„მინდა მივმართო მოსახლეობას – ადამიანებს შორის, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება საშიშ სახეს იღებს, ტელევიზიით მხოლოდ ზიზღის ენა ისმის“ – ელენე თევდორაძე

-„ადამიანებს შორის, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება საშიშ სახეს იღებს, ტელევიზიით მხოლოდ ზიზღის ენა ისმის.

ძალიან მიუღებელია ის ატმოსფერო, რაც ამ არჩევნების ირგვლივ ტრიალებს. მე, ძირითადად, ადამიანის უფლებების დამცველად ვრჩები, ძალიან მაღიზიანებს და მაშფოთებს დღევანდელი სიტუაცია, სულ ცუდის მოლოდინი მაქვს“, –  განაცხადა ყოფილმა უფლებადამცველმა, ელენე თევდორაძემ.

კითხვაზე, ვისი მხრიდან აქვს ცუდი პროცესების მოლოდინი?

-„არ მსურს რომელიმე მხარის წარმომადგენლის ამპლუაში ყოფნა.მე საერთო სიტუაცია მაღელვებს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან იქნება სიტუაციის უფრო გამწვავება, ჩემთვის მთავარია,  ადამიანები გადარჩნენ ამ სიტუაციაში. იმდენი ზიზღი გადმოდის ეკრანიდან, რის  უკანაც იგრძნობა შურისძიების მომენტი ყველა მხრიდან, ეს არის ჩემი შეგრძნება, ამიტომაც მებადება შინაგანი შიში.

მინდა მივმართო მოსახლეობას და არა პარტიებს, ძალიან გთხოვთ, იყავით ძალიან ბრძენი, ძალიან ფრთხილი, მთავარია, მოუარეთ თქვენ თავს და სამშობლოს”- განუცხადა Multimedia.ge-ს ელენე თევდორაძემ.

კომენტარები