„მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან, მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს სახეზე“

მთავრობის სხდომა გაიმართა.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა:

„მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან, მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს სახეზე და აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად ის დაბალანსებულია და სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა ასახული. ასევე ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯებია ასახული სახელმწიფოს მხრიდან.

ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2,7 პროცენტი, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსებულობის კიდევ ერთი ფაქტი. ასეთი კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს. ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს, მაგალითად – ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მთავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მუშაობენ და ეს პროცესი მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი.

ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც განაკვეთის ზრდის, ასევე ინტერვენციების და რაც მთავარია უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების თაობაზე სრულად არის მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ მიცემს საშუალებას ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორულ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში – იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოესი პერიოდის შემდგომი კვირისთვის. ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“.

 

კომენტარები