„მინდა, დავლოცო ჩვენი ახალგაზრდები, ჯარისკაცები, ასაკოვანნი და მოზარდები, პედაგოგები, მეცნიერები, ექიმები, მათ შორის, აქ მყოფნი მედიცინის სფეროს წარმომადგენლები“ – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს წმინდა ილია მართლის დღესასწაული მიულოცა.

დღეს მისმა უწმინდესობამ მიმართა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში რაიმე სახის წვლილი შეიტანა, თუნდაც ერთი ლარით.

– „გვინდა, მადლობა გადავუხადოთ და დიდი სიყვარულით დავლოცოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ წლების განმავლობაში ააგო ან შესაძლებლობისამებრ წვლილი შეიტანა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში;

ვინც თავისი საქველმოქმედო საქმიანობით გვერდში ედგა დედაეკლესიას;

ვინც ქვეყნის აღმშენებლობას უანგაროდ ემსახურა და ემსახურება.

მინდა, დავლოცო საქველმოქმედო საზოგადოება „გზა უფლისკენ“, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ეკლესიის წევრთა ჯანმრთელობისათვის;

მინდა, დავლოცო ჩვენი ახალგაზრდები, ჯარისკაცები, ასაკოვანნი და მოზარდები, პედაგოგები, მეცნიერები, ექიმები, მათ შორის, აქ მყოფნი მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც უანგაროდ მრავალი სიკეთე აქვთ ხალხისთვის გაკეთებული.

მინდა, დავლოცო ყველა ოჯახი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც მძიმე განსაცდელი შეემთხვათ. ღმერთმა მოგმადლოთ ჭირსა შიგან სასოება.

ვლოცავ იმქვეყნად წასულ ჩვენს წინაპრებს და ახლობლებს; ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულნი და სავანესა მართალთასა დააწესოს.

ვლოცავ ყველა აქ მყოფს, საქართველოს ეკლესიის ყველა ერთგულ წევრს.

ვლოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მკვიდრთ.

ვლოცავ უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ.

ღმერთმა მშვიდობა მოგვმადლოს და თავისი მოწყალებით დაიცვას საქართველო და მსოფლიო.

წმინდა ილიას მეოხებით, „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“!

გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა! გაგახაროთ მამაზეციერმა, ძემ – უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და სულმა წმინდამ, გაიხარეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!“

2 აგვისტოს ქართული ეკლესია ერთდროულად რამდენიმე თარიღს აღნიშნავს: ხსენება წინასწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა ილიასი (ჭავჭავაძისა, 1907); მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (XVIII); ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრულებული სასწაულისა, რომელი შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს (325) და ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ის ანგელოზის დღეს.

კომენტარები