„მინდა გამოვეხმაურო მძიმე ტრაგედიას, – ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად – ოჯახებს“ – გიორგი გახარია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე

-„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

წუხელ, გვიან ღამით, გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი,11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები