მირიან ნიკოლაძე: „16-17 წლის მოზარდი თვითონ იძახის, ვანო მერაბიშვილის აგენტობის გარდა, არაფერი უკეთებია მამამისს – ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინ არის“

-„გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი ხდება, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტყუილად არავინ არის  დაკავებული.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები ნამდვილად მისი მკვლელები არიან.

ყველამ ნახეთ ჩანაწერები, ბუნებრივია, აქედან ნათელი გახდა, ტყუილად არავინაა დაჭერილი, დაჭერილი არიან გიორგის მკვლელები. ეს ცალსახად ჩანს, იგივე არასრულწლოვნის საუბრიდანაც, ის ამბობს, რომ შეეცადა, მაგრამ ვერაფრით შეძლო დაწყნარება, გაშველება თუ მსგავსი რამ. ანუ, მიუთითა პირდაპირ, –  გიორგის სცემდნენ მისი თანხმლები პირები. შესაბამისად, მათ მოკლეს გიორგი. ასევე უსმინეთ რევაზიშვილის შიშებს, –  ჩანთაზე არ ამოსულიყო დეენემი, ამის მოლოდინში იყვნენ და გადარჩენ,  მისი თქმით, პირდაპირი მტკიცებულება აღარ იარსებებდა. ასევე,  ყველამ ვნახეთ ის აგრესია, რაც მოდიოდა რევაზიშვილისგან მოწმის ოჯახის მისამართით, ადამიანი, რომელიც ქალზე და ბავშვზე იტყვის, უნდა შეაშინონ და ზეწოლა მოახდინონ, ის ადამიანი თუ დაინდობს 19 წლის მოზარდს, რომელზეც გამწარებულია, საცემად და მოსაკლავად მისდევს, ვინმემ მითხრას? მთლიანი ლუსტრაცია მოხდა იმის, რაც არის დღეს გამოძიების ძირითადი ვერსია. მათ თავისივე პირით დაადასტურეს, ისინი არიან მკვლელები.

ბრალდებულ ზ.ხ.-ს განცხადება, თუ მას გაამტყუნებენ, მამამისი სისხლის გუბეებს დააყენებს, ჩემთვის ეს თემა საინტერესო არ არის.

არ ვიცი, 16-17 წლის მოზარდი ვისთან ტრაბახობს იქ,  ზოგადად, რა შესაძლებლობის მატარებლები არიან, თვითონ იძახის, რომ ვანო მერაბიშვილის აგენტობის გარდა არაფერი უკეთებია მამამისს. ყველაზე რთული და ტრაგიკული ის გახლავთ, რომ ეს 16-17 წლის ბავშვი ეტრაბახება თავის თანატოლებს, მამამისი როგორ დააყენებს სისხლის გუბეებს გარეთ, ეს მისთვის არის მაგალითი, ეს არის მისთვის მისაბაძი, მისაღები და ბუნებრივია, ამით ხაზს უსვამს, თვითონ ასეთი ქმედების განხორციელებას თანხმდება, ეს არის ტრაგედია, თორემ ჩემს მიმართ რა განხორციელდება, საერთოდ არ მაინტერესებს.

ოჯახის ნდობა გამოძიებისადმი სწორი საქციელი რომ იყო, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა წუხანდელი ფირებითაც. აქ კითხვები აღარ არსებობს, საზოგადოებისთვის თუ ჯერ კიდევ არსებობდა კითხვები, წუხანდელის მერე ეს კითხვებიც აღმოფხვრილია“, – განაცხადა მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ.

მედიაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა კადრები გასაჯაროვდა, რომელიც კონკრეტულ საკნებშია გადაღებული. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მედიაში გასაჯაროებული კადრები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით, კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია.

კომენტარები