მირიან ნიკოლაძე – გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, არაგვის პირას განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა და ბოლოს მდინარეში დაახრჩვეს

ხუთი ადამიანიდან სამი გამოყვა გამოქცეულ ბავშვებს, ორმა მათგანმა წინიდან მოუჭრა გზა გიორგი შაქარაშვილს და ბავშვი მოაქციეს ალყაში, არაგვის პირას განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა და ბოლოს უკვე მდინარეში დაახრჩვეს, – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და მისი ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს.

მისივე თქმით, „ახვლედიანის ჩვენებამ, ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ის ექვსი პირი, ვისზეც ოჯახი ამბობს, რომ არიან გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, ნამდვილად ასეა“.

„დღესდღეობით მნიშვნელოვანი მოწმეები აკორექტირებენ თავიანთ ჩვენებებს. იქ არაფერი საწინააღმდეგო არ არის, როგორც ამასწინათ ჟღერდებოდა დიდი შეცდომით, რომ თითქოს ვიღაც თავის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა, ეს ასე არ არის.

დღესაც, იგივე ახვლედიანის ჩვენებამ, იგივე ამირხანაშვილის ბოლოდროინდელმა საგამოძიებო მოქმედებებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ის ექვსი პირი, ვისზეც ოჯახი იძახის, რომ არიან გიორგის განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირები, ეს ნამდვილად ასეა. ფაბულა ნელ-ნელა იკვეთება. ბინდით მოცული ბოლო ეპიზოდი ნელ-ნელა სიცხადეში შედის. ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ ჰქონდა ასეთ ვითარებას ადგილი – გამოკიდებული ხუთი ადამიანიდან სამი გამოყვა გამოქცეულ ბავშვებს, ამირხანაშვილს, გიორგი შაქარაშვილს და ახვლედიანს, გამოყვა ხიდის მიმართულებით, ანუ გადმოკვეთეს ხიდი, ხოლო ორი მათგანი ხიდზე გადმოსვლამდე, ისე რომ არ გადმოუკვეთავთ ავტომაგისტრალი, ჩავიდნენ ამავე მანქანების ჩამოსახვევში, ანუ წინიდან მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილს და ბავშვი მოაქციეს ალყაში. ეს ძალიან ლოგიკურიც არის. გარდა იმისა, რომ დადასტურებულია, სავსებით ლოგიკურია, რადგან ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა – იმ ღამეში, ვიწრო ბილიკზე, რატომ მიიღო ბავშვმა გადაწყვეტილება, რომ ფერდობზე დაშვებულიყო და ჩაერბინა არაგვის მიმართულებით. აი, სწორედ ამიტომ, რომ მას წინიდან გასაქცევი აღარ ჰქონდა და წინ დახვდნენ, მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს პირები ჩაყვნენ შემდგომ მას. მდინარე არაგვის პირას განახორციელეს მასზე ფიზიკური ძალადობა და ბოლოს უკვე მდინარეში დაახრჩვეს. ამ პირებმა ყველამ მიიღეს მონაწილეობა როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე მის განზრახ მკვლელობაში.

ახლა არის დანიშნული დამატებითი ექსპერტიზა. ახლა როგორც ვისმენ, ზოგადად ექსპერტების კომენტარებიდან, ცოტა რთული დასადგენია ამ დროს ბავშვი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, თუ შეეძლო რაიმე ქმედება განეხორციელებინა. დაზიანების მიყენებისთანავე ბავშვი ჩაახრჩვესდა გააყოლეს დინებას“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. იმის გამო, რომ ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან, არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, ხვალ სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელებენ, არასრულწლოვნების პროცესი კი, 31 ივლისს არის ჩანიშნული.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე.

წყარო: პირველი არხი

კომენტარები