მე-8 სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმე სექსუალურ ძალადობას ეხება.

ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის გამოყენებით მიმართა, რადგან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. რაც შეეხება დაცვის მხარეს, აღნიშნული მუხლი სავალდებულო დაცვას არ გულისხმობს და ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა.

საქმეზე სასამართლო პროცესი 23 ივნისს განახლდება.

სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მე-8 სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები