნატვრას ავუსრულებდი . თქვენ არ იცით, როგორი რთულია ცხოვრობდე იქ , სადაც მშობლიური არაფერია. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. მათ მხრებზე დგას საქართველო. მიყვარს თითოეული რადგან ზუსტად მესმის მათი გულისტკივილი.
 – სამომავლო გეგმებზეც გვითახრით რამე…
 – ყველა ჩემი გეგმა საქართველოს უკავშირდება. მე მიყვარს საფრანგეთი, რადგან მან ყველაფრის მომცა. ქუჩაში, რომ გავდივარ და სრულიად უცხო ადამიანები მესალმებიან , ცხოვრება მიხარია. სოციოლოგია- არის ჩემი მომავალი პროფესია. სამომავლო გეგმებიც ხალხს უკავშირდება, მინდა ბევრი ადამიანის ბედნიერებაში ჩემი წილი სიტყვა გავაჟღერო და ხელი შევაშველო უკეთესი მომავლის შენებაში. ჩემი ოცნებაა ყველა ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი ისეთი , როგორიც არის. იყოს ის ვინც რეალურად არის . არ უნდა ამოეფარო ლამაზ სიტყვებს, როცა გული ღვარძლით გაქვს სავსე. არ არსებობს სიწრფელეზე უფრო დიდი სილამაზე. ერთ დღეს ჩემმა ყოფილმა მეგობარმა მითხრა, “შენს პირად პრობლემას და გაჭირვებას არასდროს მალავ , სასაცილოაო”. მე პირიქით მგონია, უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა , ემოციები არ უნდა ჩავიკლათ. მაგალითებით, კარგი მაგალითებით… მე ისევ ის ვარ, ერთი უბრალო მარიამი, რომელსაც სჯერა სიკეთისა და სიყვარულის. იბრძოლეთ, ყველაფერი შეგიძლიათ. ეს მაშინაც კი მჯეროდა , როდესაც ძირს დაგდებულ ორ ლარს ვეძებდით, ჩემი შვილისთვის საჭმელი, რომ გვეყიდა!

ესაუბრა სოფია რაჭველი (ბასილაშვილი)

კომენტარები