„მისი ღვაწლი უდიდესია ჩვენი ერის სულიერი ტაძრის მშენებლობის საქმეში“ – არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის ხსენების დღეს ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის ხსენების დღეს ულოცავს:

-„დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის მფარველი წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის დღეს. ნება მიბოძეთ, საქართველოს პარლამენტის სახელით მივულოცო მფარველი ანგელოზის, ილია თეზბიტელის ხსენების დღე. მისი ღვაწლი უდიდესია ჩვენი ერის სულიერი ტაძრის მშენებლობის საქმეში. დღეს იცით, რომ მსოფლიო განსაცდელშია, მსოფლიო შეცვალა ამ განსაცდელმა, ბევრი სასოწარკვეთაშია, თუმცა ჩვენ ხელისუფლების, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობით შევძელით ამ განსაცდელთან გამკლავება. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მოგილოცოთ ეს დღე და მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის. საქართველო გაერთიანდება და დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. კიდევ ერთხელ მსურს, მივულოცო კათოლიკოს-პატრიარქს ილია თეზბიტელის დღე“.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა.

მისმა უწმინდესობამ მიმართა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში რაიმე სახის წვლილი შეიტანა, თუნდაც ერთი ლარით.

პატრიარქმა მრევლს წმინდა ილია მართლის დღესასწაული მიულოცა:

-„რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო, ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ილია მართლის დღესასწაულს. დღეს ტრადიციული დღესასწაულია. დღეს ჩვენ განსაკუთრებული ლოცვა წარმოვთქვით, რომ იყოს კავშირი თაობათა შორის. უფროსმა თაობამ უნდა გადასცეს ახალ თაობას თავისი გამოცდილება, თავისი საქმე. ახალგაზრდებს ვუსურვებ, რომ პატივი სცენ მამასა და დედასა თვისსა, უფროსს თაობას, რათა დღეგრძელი იყვნენ და კეთილდღეობა სუფევდეს მათთან. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენ რთულ დროს ვცხოვრობთ, მაგრამ ღვთის ძალითა და მადლით ყველაფერი დაიძლევა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და მსოფლიოს მფარველი. უფალმა გაკურთხოთ ერი თვისი მშვიდობით.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ და დიდი სიყვარულით დავლოცოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ წლების განმავლობაში ააგო ან შესაძლებლობისამებრ წვლილი შეიტანა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში;

ვინც თავისი საქველმოქმედო საქმიანობით გვერდში ედგა დედაეკლესიას;

ვინც ქვეყნის აღმშენებლობას უანგაროდ ემსახურა და ემსახურება.

მინდა, დავლოცო საქველმოქმედო საზოგადოება „გზა უფლისკენ“, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ეკლესიის წევრთა ჯანმრთელობისათვის;

მინდა, დავლოცო ჩვენი ახალგაზრდები, ჯარისკაცები, ასაკოვანნი და მოზარდები, პედაგოგები, მეცნიერები, ექიმები, მათ შორის, აქ მყოფნი მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, რომელთაც უანგაროდ მრავალი სიკეთე აქვთ ხალხისთვის გაკეთებული.

მინდა, დავლოცო ყველა ოჯახი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც მძიმე განსაცდელი შეემთხვათ. ღმერთმა მოგმადლოთ ჭირსა შიგან სასოება.

ვლოცავ იმქვეყნად წასულ ჩვენს წინაპრებს და ახლობლებს; ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულნი და სავანესა მართალთასა დააწესოს.

ვლოცავ ყველა აქ მყოფს, საქართველოს ეკლესიის ყველა ერთგულ წევრს.

ვლოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მკვიდრთ.

ვლოცავ უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ.

ღმერთმა მშვიდობა მოგვმადლოს და თავისი მოწყალებით დაიცვას საქართველო და მსოფლიო.

წმინდა ილიას მეოხებით, „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“!

გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა! გაგახაროთ მამაზეციერმა, ძემ – უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და სულმა წმინდამ, გაიხარეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!“

2 აგვისტოს ქართული ეკლესია ერთდროულად რამდენიმე თარიღს აღნიშნავს: ხსენება წინასწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა ილიასი (ჭავჭავაძისა, 1907); მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (XVIII); ხსენება თხოთის მთასა ზედა აღსრულებული სასწაულისა, რომელი შეემთხვა წმ. მეფესა მირიანს (325) და ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ის ანგელოზის დღეს.

კომენტარები