„მინდა ჭირისუფალ ოჯახს ვუთხრა, -ნუ ენდობით შოთაძეს – ბოროტი და ნამუსგარეცხილი” – დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა ბაჩალიაშვილის მშობლებს
ე.წ. ციანიდის საქემზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მიმართავს:
-„ახლა მოვისმინე, – ბაჩალიაშვილის ოჯახი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ნდობას უცხადებს მთავარ პროკურორს. არ ვიცი რით გამოიწვია ნდობა ამ ყოვლად ბოროტმა და ნამუსგარეცხილმა ადამიანმა, მაგრამ, მე ჩემი მხრიდან, მინდა ჭირისუფალ ოჯახს ვუთხრა, შოთაძემ ჩემი ძმის დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე გაყალბების და შეკერვის უბადლო ოსტატობა აჩვენა. ეს კაცი სწორედ მნიშვნელოვანი საქმეების კვალის აბნევისთვის და ფალსიფიცირებისთვის ჰყავთ დასმული მაგ თანამდებობაზე. რაც შეეხება ამ მოკლული გოგოს საქმეს, ფაქტია, ხელისუფლების ინტერესი გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვაა, ბუნებრივია, რომ ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან ჩარეული ამ ამბავში. ასე რომ, ზუსტად ვიცი, შოთაძე ზედმიწევნით შეასრულებს მათ დაკვეთას და ოჯახის ნდობა მორიგ გაწბილებად გადაიქცევა”.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა.
-„კარგი შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს, ყველაფერზე გექნებათ პასუხიო. შეხვედრაზე ამერიკის ფედერალური ბიუროს საქმეში ჩართვის საკითხზე მივიღე პასუხი, – FBI საქმეში მეტნაკლებად ჩართულია.
პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა მისთვის დასმული შეკითხვების გამო, რომელიც დაზარალებულ მხარეს არაეთიკურად მიაჩნია, ბოდიში მოიხადა.
პოსტი არ დაუტოვებია, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ასე მითხრეს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მასზე პროკურორის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. პროკურორი საეჭვოდ მიიჩნევდა ადვოკატად მიხეილ რამიშვილს, კითხულობდა, – რატომ იცავს ოჯახს რამიშვილი და რა ჰონორარს იღებს ის.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.
ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვაც მოითხოვა.