„მე მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა. დიდება და მადლობა უფალს. მშვიდობით დამთავრდა წირვა“ – ილია მეორე

სრულიად   საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა:

-„წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა.

წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული ლოცვა, რომ მე მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა. დიდება და მადლობა უფალს. მშვიდობით დამთავრდა წირვა.

წმინდა ნინო არის საქართველოში მოციქულთა ლოცვის გამგრძელებელი. წმინდა ნინო არის საოცარი საწაულთმოქმედი და საქართველოს მფარველი.

მე მინდა მოგიყვეთ შემთხვევა, რომელიც მოხდა ჩვენს ოჯახში. უფროსი ძმა თეიმურაზი ავად იყო. ოთახში მეტი არავინ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი. თეიმურაზი მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. მე ვკითხე, ვინ მოვიდა? წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო. ასე, რომ წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა. სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. და აი, დღეს, როდესაც ასეთი რთული პერიოდია, როცა უჭირს ხალხს, სულიერად უჭირს, სთხოვეთ წმინდა ნინოს – წმინდაო მოციქულთასწორო დედაო ნინო ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!“ – განაცხადა  კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას.

პირველი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა. ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება.

 

კომენტარები