მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელი (გვილავა) სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. მიტროპოლიტმა ბრძანება ქადაგებისას წაიკითხა.

“განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი (გვილავა), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ მონაზონი დანიელ გვილავა”. – თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მისივე თქმით, იღუმენი დანიელს ბრალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისისთვის და სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისთვის ედება, რაც გამოვლინდა სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების აღწერის ან გადმობარების მიზნით შექმნილი გადმობარების კომისიის მიმართ მიზანმიმართულ და უხეშ წინააღმდეგობაში.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი.

 

წყარო: “tabula.ge”.

კომენტარები