მზის სხივები კორონავირუსს სწრაფად ანადგურებს – ახალი კვლევის შედეგები

ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ახალი კვლევა ჩაატარა, – მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის პირობებში კორონავირუსი დიდხანს ვერ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და მზის სხივები მას სწრაფად ანადგურებს.

კვლევა ამყარებს მოსაზრებას, რომ ზაფხულის სიცხემ COVID-19-ის გავრცელება, შესაძლოა, შეაფერხოს.

ექსპერიმენტების პირველადი შედეგები, რომლებიც დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დირექტორატმა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის გაავრცელა, Yahoo News-მა მოიპოვა. ოფიციალური პირები მედიისთვის კომენტარის მიცემაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დღის საათებში ღია სივრცეში კორონავირუსის გადაცემის რისკი შედარებით დაბალია. მისი ნახევარდაშლის პერიოდი უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ოთახის ტემპერატურასა და ჰაერის 20-პროცენტიანი ტენიანობისას, 2-3 წუთია. 9-10 წუთში კი ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა 90 პროცენტით მცირდება.

რაც შეეხება დახურულ სივრცეს, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი ყველაზე მდგრადი ჰაერის დაბალი ტენიანობის (20%) დროსაა.

40 პროცენტზე მეტი ჰაერის ტენიანობისას კი ის სწრაფად დაშლას იწყებს. ვირუსი ნაკლებად სტაბილურია აგრეთვე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

კვლევის შედეგების საფუძველზე აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰაერის დაბალი ტენიანობით გამორჩეული დახურული სივრცეებისთვის. როგორებიცაა, მაგალითად: თვითმფრინავის სალონი და პილოტების კაბინა, კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად დამატებითი რეკომენდაციები გასცა.

წყარო: „პრაიმტაიმი“

კომენტარები