მინისტრები რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად სოფელ ნამოხვანში გაემგზავრნენ – „ვფიქრობ, ხალხმა მიიღო ის ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებდათ“- ლევან დავითაშვილი

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მინისტრებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა დამსწრეების ყველა შეკითხვას უპასუხეს.

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების განცხადებით, ეტაპობრივად მსგავს ფორმატში ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შეხვდებიან – დეტალურად უოასუხებენ ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის ირგვლივ არსებულ კითხვებს. ჰესი საფრთხის შემცველი არ არის. მისი ნგრევის შანსი არ არსებობს.  ენერგოდამოუკიდებლობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

-„მაქსიმალური შედეგის მისაღებად გვექნება ჩვენი მაქსიმალური ჩართულობა და საზოგადოების ჩართულობაც – ეს არის, რაზეც მოსახლეობას დღეს ვესაუბრეთ და ამ საუბრებს გავაგრძელებთ მომავალშიც. ვფიქრობ, ხალხმა მიიღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც მათ აინტერესებდათ: ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე, თუ რა ტიპის გეოლოგიურ და სხვა ტიპის გარემოს ზემოქმედების კუთხით რისკებს ატარებდა პროექტი და ამაზე ისაუბრეს, მე ვფიქრობ, წამყვანმა ექსპეტებმა და ამავე დროს მივაწოდეთ ინფორმაცია, რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

-`„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, არსებობს კვალიფიციური პასუხები და მზად ვართ, გავაგრძელოთ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო, აუცილებელი, ცოტა დაგვიანებულიც – ამაში ვეთანხმები მათ, მაგრამ ამ ეტაპზეც ვფიქრობ, ძალიან დიდი დადებითი შედეგის მომტანია ასეთი კომუნიკაცია, რადგან ბევრ კითხვას, რომელიც დღეს დაისვა და ზოგადად არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, გავეცით პასუხები. დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები. მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა, ძალიან გამოცდილმა ადამიანებმა განმარტეს, რომ თუნდაც იმ გრავიტაციული კაშხლის კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია თეორიული შანსი,- მას რამე დაემართოს.

ასევე კარგად არის შესწავლილი გეოლოგია და ქანებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.  კაშხლები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.

ასევე ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი, მოგონილი ტალღა, რომელმაც, შეიძლება, დაარტყას დასახლებებს. არასწორად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაციები და შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრები შეხვედრის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად სოფელ ნამოხვანში გაემგზავრნენ, სადაც 132 დღეა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კარავში ღამეებს ათენებენ.

 ნათია თურნავამ განაცხადა, – „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა – ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს.“

კომენტარები