„მიმაჩნია, მივაღწევთ ერთიან კონსენსუსს და შეთანხმებულად ავაშენებთ, განვახორციელებთ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც“-მერაბ ლომინაძე

„ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა:

-„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, მოხარული ვარ და მივესალმები, – დიალოგი დაიწყო, დაიწყო კომუნიკაცია მხარეებს შორის, რისი ნაკლებობაც ცალსახად სახეზე გვქონდა.

დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე მხარე ამ პროცესში გახლავთ მომართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი გამოინახება, შეჯერდება აზრები, მოხდება პოზიციების თანხვედრა ისეთ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, როგორიც „ნამახვანია“. არაერთხელ განვაცხადე, –  ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველა სახის დიალოგისთვის, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესი. მგონია, კონსენსუსის და შეთანხმების გარეშე მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, ნებისმიერ პროცესში, რომ შევთანხმდეთ, შევჯერდეთ, როგორ მოხდება ამ პროექტის განხორციელება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს დახურული საკითხი, ღია ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მზად ვართ მოვისმინოთ კითხვები, საგნობრივად გავიაროთ ნებისმიერი ანგარიში თუ კითხვა ამა თუ იმ მიმართულებით, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეს საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიას თუ სხვა დაინტერესებულ პირს. მიმაჩნია, მივაღწევთ ერთიან კონსენსუსს და შეთანხმებულად ავაშენებთ, განვახორციელებთ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც ტოლი არ ჰქონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, რომელიც განამტკიცებს და გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას“.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

კომენტარები